ლევან დავითაშვილმა კორპორაცია Emaar Properties-ის დამფუძნებელთან საქართველოში მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესაძლებლობა განიხილა

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა კორპორაცია Emaar Properties-ის დამფუძნებელ მუჰამედ ალი რაშედ ალაბართან კორპორაციის საქართველოს ბაზარზე შემოსვლისა და მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესაძლებლობის საკითხები განიხილა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, შეხვედრა ლევან დავითაშვილის არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, მასში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილეები მარიამ ქვრივიშვილი და გენადი არველაძე.

ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ეკონომიკის მიმდინარე ტენდენციები და სამომავლო განვითარების პერსპექტივები, საქართველოს დელეგაციის წევრებმა ასევე ყურადღება გამახვილეს ლიბერალურ საგადასახადო სისტემასა და მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე. შეხვედრის მიმდინარეობისას მხარეებმა ასევე ისაუბრეს კორპორაცია Emaar Properties-ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლისა და მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესაძლებლობაზე.

აღსანიშნავია, რომ Emaar Properties-ი უძრავი ქონების განვითარების მულტიეროვნული კომპანიაა, რომელიც აზიის, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის არაერთ ქვეყანაში ოპერირებს და მილიარდობით აქტივებს ფლობს მსოფლიო მასშტაბით, მუჰამედ ალი რაშედ ალაბარი კი მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობის – „ბურჯ-ხალიფას“ მფლობელია. როგორც საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, საქართველოში ისეთი მსხვილი კორპორაციის შემოსვლა, როგორიცაა Emaar Properties, დამატებით სტიმულს მისცემს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გაზრდას, საქართველოსადმი ნდობას არამხოლოდ საამიროებში, არამედ ყურის და სხვა ქვეყნებში.

„ჩვენთვის პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოში მსგავსი რანგის კომპანიის შემოსვლა, რომელიც ეკონომიკის ბევრი მიმართულებით, ერთიანი პროექტის ფარგლებში განახორციელებს მსხვილ ინვესტიციას. ეს დადებითად აისახება საქართველოს ეკონომიკაზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ახალ მიმართულებებზე“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

უწყების განმარტებით, კორპორაცია Emaar Properties-ის დამფუძნებელმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო რჩება საინვესტიციოდ ერთ-ერთ საინტერესო და მოწინავე მიმართულებად, მათ შორის ვაჭრობის, ტურიზმის და ავიაციის კუთხით. მუჰამედ ალი რაშედ ალაბარის განცხადებით, მსგავსი სახის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობას, ასევე გააძლიერებს სავაჭრო-ეკონომიკურ და საინვესტიციო თანამშრომლობას.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე