ყველა ჩემს განცხადებაზე პასუხს ვაგებ, ამიტომ არ მიკვირს მათი პოზიციებიც, იმედია ყველაფერი ძალიან მალე გაირკვევა,- ამის შესახებ მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა პეტრე კვარაცხელიამ “ამბები.ჯი“-სთან კომენტარში განაცხადა. დეკანოზს „ამბები.ჯი“ სინოდალური კომისიის გადაწყვეტილებსთან დაკავშირებთ დაუკავშირდა, რომლის თანახმად, კომისია პატრიარქს დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის მომავალ სხდომამდე მღვდელმოქმედების შეჩერებაზე შუამდგომლობით მიმართავს.
დეკანოზი კვარაცხელია განმარტავს, რატომ ვერ დაესწრო კომისიის სხდომებს და აცხადებს, რომ ამჟამად საქართველოში არ იმყოფება, თუმცა ჩამოსვლის შემდეგ, ყველა კითხვას პასუხს გასცემს. ამასთან დეკანოზი აღნიშნავს, რომ მასაც აქვს კითხვები.
„დიახ, მე ამჯერად ვიმყოფები ინგლისში, ჩემი დის ოჯახში, რომლის მეუღლეც არის, დეკანოზი ილია ჭიღლაძე, ალბათ, გსმენიათ ამასთან დაკავშირებით. დღეს ჩამოვფრინდი. ორჯერ იყო თხოვნა საპატრიარქოდან, რომ მივსულიყავი. პირველად ვიყავი ისრაელში, როდესაც დამიკავშირდნენ და ვერ ჩამოვიდოდი, ჩემი განრიგი მქონდა. რომ ჩამოვედი და შეხვედრა ვითხოვე, ე.წ. ღორის გრიპის პერიოდი იყო და პრაქტიკულად დაუძლურებული ვიყავი, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც ვაპირებდი მისვლას. დავუკავშირდი მამა ანდრია ჯაღმაიძეს და მივწერე წერილი, გამოკეთდი და შემდეგ შევხვდეთო.
ამის მერე, მოხდა ისე, რომ მამა მიქაელ ბოტკოველს დავუკავშირდი, როდესაც უცხოეთში ვიყავი და ვუთხარი, რომ ჩამოსვლისთანავე თუ მოხდება ეს შეხვედრა, აუცილებლად მოვალ და თუ არადა საბერძნეთის ემიგრაციასთან არის შეხვედრა ჩემი და ამას ვერ ჩავშლი-მეთქი, მაშინ შემდეგ მოხდესო შეხვედრა. საბერძნეთიდან რომ დავბრუნდი, ვუთხარი ჩემს დასთან მივდივარ-მეთქი, წასვლის თარიღიც ვუთხარი, დღევანდელ დღეს სამშაბათს უნდა დავებარებინე და მივსულიყავი მანდ. ვუთხარი, რომ ორშაბათს ღამე ბილეთი აღებული მქონდა და ხუთშაბათს დამირეკეს, ვთხოვე, რომ იქამდე ნებისმიერ დროს მივიდოდი, ოღონდ სამშაბათს ვერ მოვალ ბილეთი აღებული მაქვს-მეთქი. აქ არ ვაპირებ დარჩენას, ჩამოვალ და შევხვდები აუცილებლად. მათ მიერ დასმულ ყველა კითხვას გავცემ პასუხს. მეც მაქვს კითხვები და იმედია ისინიც გასცემენ პასუხს.
ეს არის ჩვეულებრივი მდგომარეობა, არაფერი მიკვირს. ეს არის მოცემულობა, რომელსაც ჩვეულებრივად ვიღებ. არ ვიცი, რა გითხრათ, ეს არის, ვფიქრობ, ის რასაც ველოდი” ,- აღნიშნავს დეკანოზი.
ამასთან, დეკანოზს კითხვა დაუსვეს თუ რას გულისხმობს საპატრიარქო „სასულიერო პირისთვის შეუფერებელი ქმედებებში“.
„ის, რომ მკვეთრი განცხადებებით გამოვირჩევი, ის, რომ ბევრი ისეთი განცხადება გავაკეთე, მათთვის მიუღებელია, თუმცა ყველა ჩემს განცხადებაზე პასუხს ვაგებ და შესაბამისად ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი. ამ განცხადებებიდან გამომდინარე, ყოველთვის ვაგებ პასუხს ყველას წინაშე, ამიტომ არ მიკვირს მათი პოზიციებიც. იმედია ყველაფერი ძალიან მალე გაირკვევა. ეს დღეები მე ვერ ჩამოვალ საქართველოში, 15 დღე ბრიტანეთში ვრჩები”, - დასძინა მან.
ცნობისთვის, სინოდალურმა კომისიამ პატრიარქს მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმსახურის, დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის მომავალ სხდომამდე მღვდელმოქმედების შეჩერების შესახებ შუამდგომლობით მიმართა. კერძოდ, საპატრიარქო განმარტავს, რომ კვარაცხელია მღვდლისთვის შეუფერებელი ქმედებებისა და გამონათქვამების გამო რამდენჯერმე იყო დაბარებული კომისიაზე, მაგრამ დეკანოზი არ გამოცხადდა, მისი არგუმენტები კი კომისიამ არასაპატიოდ მიიჩნია.