ადამიანი რომ ვიღაცას ან რაღაცას უღალატებს, ის მერე ყველაფერს იკადრებს და ყველაფრის კადრების მასტერკლასი ძალიან სამწუხაროდ, დღეს ამ წინა რიგებიდან ვნახეთ - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, პარტიები „საქართველოსთვის“ და „ლელო“ ლეღვის ფოთლებად გამოიყენება და არანაირი რეიტინგი იმაზე არ მეტყველებს, რომ ნაცების „კონსტრუქციულობა“ და ამათი ლეღვის ფოთლობა შედეგს მოიტანს.
„რაც შეეხება იმ რადიკალურ, ახლად გამოჩენილ ოპოზიციას, რომელიც მართლაც ლეღვის ფოთლებად გამოიყენება, შემთხვევით არ ვამბობ ამას, თუმცა, მათ უნდათ რომ იმ ლეღვის ფოთოლს ჭინჭრის მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს, მაგრამ ეს ხომ დადგმულია? არანაირი რეიტინგი იმაზე არ მეტყველებს, რომ ნაცების „კონსტრუქციულობა“ და ამათი ლეღვის ფოთლობა შედეგს მოიტანს. ამიტომ, როდესაც „ქართულ ოცნებაზე“ ლაპარაკობენ იქიდან ღალატით წასული ადამიანები და ადამიანი რომ ვიღაცას ან რაღაცას უღალატებს, ის მერე ყველაფერს იკადრებს და ყველაფრის კადრების მასტერკლასი ძალიან სამწუხაროდ დღეს ამ წინა რიგებიდან ვნახეთ. მართლა გულსატკენია, როდესაც შენი თანაგუნდელი იყო, ამ მოწვევის პარლამენტში შემოვიდა შენთან ერთად შენი პროპორციული სიით ადამიანი და შემდეგ ნაცზე უფრო ნაცი ხდება და ნაცზე უფრო უკადრებელს კადრულობს, იმიტომ, რომ გონია ღალატი შერჩათ, ამიტომ კადრულობენ. მე მათი მხრიდან მოვერიდებოდი ამ ყველაფერს, მათზე ვერაფერი ვეღარ იმოქმედებს პოზიტიურად“ , - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
რაც შეეხება „ლელოს“, მამუკა მდინარაძის თქმით, "ლელომ" ყველაფერი შეიძლება ახსენოს, სიტყვა თაღლითობის გარდა.
„არ შეიძლება ამის არ თქმა - „ლელომ“ ყველაფერი შეიძლება ახსენოს, სიტყვა „თაღლითობა“ არ უნდა ახსენოს. უნდა მიხვდეს, რომ სიტყვა თაღლითობა არ უნდა ახსენოს, რაც დაუდგინა სასამართლომ. წინა დღეებში არგუმენტი იყო, სასამართლომ გათეთრება ხომ არ დაადგინაო, არა, გათეთრება არ იყოო, თქვა სასამართლომ, იყო თაღლითობაო. მათ თავის დროზე განავითარეს ვერსია, იურიდიულ კომიტეტზე მოხდა ეს ამბავი, მამუკა ხაზარაძე ამტკიცებდა 17 მილიონი ისე ვისესხე ჩემი მეგობრისგან, წერეთლისგანო, რომ იმ დღეს ქონია თურმე გამოტანილი 17 მილიონი ჩემი ბანკიდანო, არც მითხრა და წლების მერე გავიგეო. ამისი მამტკიცებელი ხალხი და მისი ჯგუფი ცდილობს, რომ საზოგადოების ნდობა მოიპოვოს. წარმოუდგენელია, აქ გულწრფელობაზე აღარ არის საუბარი, ეს არის ერთი მხრივ მავნებლობა, პოლიტიკური, ჩვეულებრივი თაღლითობა, რომელიც სასამართლომ დაადგინა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.