თინა ბოკუჩავამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე - მოგიწოდებთ ყველას, მონაწილეობა მიიღოთ საარჩევნო სადამკვირვებლო მისიაში და წინასწარ მადლობას გიხდით საქართველოს დემოკრატიისა და კეთილდღეობისადმი მხარდაჭერისთვის

მოგიწოდებთ ყველას, მონაწილეობა მიიღოთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიაში და წინასწარ მადლობას გიხდით საქართველოს დემოკრატიისა და კეთილდღეობისადმი მხარდაჭერისთვის,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თინა ბოკუჩავას თქმით, ოქტომბერში საქართველოში მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება და აუცილებელია, რომ დაცული იყოს საარჩევნო პროცესის მთლიანობა.

„ეუთოს ყოვლისმომცველი უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კონცეფციაში ეკონომიკური და გარემოსდაცვითი განზომილების მნიშვნელობის გათვალისწინებით, მსურს თქვენი ყურადღება გავამახვილო საქართველოში არსებულ ვითარებაზე.

ეკონომიკური და სოციალური უთანასწორობის გაღრმავება, კანონის უზენაესობის ნაკლებობა, სუსტი მმართველობა, კორუფცია, ყოვლისმომცველი სიღარიბე და მაღალი უმუშევრობა აწუხებს დღევანდელ საქართველოს. რუსი წარმოშობის მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულმა მმართველობამ საზოგადოებაში მკვეთრი უთანასწორობა გამოიწვია, სადაც პრივილეგირებული მცირე ნაწილი მდიდრდება, სხვები კი ღარიბდებიან ან იძულებულნი არიან ემიგრაციაში წავიდნენ.

ივანიშვილის მმართველობის შემდეგ დაახლოებით 800 000 ქართველმა დატოვა საქართველო რაც 3,7 მილიონიანი ქვეყნისთვის დემოგრაფიული კატასტროფაა.

უფრო მეტიც, საქართველოს ეკონომიკა მგრძნობიარეა გარე მავნე გავლენის მიმართ, დამოკიდებულია რუსეთის ბაზარზე სამთავრობო პოლიტიკის შედეგად და კვლავ არსებობს საფრთხე, რომ ჩვენი ტერიტორიები გამოყენებულ იქნას რუსეთის სანქციების თავიდან ასარიდებლად.

ეს ზრდის ისეთი ინიციატივების მნიშვნელობას, როგორიცაა შუა დერეფანი, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონული კავშირისა და ვაჭრობის გაძლიერებას.

თავისი სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობის გამოყენებით, საქართველოს აქვს პოტენციალი განვითარდეს არა მხოლოდ კავკასიის რეგიონის ძირითად ლოგისტიკურ კერად, არამედ ცენტრალური აზიის ტრანზიტის მნიშვნელოვან არხად.

საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკურ პოტენციალზე საუბრისას, ჩვენ უნდა ვახსენოთ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მემკვიდრეობა, რომელმაც გაბედული ეკონომიკური რეფორმები განახორციელა საქართველოს ეკონომიკური გარდაქმნისა და მისი ინტეგრაციისთვის გლობალურ ბაზრებსა და საერთაშორისო სავაჭრო ქსელებში, მაგრამ ახლა იგი არის პოლიტიკური პატიმარი ივანიშვილის ბრძანებით, ოლიგარქიულ მმართველობასა და დამორჩილებულ სახელმწიფო ინსტიტუტებთან, მათ შორის სასამართლოსთან ერთად.

ოქტომბერში საქართველოში მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, აუცილებელია, რომ დაცული იყოს საარჩევნო პროცესის მთლიანობა. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არა მხოლოდ დემოკრატიის ქვაკუთხედია, არამედ მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკური წინსვლის წინაპირობაა.

მოგიწოდებთ ყველას, მონაწილეობა მიიღოთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიაში და წინასწარ მადლობას გიხდით საქართველოს დემოკრატიისა და კეთილდღეობისადმი მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ სიტყვით გამოსვლისას.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება