საქართველოს სტატისტიკის სისტემა მსოფლიოში მე-16 ადგილზეა

მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, საქართველოს სტატისტიკის სისტემა მსოფლიოში მე-16 ადგილზეა.

ამის შესახებ ინფორმციას „საქსტატი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მსოფლიოს ქვეყნების სტატისტიკის სამსახურების შესაფასებლად, მსოფლიო ბანკი ყოველწლიურად სტატისტიკური ეფექტურობის ინდიკატორებს (Statistical Performance Indicators – SPI) ანგარიშობს. აღნიშნული მაჩვენებლები წარმოადგენენ ქვეყანაში არსებული სტატისტიკის სისტემის ეფექტიანობის შეფასებისა და მისი შემდგომი გაუმჯობესების შესაძლებლობას.

„მსოფლიო ბანკის უახლესი მონაცემების მიხედვით, რომელიც 2022 წელს ეხება, სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების მიხედვით მსოფლიოში პირველ სამეულს - ფინეთი, ნორვეგია და კანადა იკავებდა, რომელთა სტატისტიკის სისტემაც 100-დან 93 ქულით შეფასდა.

საქართველო რეიტინგში მე-16-ე ადგილზეა - 90,7 ქულით და უსწრებს ევროკავშირის 15 ქვეყანას (ავსტრია, ესტონეთი, პორტუგალია, სლოვაკეთი, ბელგია, ლატვია, საბერძნეთი, ლიეტუვა, უნგრეთი, ლუქსემბურგი, კვიპროსი, რუმინეთი, ბულგარეთი, ხორვატია და მალტა). ამასთან, ჩვენი ქვეყანა ევროპის საუკეთესო ქვეყნების ოცეულში მე-14 ადგილს იკავებს, ხოლო რეგიონში ლიდერობს და პირველ ადგილზეა.

იმავე ანგარიშის თანახმად, საქართველო ასევე უსწრებს ისეთ განვითარებულ ქვეყნებს, როგორიცაა შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო, იაპონია, სინგაპური, ავსტრალია, ახალი ზელანდია, კორეის რესპუბლიკა, ისლანდია და ისრაელი.

მსოფლიო ბანკის შეფასება სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით ხორციელდება, რომელიც 5 მიმართულებას, 22 განზომილებასა და 50-ზე მეტ ინდიკატორს აერთიანებს. შეფასება ეფუძნება ისეთ მახასიათებლებს, როგორიცაა მომხმარებელთა საჭიროებებზე ორიენტირებული მონაცემები, მათი დისაგრეგაციის დონე და ხარისხი, სტატისტიკური სერვისები და მისი გამოყენება, მონაცემებზე ხელმისაწვდომობა, წყაროები, კანონმდებლობა, ინფრასტრუქტურა, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა, საერთაშორისო თანამშრომლობა და სხვა.

მსოფლიო ბანკი აღნიშნულ შეფასებას დამოუკიდებლად, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ახორციელებს. მისი მიზანია ქვეყნებში არსებული სტატისტიკის ეროვნული სისტემის მდგრადობისა და განვითარების დონის შეფასება - მომხმარებელზე ორიენტირებული, სანდო და მაღალი ხარისხის ოფიციალური სტატისტიკის საწარმოებლად, რაც მნიშვნელოვანია გლობალური კეთილდღეობისა და პროგრესის მისაღწევად.

მსოფლიო ბანკი, ქვეყნების სტატისტიკის სისტემების შეფასებას, აღნიშნული ინდიკატორების მიხედვით 2016 წლიდან ახორციელებს. 2022 წლის შეფასების ანგარიში, მეთოდოლოგია და შესაბამისი დეტალები ქვემოთ მოცემულ ბმულზეა ხელმისაწვდომი:

https://www.worldbank.org/en/programs/statistical-performance-indicators.

https://datanalytics.worldbank.org/SPI/“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია