საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ფარგლებში, ახალგაზრდა მეცნიერი ქალები დააჯილდოვეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე (პრეზიდენტი), პროფესორი ლავრენტი გუდავაძე და რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი თამარ ლომინაძე, მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, უნივერსიტეტის პედაგოგ, მეცნიერ და ახალგაზრდა მკვლევარ ქალებს, ასევე, უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციის წევრებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გახსნა. პროფესორმა ლავრენტი გუდავაძემ უნივერსიტეტის ღვაწლმოსილ პედაგოგ და მეცნიერ ქალებს წარმატებები უსურვა, მათ სამეცნიერო და აკადემიურ მიღწევებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდა ქალ მკვლევრებზე, რომლებიც უახლოეს მომავალში, თავიანთი სამეცნიერო საქმიანობით, ქვეყანას და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს არაერთ წარმატებას მოუტანენ.

„უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ხელს უწყობს, როგორც ღვაწლმოსილ მეცნიერ ქალბატონებს და პედაგოგებს, ასევე ახალგაზრდა მკვლევრებს, ნიჭიერ სტუდენტებს, რომელთა შორის არაერთი იმედისმომცემი ახალგაზრდა ქალბატონია. დარწმუნებული ვართ, უახლოეს მომავალში ისინი, კოლეგების უფროს თაობებთან ერთად, თავიანთი სამეცნიერო მოღვაწეობით, დიდ წარმატებებს მოუტანენ არა მხოლოდ მშობლიურ უნივერსიტეტს, არამედ ჩვენს ქვეყანას, მრავალი მათგანი გახდება შესანიშნავი პედაგოგი და ისევე აღზრდის ღირსეულ თაობებს, როგორც საუკუნის მანძილზე ჩვენი უნივერსიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგი და მეცნიერი ქალბატონები ზრდიდნენ და ზრდიან. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციას ღონისძიების ორგანიზებისთვის და წარმატებები ვუსურვო ქალბატონებს“, - განაცხადა პროფესორმა, ლავრენტი გუდავაძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პედაგოგ და მეცნიერ ქალებს მიესალმა და წარმატებები უსურვა რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა, თამარ ლომინაძემ, რომელმაც იმ ფართო შესაძლებლობებსა და კვლევების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით ქმედით მხარდაჭერაზე ისაუბრა, რომლის შესაძლებლობასაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აძლევს ქალ მეცნიერებს.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რექტორის ინიციატივითა და მხარდაჭერით, სტუ-ის ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელის, პროფესორ ნაზი კუციავას ორგანიზებით, უკვე მეორედ ტარდება ღონისძიება, სადაც ჩვენ ვეცნობით მკვლევარ ქალებს. წელს ახალ სახეებს ვხედავთ, რაც ნიშნავს იმას, რომ მეცნიერებაში ახალგაზრდა ქალების ჩართულობის პროცესი უწყვეტია. ყველა დროის უდიდეს მეცნიერებს შორის, ქალები მრავლად არიან. მეცნიერების სხვადასხვა დარგში, მათ არაერთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა ეკუთვნით. ზოგიერთი მათგანის ღვაწლმა სამუდამოდ შეცვალა მეცნიერება. მინდა წარმატებები ვუსურვო ახალ და ძველ თაობას, რომელთაც უდიდესი წვლილი შეიტანეს მეცნიერების განვითარებაში“, - განაცხადა პროფესორმა, თამარ ლომინაძემ.

სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის, ქიმიური და ბილოგოგიური დეპარტამენტის და ასევე, ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელის, პროფესორ ნაზი კუციავას თქმით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღის აღნიშვნას გასულ წელს, უშუალოდ რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით ჩაეყარა საფუძველი.

„ჩვენი მიზანია შევაფასოთ ახალგაზრდა მკვლევარი გოგონების მიერ, სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით გაწეული სამუშაო. დღეს საპატიო სიგელები გადავეცით ახალგაზრდა მკვლევრებს, რომელთაც სხვადასხვა გრანტი მოიპოვეს გასული წლის განმავლობაში, ან უცხოეთში, წამყვან უნივერსიტეტებში შეასრულეს სადოქტორო ნაშრომის სამუშაოები. ჩვენ გვაქვს სიახლე, ფაკულტეტმა მოიგო გრანტი, რომელის ფარგლებში ქაქუცა ჩოლოყაშვილის სკოლის მოსწავლეებს ვუზიარებთ ჩვენს ცოდნას. სასიხარულოა, რომ მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოაგმჟღავნეს თიხის, მინანქრის ტექნოლოგიური დამუშავების მიმართულებებით. პროგრამაში ჩართულ 16 გოგონა დავაჯილდოვეთ, რაც მათ აუმაღლებს სწავლის მოტივაციას და სხვებისთვის იქნებიან მაგალითი“, - განაცხადა ნაზი კუციავამ.

ინფორმაციისთვის, 2015 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმადაც 11 თებერვალი „მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღედ“ გამოცხადდა. ამ დღეს გაერო მსოფლიოს სახელმწიფოებს, ორგანიზაციებსა და ადამიანებს მოუწოდებს მეცნიერებასა და განათლებაში ხელი შეუწყონ ქალების თანასწორ განვითარებას. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში უკვე მეორე წელია მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ციკლი ტარდება.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში