ძალიან ნათელია „ლელოს“ კამპანია - ბიძინა ივანიშვილი 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ იქნება მოსკოვში იმიტომ, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მას აღარ დარჩება არანაირი სურვილი ამ ქვეყანაში იცხოვროს, მაშინ, როდესაც მოხდება გამოძიება იმ დანაშაულებისა, რაც მათ აქვთ ჩადენილი, - ამის შესახებ „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
კუპრაძის თქმით, როცა „ქართული ოცნების“ ლიდერები „მადლობას იხდიან“, რომ მათ არჩევნების შემდეგ „არ გააციმბირებენ“, უნდა ახსოვდეთ, რომ მმართველი პარტიის პოლიტიკამ უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში ასობით ათასი ადამიანი „გააციმბირა“, აიძულა რა ისინი ემიგრაციაში წასულიყვნენ.
„ძალიან ნათელია „ლელოს“ კამპანია - ბიძინა ივანიშვილი 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, იქნება მოსკოვში და არა გავაძევებთ მოსკოვში, იმიტომ, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მას აღარ დარჩება არანაირი სურვილი ამ ქვეყანაში იცხოვროს, მაშინ, როდესაც მოხდება გამოძიება იმ დანაშაულებისა, რაც მათ აქვთ ჩადენილი. გასაჯაროვდება ყველა კორუფციული აქტი, რომელსაც, სხვათა შორის, პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომებზე მალავდა და ასაიდუმლოებდა. მოხდება დადგენა იმ სასამართლო საქმეებზე გაყალბებების, მანიპულაციებისა და დაკვეთებისა, რასაც „ქართული ოცნება“ ეწეოდა. მოხდება იმ ინფორმაციის გაჟღერება, როგორ თანამშრომლობენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და ლიდერები რუსულ სპეცსამსახურებთან. ამ პროცესების შემდეგ, ცხადი იქნება, რომ მას აქ ყოფნის სურვილი არ ექნება. მისთვის ყველაზე ახლო ქვეყანა შინაარსობრივად, ქცევით, ცხოვრების სტილით არის რუსეთი და კი, ბიძინა ივანიშვილს მოუწევს რუსეთში ყოფნა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ და ეს ცხადია.
„ქართულმა ოცნების“ ლიდერები როცა ამბობენ, „მადლობა, რომ გაციმბირებას არ გვიპირებთო“, „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი პოლიტიკით გააციმბირა ამ ქვეყნიდან ასი ათასობით საქართველოს მოქალაქე, რომელიც იძულებული გახდა, რომ წასულიყო ამ ქვეყნიდან. ჩვეულებრივად გააციმბირა ახალგაზრდები - 2020 წლიდან 2022 წლამდე 70 ათასი ახალგაზრდაა წასული ამ ქვეყნიდან. მე საერთოდ არ ვფიქრობ, რომ ძალიან დამენანებოდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ლიდერები სადმე გასაშვებად, რომლებმაც კორუფციით გაძარცვეს ეს ქვეყანა.
ამ ქვეყანაში სამართლიანობის სერიოზული პრობლემაა. „ქართული ოცნება“ მოვიდა სამართლიანობის აღდგენის დაპირებით და რა გააკეთა - ყველას გაურიგდა, დამნაშავე მოსამართლეები და პროკურორები გადაიბარა, მურუსიძე-ჩინჩალაძე ჯიბეში ჩაისვა, ის ადამიანები, რომლებსაც სისტემურ დანაშაულში მიუძღოდა წვლილი „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, დააწინაურეს სათითაოდ და კი, სამართლიანობის აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანია და მხოლოდ იმის თქმა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერობიდან გადააყენა და გააბუნძულა სახლში ბიძინა ივანიშვილმა, ჩემთვის არ არის დამაკმაყოფილებელი, მაშინ, როცა გამდიდრდა საქართველოს ბიუჯეტის ხარჯზე, მხოლოდ თვითონ კი არა საკუთარი სიდედრი, სიმამრი, ცოლის ძმა, ცოლის ბიძაშვილები და პასუხები არ მოითხოვოთ ამ ადამიანებს?“ - განაცხადა კუპრაძემ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კორუფციას ვერ დაუპირისპირდება, რადგან ეს მათთვის ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს.
„ქართული ოცნება“ ვერ შეებრძოლება კორუფციას მარტივი მიზეზის გამო, ეს არის სისტემური სახის კორუფცია, სადაც ყველა გასვრილია ამ ცუდ საქმეებში, მაღალ რგოლს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა.
ეს არის ფასადური ცვლილებები, თითქოს და ვიღაც დაისაჯა. დაისაჯა ლელა ჩიქოვანი? უფრო მაღალ ხელფასზე გადაიყვანენ სადღაც სემეკსა და მარეგულირებელ კომისიებში. 2012 წელს ხელისუფლება რომ გადმოიბარეს, ვინც უნდა დაესაჯათ, ისინი დააწინაურეს და ესენი საკუთარი პარტიისა და გუნდის წევრებს მოსთხოვენ პასუხს? ვერ მოსთხოვენ, იმიტომ, რომ რგოლია, სადაც კორუფცია ხდება. ერთი ადამიანი რომ დააკავონ, შემდეგ ის ალაპარაკდება სხვაზე და ჩამოექცევათ თავზე მთელი ხუხულა, რაც აწყობილი აქვთ და ამ პრინციპით, წარმოუდგენელია კორუფციულ ცვლილებებზე საუბარი“,- განაცხადა კუპრაძემ.