ამბობენ, თითქოს კანონპროექტით გათვალისწინებულია ცხოველების მასიური ევთანაზია, მათ შორის, მეპატრონისა და მიმკედლებლის მიერ ცხოველის მიტოვების შემთხვევაში - სინამდვილეში ეს არის ყველაზე ბინძური და ბოროტი ცილისწამება და მიზანმიმართულად გავრცელებული დეზინფორმაცია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მაია ბითაძემ კანონპროექტზე „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მოქმედი კანონმდებლობით, რომელიც მოქმედებს 2023 წლის მარტიდან და ასევე, კანონპროექტით, ევთანაზიის შემთხვევები პირდაპირ უკავშირდება მხოლოდ და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებს.
„ამბობენ, თითქოს კანონპროექტით გათვალისწინებულია ცხოველების მასიური ევთანაზია, მათ შორის, მეპატრონისა და მიმკედლებლის მიერ ცხოველის მიტოვების შემთხვევაში. და რომ ამ მეთოდებით 2 წელში აღარ იქნება ქუჩაში უპატრონო ცხოველი. ასევე, თითქოს იმ შემთხვევაში თუ 3-ზე მეტი ძაღლი გვეყოლება საკუთრებაში ან თუ მიკედლების აკრძალულ ადგილებში ვერ მივიკედლებთ, ეს ძაღლები რეგისტრაციის გარეშე დარჩებიან, რაც საშუალებას მისცემს სახელმწიფოს დააპატიმროს და შემდეგ დააძინოს უპატრონო ცხოველები.
სინამდვილეში, ეს არის ყველაზე ბინძური და ბოროტი ცილისწამება და მიზანმიმართულად გავრცელებული დეზინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. სავარაუდოდ, თავად ამ ადამიანების მზაკვრული ბუნება აძლევთ შესაძლებლობას შესაძლებლობას საზოგადოებას შესთავაზონ მათ მიერ შეთხზული სიცრუე. კანონპროექტში მსგავსი არაფერი წერია!
მოქმედი კანონმდებლობით, რომელიც მოქმედებს 2023 წლის მარტიდან და ასევე, კანონპროექტით, ევთანაზიის შემთხვევები პირდაპირ უკავშირდება მხოლოდ და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებს, მათ შორის, ცოფს (რომელსაც 100%-იანი ლეტალობა აქვს), დადგენილია ვეტერინარის სპეციალური დასკვნის სავალდებულოობა, დადგენილია სხვადასხვა შემთხვევებისათვის ცხოველზე დაკვირვების 10 დღიანი, 45 დღიანი და 6 თვიანი დაკვირვების ვადები. აღნიშნული რეგულაცია ვეტერინარების, ცხოველთა დამცველებისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი მუშაობის შედეგად დადგენილია მთავრობის მიერ და ბევრად ჰუმანურია, ვიდრე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოქმედი წესები.
ამასთან, ადამიანები, ის პიროვნებები, ვინც მიზანმიმართულად ავრცელებენ სწორედ ამ მავნებლურ ცილისწამებას, სიცრუეს, მათ მიერ ოფიციალურად გამოგზავნილ კომენტარებში სრულიად იზიარებენ ზემოაღნიშნული 2023 წლის მარტის მთავრობის დადგენილების შინაარსს“, - აღნიშნა ბითაძემ.
გარდა ამისა, ბითაძის თქმით, მოქმედი კანონმდებლობით წლებია აკრძალულია და ისჯება 8 ლარით, პატრონიანი ცხოველის შეყვანა კვების ობიექტებში, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებში.
„ამბობენ,თითქოს კანონპროექტით დაუშვებელია უპატრონო ცხოველის შეყვანა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე, სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქში, საავადმყოფოში, საბავშვო და სპორტულ მოედანზე, ასევე კვების ობიექტებში.
სინამდვილეში ეს არის მავნებლური დეზინფორმაცია, რომელიც მიმართულია ცხოველთმოყვარულების ემოციებზე მანიპულირებისათვის. კანონპროექტით აღნიშნული შეზღუდვა არასდროს ყოფილა გათვალისწინებული. მოქმედი კანონმდებლობით წლებია აკრძალულია და ისჯება 8 ლარით პატრონიანი ცხოველის შეყვანა კვების ობიექტებში, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებში. კანონპროექტით უფრო მოქნილად არის ჩამოყალიბებული მოქმედი აკრძალვა, კერძოდ შესაძლებელი იქნება მცირე და დეკორატიული ცხოველის შეყვანა ხელში აყვანით, ჩანთით ან გადამყვანით (მეპატრონის სურვილის შესაბამისად) ყველგან, გარდა იმ საზოგადოებრივი დაწესებულებებისა, რომლებიც თავად აკრძალავენ ცხოველის შეყვანას. გარკვეული აკრძალვა იმოქმედებს მხოლოდ პატრონიანი დიდი ძაღლების შემთხვევაში.
შენიშვნა: ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების, სასურსათო მაღაზიების, აფთიაქების, საავადმყოფოების, კვების ობიექტების შიდა ტერიტორიებზე, საბავშვო და სპორტულ მოედნებზე, ასევე, იმ საზოგადოებრივ დაწესებულებებში, რომლის მეპატრონეებიც თავად აკრძალავენ პატრონიანი დიდი ზომის ძაღლის შეყვანას. ამ შემთხვევაში, ისინი ვალდებულნი იქნებიან საგანგებოდ განათავსონ ცხოველის მისაბმელი“, - განაცხადა ბითაძემ.