ექიმი - სრულიად მოულოდნელად საუბარი წარიმართა პოზიტიურად და ჩვენთვის ძალიან სასარგებლო შედეგით - რესპუბლიკური საავადმყოფო დარჩება არსებულ ლოკაციაზე და მუშაობას გააგრძელებს იქამდე, ვიდრე  ახალი შენობა აშენდება

სრულიად მოულოდნელად საუბარი წარიმართა ძალიან პოზიტიურად და ჩვენთვის ძალიან სასარგებლო შედეგით - რესპუბლიკური საავადმყოფო დარჩება არსებულ ლოკაციაზე და მუშაობას გააგრძელებს იქამდე, ვიდრე ახალი შენობა აშენდება, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების უფროსმა, ნინო ოთარიშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრსა და მედპერსონალს შორის შეხვედრა გაიმართა.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებისა და პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის შეხვედრას ესწრებოდნენ ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილი და „ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე.

როგორც ექიმმა, ნინო ოთარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განმარტა, დღევანდელ შეხვედრაზე მათ მთავრობის წარმომადგენლებთან მიტანილი ჰქონდათ დოკუმენტაციები, რითაც ამყარებდნენ თავიანთ პოზიციებს, რომ გაუქმებულიყო ბრძანება რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის შესახებ, თუმცა, მისვე თქმით, საუბარი მოულოდნელად დადებითად და ექიმებისთვის სასარგებლოდ წარიმართა.

„ძალიან მომზადებული ვიყავით არგუმენტაციის გასამყარებლად, მოტანილი გვქონდა აბსოლუტურად ყველა ექსპერტიზა და დოკუმენტი, რომელიც ჩვენ არგუმენტაციას გაამყარებდა და სრულიად მოულოდნელად საუბარი წარიმართა ძალიან პოზიტიურად, ჩვენთვის ძალიან სასარგებლო შედეგით. ჩვენი არგუმენტის ძალიან დიდი ნაწილი იქნა გათვალისწინებული, გადაწყდა, რომ ერთადერთი მრავალპროფილური კლინიკა თბილისში, რესპუბლიკური საავადმყოფო დარჩება იმ ლოკაციაზე, რომელზეც არის და მუშაობას გააგრძელებს სანამ აშენდება უკანა მხარეს, ეზოში, როგორც ეს იყო 2007 წლის პროექტით გათვალისწინებული. აშენდება ახალი კლინიკა, რა თქმა უნდა, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, ვინაიდან 2007 წლის წლის მერე საკმარისი დრო გავიდა. ამავე დროს, მოხდება იმ კორპუსის, იმ ნაწილის, რომელშიც დღეისთვის რესპუბლიკური საავადმყოფოა განთავსებული, მოდერნიზაცია იმისთვის, რომ გარდამავალ პერიოდში კლინიკამ შეძლოს სრული სერვისების მიწოდება პაციენტებისთვის. როდესაც ახალი შენობა აშენდება უკან, რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი გადავა ახალ შენობაში. რა თქმა უნდა, ახალი პერსონალის დამატების საჭიროება იქნება. წინა ეზო, რომელიც დასანგრევად იყო განწირული უკვე საინვესტიციო მიზნებისთვის გამოვა”, - განაცხადა ნინო ოთარიშვილმა.

გიორგი ანთაძე - ტრამპისა და სი ძინ პინის შეხვედრა პეკინში იყო კლასიკური „დიდი ძალების მენეჯმენტი“ - არა დრამატული გარღვევები, არამედ სტაბილიზაციისა და პოზიციების გადანაწილების მცდელობა
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა