დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი - უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა მოქმედი წესით, იქნება ევროკომისიის რეკომენდაციის განგებ შეუსრულებლობის დემონსტრირება და ევროინტეგრაციის სურვილის წინააღმდეგ დემარში

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის სამ ვაკანსიაზე დასანიშნად პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესარჩევი პროცედურა დაიწყო.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ორ ვაკანსიაზე კონკურსი ვაკანსიის წარმოშობამდე 10 თვით ადრეა გამოცხადებული.

„საქართველომ ევროინტეგრაციის მიზნებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს 2023 წლის 8 ნოემბრის გაფართოების ანგარიშით დადგენილი 9 დათქმის ფარგლებში. გაფართოების ანგარიშის 2.2.1. პარაგრაფში საქართველოს მიცემული აქვს რეკომენდაცია უზენაეს სასამართლოში დასანიშნი კანდიდატების, ისევე როგორც თავად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიმართ ჩაატაროს კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო პროცედურა, რომლის მიხედვით, კანდიდატთა კეთილსინდისიერება საერთაშორისო ექსპერტთა მიერ უნდა შეფასდეს.

საგანგებო პროცედურით კანდიდატების შემოწმებისთვის საჭირო საკანონმდებლო ბაზის მომზადება პარლამენტს ჯერ არ დაუწყია, არც საპარლამენტო უმრავლესობას განუცხადებია საჯარო მზაობა ამისთვის.

საქართველოს პარლამენტმა არ უნდა დაუშვას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა საგანგებო პროცედურის გარეშე, მით უმეტეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ მოქმედი წევრების მიერ, ვისი კეთილსინდისიერების შემოწმებაც ასევე რეკომენდებულია ევროკომისიის მიერ.

უზენაეს სასამართლოში ახალი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა მოქმედი წესით, საგანგებო პროცედურების შემოღების გარეშე, იქნება ევროკომისიის რეკომენდაციის განგებ შეუსრულებლობის დემონსტრირება, რის შედეგადაც მოსალოდნელია საქართველოს ევროინტეგრაციის არსებითად და გაუმართლებლად შეფერხება, რაც იქნება საქართველოს მოსახლეობის ევროინტეგრაციის სურვილის წინააღმდეგ სამწუხარო დემარში.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს: დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა გაფართოების ანგარიშის 2.2.1. პარაგრაფის მიხედვით მოსამართლის კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო პროცედურის შემუშავებაზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები არსებული ხარვეზიანი პროცედურით, კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო პროცედურის წარმატებით გავლის გარეშე არ დანიშნოს“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი მართლმსაჯულების სისტემის პროფესიონალებისგან (ადვოკატები, ყოფილი მოსამართლეები, სამართლის ექსპერტები) შემდგარი ჯგუფია, რომლის მიზანია საქართველოს სასამართლო სისტემის გაჯანსაღება საზოგადოებასთან დიალოგის და ადვოკატირების გზით.

დამოუკიდებელი ჯგუფის წევრები არიან: იოსებ ბარათაშვილი (ადვოკატი), მაია ბაქრაძე (ყოფილი მოსამართლე, ადვოკატი), თამარ გეგელია (სამართლის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი), ირაკლი გაბრიჩიძე (ადვოკატი) ლევან თოთლაძე (საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი), ირმა კაკიაშვილი (იურისტი), ირაკლი კორძახია (ადვოკატი), უჩა ნანუაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრი (ყოფილი სახალხო დამცველი), ზაზა ხატიაშვილი (ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე) ადვოკატი, ეკა ციმაკურიძე (იურისტი, დემოკრატიის ინდექსი), ბესიკ ლოლაძე (პროფესორი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე), თამარ ლალიაშვილი (პროფესორი, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე), ბესიკ სისვაძე (ყოფილი მოსამართლე, ადვოკატი), ლია მუხაშავრია (ადამიანის უფლებების პრიორიტეტი), ნათია ქუთათელაძე (დამოუკიდებელი ექსპერტი, ყოფილი მოსამართლე), ირაკლი შავაძე (ადვოკატი, ყოფილი მოსამართლე), თეა ხამხაძე (ადვოკატი, ყოფილი მოსამართლე), თამაზ ჯალიაშვილი (ადვოკატი, ყოფილი მოსამართლე), დავით ჯანდიერი (იურისტი, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე), კახა წიქარიშვილი (მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის ყოფილი წევრი).

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით