საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ხელმძღვანელობით საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის მოხსენება მოისმინა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის დირექტორი, პროფესორი ვაჟა პაპასკირი, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული არჩევნების ფარგლებში, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ხელმძღვანელობით აკადემიური საბჭოს და ფაკულტეტების წარმომადგენლების წინაშე მოხსენებით წარსდგა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, გასული 4 წლის განმავლობაში, ბიბლიოთეკაში მიმდინარე პროცესები და ასევე, სამომავლო გეგმები.

ვაჟა პაპასკირმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს, რექტორს, პროფესორ-მასწავლებლებს მხარდაჭერისათვის. როგორც ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა და ამასთანავე, ამ თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული არჩევნებში მონაწილე ერთადერთმა კანდიდატმა განაცხადა, სტუ-ის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი წიგნსაცავია. ბიბლიოთეკის უნივერსალური ფონდი შედგება სასწავლო, სამეცნიერო და მხატვრული გამოცემებისგან. მათ შორისაა ისეთი უნიკალური (რარიტეტული) გამოცემები, რომელთა უმრავლესობა მხოლოდ ამ ბიბლიოთეკაშია დაცული და უიშვიათეს ეგზემპლარებს წარმოადგენს, კერძოდ, დაცულია XVIII, XIX და XX საუკუნეების ტექნიკური, საინჟინრო და ჰუმანიტარული სპეციალობის ქართული, ევროპული და ამერიკული გამოცემები. ფონდში ასევე დაცულია ფრანგული, გერმანული, რუსული და ინგლისური საინჟინრო და საისტორიო ხასიათის პერიოდული გამოცემები, რომლებიც ფასდაუდებელია ტექნიკის (და არამხოლოდ) ისტორიის განვითარების უწყვეტი პროცესის წარმოსადგენად. ამავე ფონდში შეხვდებით ბროკგაუზისა, ლარუსის, გრანტის უნიკალურ ენციკლოპედიებს. ბიბლიოთეკის წიგნსაცავში დაცული ლიტერატურა ქართულ, ინგლისურ, რუსულ, გერმანულ, ფრანგულ და სხვა ენებზეა შექმნილი. მათი საერთო ოდენობა რამოდენიმემილიონ საბიბლიოთეკო ერთეულს შეადგენს, რომელთა შორისაა როგორც წიგნები, ასევეა პერიოდული გამოცემებიც. ბიბლიოთეკის ფონდის მნიშვნელოვანი ნაწილია წიგნებისა და ჟურნალების ელექტრონული ბაზა.

სტუ-ის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის განცხადებით, ნებისმიერი მომხმარებლისთვის უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია ბიბლიოთეკის ელექტრონული კატალოგი და ლიტერატურის ელექტრონული საძიებო სისტემა, ამასთან, სტუდენტებსა და პერსონალს აქვთ წვდომა Elsevier-ის მიერ შემოთავაზებულ პროდუქტებზე -სამეცნიერო ბაზებზე: ScienceDirect და Scopus, ასევე სტუ-ის მიერ შესყიდულ ბაზებზე: Heinonline, Cambridge University Press, Royal Society Publishing – journals, IMF eLibrary, IMechE Journals, Openedition Journals, Mathematical Sciences Publishers, SAGE Journals, Edward Elgar Publishing, Duke University Press, European Respiratory Journal, The Company of Biologists' Journals.

„დიდი პატივი და უდიდესი მოტივაციაა კიდევ ერთხელ მივიღო მონაწილეობა საპასუხისმგებლო პოზიციის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში ჩემს მშობლიურ უნივერსიტეტში. მადლობას მოვახსენებ რექტორს და ყველა იმ პირს, ვინც საშუალება მოგვცა საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში დაგვენერგა ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა KOHA (ელექტრონული კატალოგი), რისი საშუალებითაც შესაძლებელია ბიბლიოთეკაში არსებული ლიტერატურის (როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული) მოძიება. სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს/თანამშრომლებს აქვთ შეუფერხებელი წვდომა საბიბლიოთეკო ერთეულებთან, რომლებიც ატვირთულია ელექტრონულ კატალოგში. აღნიშნული სისტემა უზრუნველყოფს საბიბლიოთეკო რესურსებისა და სერვისების ეფექტურ გამოყენებას. ბაზა მუდმივად განახლებადია. საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა მოიცავს მიწისქვეშა წიგნსაცავებს, ბიბლიოთეკაში ფუნქციონირებს პერიოდული გამოცემების დარბაზი, ჰუმანიტარულ-მეცნიერებათა, ტექნიკურ-მეცნიერებათა, ელექტრონული წიგნის დარბაზები. ასევე, საკონფერენციო დარბაზი, სადაც 100 კომპიუტერია განთავსებული. ბიბლიოთეკა სრულად დაფარულია ინტერნეტის ქსელით. გარდა კლასიკური საბიბლიოთეკო მომსახურებისა, სტუ-ის ბიბლიოთეკა თავისი ფილიალებით ახორციელებს ან თანამონაწილეა მრავალი სასწავლო-სამეცნიერო ღონისძიებებისა როგორც საუნივერსიტეტო მასშტაბით, ასევე ქვეყნისა და საერთაშორისო დონეზე. ჩემი ახალი ვადით არჩევის შემთხვევაში, მინდა დაგარწმუნოთ, რომ საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა კვლევაც იქნება საუნივერსიტეტო სასწავლო და სამეცნიერო ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, რომელიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს იმ დიდ და საშურ საქმეს, რომელიც ახალგაზრდების სწორი და პროფესიული ცოდნით შეიარაღებაა, რათა თითოეულმა მათგანმა იპოვოს ის სამოქმედო არეალი, რომლის ფუნდამენტიც ტექნიკურმა უნივერსიტეტმა შეუქმნა“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში ვაჟა პაპასკირმა.

სტუ-ის ინფორმაციით, შეხვედრის დასასრულს ვაჟა პაპასკირმა აკადემიური საბჭოს წევრების კითხვებს გასცა პასუხები.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა