სალომე ზურაბიშვილი - რუსეთი სადაც კი რბილ ადგილს იპოვის, იქით გადაადგილდება - სწორედ ამიტომ გვინდა ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება, რადგან სანამ გარეთ ხარ, არ იმყოფები დაცულ ზონაში

რუსეთი სადაც კი რბილ ადგილს იპოვის, იქით გადაადგილდება - სწორედ ამიტომ გვინდა ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება, რადგან სანამ გარეთ ხარ, არ იმყოფები დაცულ ზონაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ევროაქტივთან" ინტერვიუში განაცხადა, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებზე დასავლელი პარტნიორების საპასუხო ქმედებების შეფასებისას ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ „უხერხული იქნება დასავლელი პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერის სერიოზულობის გაკრიტიკება“.

„ჩემთვის ცოტა უხერხული იქნება დასავლელი პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერის სერიოზულობის გაკრიტიკება. პირიქით, ვიტყოდი, რომ ამჯერად ძალიან შთამბეჭდავია სოლიდარობა. უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიიდან ორი წლის შემდეგ სოლიდარობა არ ნელდება - ყველანაირი დაბრკოლების მიუხედავად, 50 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებით, ვინმეს უკან მოტოვების გარეშე, ევროპა ევროკავშირად დარჩა, იგივე ეხება საზოგადოებრივ აზრსაც. ეს ომია, რომელიც ორი წელია მიმდინარეობს და ეკონომიკური წნეხის მიუხედავად, ჩვენ მაინც გვყავს მხარდამჭერების უმრავლესობა. დიახ, მეტის საჭიროებაა, რადგან უკრაინისთვის აშკარად მეტი იარაღია საჭირო, მაგრამ ეს უფრო წარმოების საკითხია, ვიდრე მიწოდების სურვილის“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

კითხვაზე: შეიცვალა თუ არა თქვენთვის საფრთხის აღქმა?- პრეზიდენტმა უპასუხა: „მთლიანობაში, სიტუაცია ვითარდება და რუსული საფრთხე არ შეცვლილა“.

„მათ, ვინც მხოლოდ დღეს აღმოაჩინა რუსული საფრთხე, შეიძლება იფიქრონ, რომ ის შეიცვალა ან გაიზარდა. სანამ რუსეთი ისეთივეა, როგორადაც ჩვენ ყოველთვის ვიცნობდით მას, ყოველთვის ასე იქნება, სადაც კი რბილ ადგილს იპოვის, იქით გადაადგილდება. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ასეთი რბილი ადგილები არ არსებობდეს. სწორედ ამიტომ გვინდა ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება, რადგან სანამ გარეთ ხარ, არ იმყოფები დაცულ ზონაში“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა ინტერვიუში.

კითხვაზე: როგორ მოვემზადოთ ევროპიდან აშშ-ს პოტენციური გამოთიშვისთვის? - საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა: „მე უდიდესი ოპტიმისტი ვარ. როგორიც არ უნდა იყოს ახლა პოლიტიკური განცხადებები, მე უკვე ვთქვი, რომ ამერიკულ პოლიტიკაზე კომენტარს არ ვაკეთებ“.

„მაგრამ ვფიქრობ, რომ საგარეო პოლიტიკაში ამერიკა მუდმივადაა, ამერიკა ვერ შეწყვეტს ჩართულობას, განსაკუთრებით იმ მომენტში, როდესაც საკითხი უფრო მწვავდება. იზოლაციონიზმი მშვიდობიანი დროის არჩევანია კეთილდღეობისთვის, ახლა კი მეეჭვება, რომ ამერიკელი საზოგადოების, ან მთავრობის არჩევანი ნატო-სგან გათიშვა იყოს. ევროპელი პარტნიორებიც ფხიზლდებიან იმაზე, თუ რა უნდა გააკეთონ, რაც აქამდე საკმაოდ რთული იყო. ეს კრიზისი, როგორც აქამდე არსებული კრიზისების უმეტესობა, ევროკავშირისთვის კარგი გამოსაფხიზლებელი ნიშანი იქნება“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე