„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ პარლამენტს მოუწოდებს, „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების მიღებაზე უარი თქვას

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიაჩნია, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დაგეგმილი ცვლილებები, რომლითაც ცესკო-ს დაკომპლექტების წესი იცვლება, წინააღმდეგობაშია ევროკომისიის მოთხოვნებთან.

როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე, ეკა გიგაურმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ცვლილებები არ ითვალისწინებს ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის არცერთ რეკომენდაციას.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, უარი თქვას აღნიშნული კანონპროექტის მიღებაზე.

"კანონპროექტი ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის დასკვნას, ის ასევე წინააღმდეგობაში მოდის ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 9 ნაბიჯთან, რომლებიც სხვა მოთხოვნებთან ერთად, ეუთო/ოდირის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინებას, საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას მოითხოვს. კანონპროექტი, მიღების შემთხვევაში, გააგრძელებს მმართველი პარტიის მიერ ძალაუფლების სრული კონცენტრაციის ტენდენციას, შეუნარჩუნებს მას ცესკოს პროფესიული წევრების არჩევის შეუზღუდავ უფლებამოსილებას და სრულ კონტროლს საარჩევნო ადმინისტრაციის მთელ ვერტიკალზე. მიგვაჩნია, რომ არსებული სახით კანონპროექტის მიღება ხელს არ შეუწყობს ელექტორატის მხრიდან საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობის ამაღლებას და მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. ასევე, შესაძლოა, კანონპროექტმა სერიოზულად შეაფერხოს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი", - აღნიშნავენ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში".

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, უარი თქვას კანონპროექტის არსებული სახით მიღებაზე და რაც შეიძლება სწრაფად შეიმუშაოს და დაამტკიცოს იმგვარი ცვლილებები, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან. გარდა ამისა, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს, კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღების შემთხვევაში, კონსტიტუციით მინიჭებული ვეტოს უფლება გამოიყენოს.

"ვთხოვთ პარლამენტს, რომ შეაჩეროს ამ კანონპროექტის მიღება, ასევე ვთხოვთ მათ, რეალური რეფორმები და ცვლილებები ჩაატარონ საარჩევნო მიმართულებით. წელს ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი წელი იმიტომ, რომ აუცილებლად უნდა შევასრულოთ ის 9 ნაბიჯი, რომელზეც ევროკავშირი საუბრობს. მეორე მხრივ, ჩვენ ასევე უნდა შევასრულოთ ევროკავშირის რეკომენდაციები, რომელიც ეხება არჩევნების სამართლიანად ჩატარებას. ჯერჯერობით, არის დრო იმისთვის, რომ ყველაფერი გაკეთდეს, რათა წლის ბოლოს ევროკავშირმა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები წევრობასთან დაკავშირებით. ამიტომ, ჩვენ კიდევ ერთხელ ვთხოვთ მმართველ პარტიას, გადახედოს ამ ცვლილებებს და მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ შეასრულებს 9 დათქმას, რომელიც ეხება არჩევნებს და საარჩევნო რეფორმას", - განაცხადა ეკა გიგაურმა.

ცნობისთვის, მმართველი უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივის გათვალისწინებით, ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი და კვორუმი კიდევ ერთხელ იცვლება - მათი არჩევის პროცესში ხმათა 3/5-იანი კვორუმი შემოდის.

კანონპროექტი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის 3-ეტაპიან პროცესს ითვალისწინებს. პროექტით, პირველ კენჭისყრაზე 90 ხმა იქნება საჭირო. იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, არჩევა 76 ხმით მოხდება.

კონკრეტული კანდიდატებისთვის 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ იქნება შესაძლებელი და 76 ხმით არჩეული კანდიდატები უფლებამოსილების განხორციელებას 5 წლის ვადით დაიწყებენ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს