მაია ბითაძე განმარტავს, სად იქნება ცხოველის მიკედლება დაუშვებელი, იმოქმედებს თუ არა დარღვევაზე სანქცია და რა შემთხვევაში დასჭირდება მეპატრონეს ცხოველის ყოლისთვის მეზობლების ნებართვა

მიკედლება დაუშვებელი იქნება მხოლოდ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებების შენობებში (ანუ შიდა სივრცეში), ასევე, საბავშვო და სპორტული მოედნების, მეტროპოლიტენისა და ბაზრის ტერიტორიაზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მაია ბითაძემ კანონპროექტზე „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კანონპროექტით მიკედლების ადგილების დარღვევისათვის არასოდეს ყოფილა გათვალისწინებული ჯარიმა.

„ამბობენ, რომ თითქოს: მიკედლება დაუშვებელია ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, სამედიცინო დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიებზე, ავტოსადგურებსა და სასაფლაოს ტერიტორიებზე, აგრეთვე, რომ თითქოს ამ ტერიტორიებზე მიკედლებული ძაღლის გავლის ან შესვლის გამო მიმკედლებლები 300 ლარით დაჯარიმდებიან.

სინამდვილეში: მიკედლება დაუშვებელი იქნება მხოლოდ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადასაგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებების შენობებში (ანუ შიდა სივრცეში), ასევე, საბავშვო და სპორტული მოედნების, მეტროპოლიტენისა და ბაზრის ტერიტორიაზე. ამასთან, მიკედლების ადგილების დარღვევისათვის არასოდეს ყოფილა გათვალისწინებული ჯარიმა კანონპროექტით“, - განაცხადა ბითაძემ.

როგორც მან აღნიშნა, შესაძლებელი იქნება მცირე და დეკორატიული ცხოველის გადაყვანა ხელში აყვანით, ჩანთით, გადამყვანით ან საბელით (მეპატრონის სურვილის შესაბამისად), ხოლო დიდი ძაღლის შემთხვევაში აუცილებელი იქნება მოკლე საბელის გამოყენება.

„ამბობენ რომ თითქოს: საზოგადოებრივ ტრანსპორტში კატის ან დეკორატიული ჯიშის მცირე ზომის ძაღლის აყვანა შესაძლებელია მხოლოდ ერთდროულად ალიკაპის და საბელის გამოყენებით.

სინამდვილეში: ეს შეზღუდვა მოქმედებს უკვე წლებია, სანქცია განსაზღვრულია 8 ლარის ოდენობით. კანონპროექტით უფრო მოქნილად არის ჩამოყალიბებული მოქმედი აკრძალვა, კერძოდ შესაძლებელი იქნება მცირე და დეკორატიული ცხოველის გადაყვანა ხელში აყვანით, ჩანთით, გადამყვანით ან საბელით (მეპატრონის სურვილის შესაბამისად), ხოლო დიდი ძაღლის შემთხვევაში აუცილებელი იქნება მოკლე საბელის გამოყენება“, - აღნიშნა ბითაძემ.

გარდა ამისა, ბითაძის განმარტებით, 2025 წლის 1-ელი ივლისიდან ვეღარ ვიყიდით და კორპუსის ბინაში ვეღარ ვიყოლიებთ 3-ზე მეტ ძაღლს და კატას, ხოლო უპატრონო ან მიკედლებული ცხოველის მეპატრონედ რეგისტრაციის შემთხვევაში არანაირი შეზღუდვა არ იარსებებს.

„ამბობენ რომ თითქოს: კანონის მიღებისთანავე აიკრძალება 3-ზე მეტი ცხოველის ყოლა საკუთრებაში, ხოლო, 3-ზე მეტი ძაღლის ყოლის შემთხვევაში სავალდებულო იქნება მეზობლების უმრავლესობის თანხმობა.

სინამდვილეში, 2025 წლის 1-ელი ივლისიდან ვეღარ ვიყიდით და კორპუსის ბინაში ვეღარ ვიყოლიებთ 3-ზე მეტ ძაღლს და კატას, ხოლო უპატრონო ან მიკედლებული ცხოველის მეპატრონედ რეგისტრაციის შემთხვევაში არანაირი შეზღუდვა არ იარსებებს. ამასთან, არანაირი თანხმობის საჭიროება მეზობლებისგან არ არის დადგენილი. მეზობლების თანხმობა საჭირო იქნება მხოლოდ ე.წ „თბილისურ ეზოში” ცხოველის მიკედლებისთვის, ისიც, მხოლოდ 2025 წლის 1-ელი ივლისიდან მიკედლების შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც ძალაში იქნება ცხოველთა რეგისტრაციის ერთიანი ელექტრონული ბაზა. ამასთან, პროექტით იკრძალება ცხოველების ე.წ შემგროვებლობა“, - აღნიშნა ბითაძემ.

ბითაძის თქმით, კანონპროექტით ყველა მუნიციპალიტეტს უდგინდება ვალდებულება, უზრუნველყონ უპატრონო და მიკედლებული ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაცია, ამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეტაპობრივად გამოიყოფა ათეულობით მილიონი ლარი.

„ამბობენ, რომ კანონის ამოქმედებიდან მიმკედლებლებს დააწვებათ ვალდებულება გაუკეთონ მიკედლებულ ცხოველს, როგორც ანტირაბიული, ასევე კომპლექსური ვაქცინაცია და გაუწიონ ვეტერინარული მომსახურება.

სინამდვილეში: კანონპროექტით ყველა მუნიციპალიტეტს უდგინდება ვალდებულება, უზრუნველყონ უპატრონო და მიკედლებული ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაცია, ამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეტაპობრივად გამოიყოფა ათეულობით მილიონი ლარი. რაც შეეხება ანტირაბიულ ვაქცინაციას, სახელმწიფოს მხრიდან ასევე გაგრძელდება უპატრონო ცხოველების ანტირაბიული ვაქცინაცია, ხოლო მიკედლებული ცხოველების შემთხვევაში, რადგან კანონპროექტით არ დგინდება მიკედლებული ცხოველების რაოდენობრივი შეზღუდვა, სახელმწიფო ანტირაბიულ ვაქცინაციას უზრურნველყოფს 2027 წლის ბოლომდე.

ამასთან, კანონის პროექტი არ ითვალისწინებს მიმკედლებლისათვის, არც კომპლექსური ვაქცინაციის და არც სხვა ვეტერინარული მომსახურების გაწევის ვალდებულებას“, - აღნიშნა ბითაძემ.

ირაკლი მელაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში იმდენად გაიტეხა სახელი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვეღარ დავიბრუნებთ ევროკავშირის და აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
ვიზიტორის დაზღვევა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის