ჩვენი მიზანია, კანონმდებლობა საექიმო და საექთნო სპეციალობებთან მიმართებით შესაბამისობაში იყოს ევროკავშირის დირექტივებთან - სამუშაო, რომელიც დაიწყება, მთლიანად იქნება ამაზე მიმართული, რომ მოდელი, რაც ჩამოყალიბდება პოსტდიპლომური განათლების, რეზიდენტურის პროგრამების, უწყვეტი განათლების სისტემის მორგებული იყოს ევრო დირექტივებზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე განაცხადა, სადაც სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშს განიხილავენ.
გაბუნიას განცხადებით, საჭიროებებს, რომელიც აუდიტის ანგარიშში ამ მიმართულებით არის დასახული, იზიარებს და მოქმედების გეგმაც შესაბამისად ჩამოყალიბდება.
„რაც შეეხება უწყვეტი სამედიცინო განათლების, პოსტდიპლომური განათლების და საერთოს ექიმების და ექთნების განათლების თემაზე შესაბამისი ახალი სტანდარტების შემოღებას - ჩვენ ევროკავშირის ასოცირების პროცესში გვაქვს მიზანი, რომ ჩვენი კანონმდებლობა საექიმო და საექთნო სპეციალობებთან მიმართებით, რომლებიც რეგულირებადი სპეციალობებია, იყოს შესაბამისობაში ევროკავშირის დირექტივებთან. ამდენად ის სამუშაო, რომელიც დაიწყება მთლიანად იქნება ამაზე მიმართული, რომ მოდელი რაც ჩამოყალიბდება პოსტდიპლომური განათლების, რეზიდენტურის პროგრამების, უწყვეტი განათლების სისტემის იყოს მორგებული ევრო დირექტივებზე და ამაში კრიტიკული მნიშვნელობა ექნება პროფესიული ასოციაციების მონაწილეობას, რადგან ესეც არის ერთი დიდი სერიოზული პლატფორმა, რომლის აქტიური ჩართულობის გარეშე პროფესიული განათლების პროცესი ვერ წარიმართება ვერც ექიმებისთვის, ვერც ექთნებისთვის და კიდევ პარა მედიკოსები დაგვემატა სისტემაში როგორც რაგულირებადი სპეციალობა. ამდენად, ჩვენ ვიზიარებთ ამ საჭიროებებს, რაც დასახულია აუდიტის ანგარიშში და მოქმედების გეგმაც ჩამოყალიბდება შესაბამისად“, - განაცხადა გაბუნიამ.
აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მოპოვების მექანიზმები რიგ ნაკლოვანებებს შეიცავს. კერძოდ, საკვალიფიკაციო ტესტების უმეტესობა 2001 წლიდან განახლებულია მხოლოდ 4-ჯერ, ხოლო გარკვეული სპეციალობების ფარგლებში არ შესულა ცვლილებები, საგამოცდო ტესტების სრული რაოდენობის 75-80% გამოცდის თარიღამდეა ხელმისაწვდომი. ანგარიშის თანახმად, საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო ტესტების დამტკიცებისა და შესყიდვის პროცესში არ ხორციელდება ხარისხობრივი ნაწილის შესწავლა და მონიტორინგის პროცესი მოიცავს მხოლოდ ტექნიკური მხარის შემოწმებას. ამასთანავე, სასერტიფიკაციო გამოცდა ტარდება მხოლოდ ტესტებით, სადაც მითითებულია ოთხი სავარაუდო პასუხი და არ ხდება გამოსაცდელის პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეფასება;
ამავე ანგარიშის თანახმად, უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის დანერგვა, რომელიც სამინისტრომ 2018 წლიდან დაიწყო, მნიშვნელოვანი წინაპირობაა სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლების უზრუნველყოფისათვის, თუმცა არსებული სისტემა შეიცავს ნაკლოვანებებს. კერძოდ, ანგარიშის თანახმად, უწყვეტი სამედიცინო განათლება არ არის სავალდებულო ყველა მიმართულების პერსონალისთვის და განსაზღვრულია მხოლოდ ზოგიერთი სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებისათვის.ამავე დოკუმენტის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით დაბალია პროფესიულად აქტიური ექიმების ჩართულობა უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამებზე როგორც სავალდებულო, ისე არასავალდებულო ნაწილში.