რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ვაპირებთ გავაგრძელოთ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზაციის ხელშეწყობა - ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში რთული პერიოდი დაძლეულია

რუსეთი, დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებშიც, აპირებს საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზაციის ხელშეწყობა გააგრძელოს.

ამის შესახებ რუსულ სახელმწიფო გამოცემა TASS-თან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ გალუზინმა განაცხადა.

“რაც შეეხება თბილისთან დიპლომატიურ ურთიერთობებს, როგორც ცნობილია, ის 2008 წელს [მიხეილ] სააკაშვილის რეჟიმის ინიციატივით გაწყდა. სამწუხაროდ, მათი აღდგენის შესაძლებლობა პოლიტიკურ მოთხოვნებს ექვემდებარება, რომლებიც ეწინააღმდეგება რეგიონის ახალ რეალობას“, - აღნიშნა გალუზინმა და დასძინა: „დიპლომატიური ურთიერთობების ნაკლებობის მიუხედავად, ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზაციის ხელშეწყობა”.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა რუსეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთქმედების პოზიტიურ დინამიკაზე.

„საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული ხაზის წყალობით, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში რთული პერიოდი, რომელიც გამოწვეული იყო 2019 წელს ქართველი რადიკალების ცნობილი პროვოკაციით, დაძლეულია“, - განაცხადა გალუზინმა.

მისივე თქმით, რუსეთმა გასულ წელს სავიზო რეჟიმი გააუქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის და პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა აღადგინა.

რუსი დიპლომატის განცხადებით, რუსეთის ნაბიჯები დადებითად მიიღო მთავრობამ და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ.

„გასულ წელს საქართველოს რუსეთიდან 1,4 მილიონზე მეტი სტუმარი ეწვია. რუსები საქართველოს ეკონომიკის ტურისტული სექტორის შემოსავლის მეოთხედს უზრუნველყოფენ”, - დასძინა მან.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს