ოთარ შამუგია - ვგეგმავთ მყინვარული ხეობებისა და მეწყრული უბნების შეფასებას მთელი ქვეყნის მასშტაბით

2023 წლის 3 აგვისტოს რაჭაში, შოვში და მიმდინარე წელს, 6 თებერვალს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში განვითარებული მოვლენების შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ მომზადებული დასკვნა და ანგარიში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, წარმოდგენილი დოკუმენტები მოიცავს ინფორმაციას სტიქიის ძირითად გამომწვევ მიზეზებზე, შედეგებსა და რეკომენდაციებზე.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული სტიქიური მოვლენების გახშირების ფაქტებზე ისაუბრა და ყურადღება სტიქიების მიზეზების დადგენის, პრევენციის შესაძლებლობის ან შეუძლებლობის განსაზღვრის, ასევე, მეცნიერულად დასაბუთებული და ობიექტური დასკვნების მომზადების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„მინდა რამდენიმე სიტყვით შევეხო წარმოდგენილ დოკუმენტებს და ჩვენს გეგმებს. პირველ რიგში, დავიწყებ შოვის ტრაგედიით და იქ განვითარებული მოვლენებით. თქვენ იცით, რომ ამ მოვლენიდან ძალიან მალე გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მოამზადა პირველადი ანგარიში, რომელიც წარვუდგინეთ როგორც სპეციალისტებს, ასევე საზოგადოებას, სადაც ასახული იყო თუ რა პროცესებთან გვქონდა საქმე. მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ ამ პროცესში ჩაგვერთო საერთაშორისო ექსპერტები. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ კონტრაქტი გააფორმა მაღალკვალიფიციურ შვეიცარიულ კომპანიასთან. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პირველად დასკვნაში რაც აისახა გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, ფაქტობრივად, სრულ თანხვედრაშია შვეიცარიული კომპანიის მიერ მომზადებულ დასკვნასთან - ეს შეეხება სტიქიური მოვლენის განვითარებას, მიზეზს, საიდან დაიწყო პროცესი, დროს, თუ რა პერიოდში მოხდა ეს ყველაფერი, ასევე, რომ ადგილი არ ჰქონია წყლის დაგუბებას, როგორც სტიქიამდე და ისე სტიქიის პერიოდში და ა.შ. ყველა ამ კომპონენტში ჩვენ გვაქვს ფაქტობრივად სრული თანხვედრა. ამ დასკვნაში ასევე ნახსენებია მნიშვნელოვანი საკითხი, რომ ასეთი სახის სწრაფად განვითარებადი პროცესების დროს, ინფრასტრუქტურული ან თუნდაც ადრეული განგაშის სისტემა, სამწუხაროდ, ვერ არბილებს საფრთხეებს და ასეთ შემთხვევებში გადაწყვეტა არის სივრცითი დაგეგმარება. დასკვნებში არსებული თანხვედრა კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი სპეციალისტების ძალიან მაღალ კვალიფიკაციას, რისთვისაც მათ მადლობა მინდა გადავუხადო“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კატასტროფების რისკების ეფექტიანი მენეჯმენტის სისტემების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება ქართველი და უცხოელი სპეციალისტების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება არის პირველადი ამოცანა. შარშანაც ჩვენ დამატებითი სახსრები გამოვყავით, რომ მონიტორინგის სისტემები შეგვეძინა, ასევე, მნიშვნელოვანია სააგენტოს შესაბამისი საკადრო რესურსებით გაძლიერება. გასულ წელთან შედარებით, წელს კიდევ 13 მლნ ლარია გამოყოფილი იმისთვის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ მონიტორინგის სისტემების გაფართოებას; ასევე, ვგეგმავთ მყინვარული ხეობებისა და მეწყრული უბნების შეფასებას მთელი ქვეყნის მასშტაბით; ფინეთის მეტეოსამსახურთან, რომელიც ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში, გვაქვს დაგეგმილი თანამშრომლობა საინფორმაციო სისტემის გამართვასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მომზადებული დასკვნა და ანგარიში, სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ვასილ გედევანიშვილმა წარადგინა.

დარგის ექსპერტებმა წარმოდგენილი დასკვნის და ანგარიშის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. აღინიშნა, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარდა და მიმდინარეობს სამუშაოები, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პროცესების შეფასებასა და მართვაში. დარგის სპეციალისტებმა, ექსპერტებმა და მეცნიერებმა გამოთქვეს მზაობა სამინისტროსა და გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან აქტიურად ითანამშრომლონ გამოწვევებთან გამკლავების პროცესში.

შეხვედრაზე წარმოდგენილი დოკუმენტები შედგენილია სააგენტოს სპეციალისტების ჩართულობით, გეოლოგიურ, მეტეოროლოგიურ და ჰიდროლოგიურ პარამეტრებზე დაკვირვების, ისტორიული და მიმდინარე მონაცემების მათ შორის სატელიტური, რადარული და აეროფოტო სურათების დეშიფრირებული ინფორმაციის, აგრეთვე, საველე ჰიდრომეტეოროლოგიური/გეოლოგიური კვლევების და შედეგად მიღებული მონაცემების კამერალური დამუშავების საფუძველზე.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები, საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები და ექსპერტები ესწრებოდნენ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია