USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის გუნდი დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისთვის რჩევებს აქვეყნებს.
ინფორმაციაში მასწავლებლებისთვის მოცემულია რჩევები, თუ როგორ წარმართონ სწავლება საკლასო ოთახში, ასევე როგორ შექმნას მასწავლებელმა კლასში მშვიდი და მეგობრული ატმოსფერო და როგორც შეარჩიოს სწორი შეფასების ინსტრუმენტი.
მასში ასევე მოცემულია ვიდეო გაკვეთილები, სადაც მოცემულია მარტივი ინსტრუმენტი მოსწავლეების კითხვის დონის შესამოწმებლად.
„როგორ წარვმართოთ სწავლება საკლასო ოთახში, სადაც, როგორც წესი, სხვადასხვა წინარე ცოდნისა და შესაძლებლობის მქონე მოსწავლეები არიან?
ხშირად, ამგვარ სიტუაციაში, მასწავლებლები საუკეთესო მოსწავლეებზე ახდენენ სწორებას.
ეს ნიშნავს, რომ ბევრი ბავშვი შეიძლება მოსწყდეს კლასში მიმდინარე პროცესებს და გაუძნელდეს წარმატების მიღწევა.
შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო პროცესში რეგულარულად გადავამოწმოთ, თუ როგორ გადადის დონიდან დონეზე თითოეული მოსწავლე. ეს გაგვიადვილებს მოსწავლეთა დაჯგუფებას, სასწავლო აქტივობების შერჩევასა და განმავითარებელ შეფასებას.
ვიდეოში წარმოდგენილი ინსტრუმენტი დაეხმარება მასწავლებელს მოსწავლეთა კითხვის დონის სწრაფად და იოლად გადამოწმებაში. იგი გამოიყენება მოსწავლესთან ერთი-ერთზე, ზეპირი გასაუბრების ფორმით.
მარტივი ინსტრუმენტი კითხვის დონის შესამოწმებლად youtube.com
ინსტრუმენტი იმითაცაა გამორჩეული, რომ მარტივია და მინიმალური რესურსი - მხოლოდ ერთი სამუშაო ფურცელი - სჭირდება.
დღეს ბევრი მასწავლებელი ცდილობს, რომ სასწავლო პროცესში გაითვალისწინოს მოსწავლეთა განვითარების საფეხურები.
შეფასების ეს ინსტრუმენტი გვაძლევს საშუალებას, რომ კითხვის სწავლებისას ოთხი ძირითადი დონე გამოვყოთ: ანბანის დონე, სიტყვების დონე, წინადადებების დონე და ტექსტის დონე.
ინსტრუმენტის გამოყენება სასურველია მას შემდეგ, რაც მოსწავლეები დაასრულებენ ანბანის შესწავლას და გადავლენ წინადადებებისა და ტექსტების წაკითხვის ფაზაში.
მასწავლებელი მოსწავლესთან ინდივიდუალურად წარმართავს შეფასების პროცესს სამუშაო ფურცლის გამოყენებით. ეს ეხმარება მას, სწრაფად დაასკვნას, თუ კითხვის რომელ დონეზეა მოსწავლე და რა სჭირდება მომდევნო საფეხურზე გადასასვლელად.
სამუშაო ფურცელი ოთხი ძირითადი ბლოკისგან შედგება, ესენია: პატარა ტექსტი, რამდენიმე მარტივი წინადადება, 10 სიტყვა და 10 ასო. ფურცელი იკეცება იმგვარად, რომ მოსწავლე შეფასებისას მხოლოდ ერთ, კონკრეტულ ბლოკს ხედავს.
პირველ რიგში, მასწავლებელმა უნდა შექმნას მშვიდი და მეგობრული ატმოსფერო. აუცილებელია, მოვერიდოთ იმგვარი სიტყვების გამოყენებას, რომლებიც მოსწავლის შფოთვას გამოიწვევს (ასეთებია, მაგალითად, „ტესტი“, „შეფასება“, „ქულა“ და სხვ.).
შეფასება იწყება მარტივი წინადადებების ბლოკით. მოსწავლემ უნდა წაიკითხოს წინადადებები. კითხვის პროცესის პარალელურად მასწავლებელი თავისთვის დაითვლის არასწორად ამოკითხულ სიტყვებს.
იმის მიხედვით, თუ როგორ წაიკითხავს ბავშვი წინადადებებს, მასწავლებელი გადაწყვეტს, რომელ ბლოკზე გადავიდეს ის - მომდევნოზე თუ წინაზე.
თუკი მოსწავლე თავისუფლად წაიკითხავს მოკლე წინადადებებს და ჯამში მაქსიმუმ სამ შეცდომას დაუშვებს, მასწავლებელი გადააბრუნებს შეფასების ფურცელს მომდევნო - ტექსტის ბლოკზე და ახლა მის წაკითხვას სთხოვს ბავშვს.
თუ მოსწავლე ტექსტსაც თავისუფლად წაიკითხავს, ეს ნიშნავს, რომ ის ე.წ. „ტექსტის დონეზეა“.
თუ მოსწავლე მარტივი წინადადებების წაკითხვას ვერ შეძლებს და ჯამში სამზე მეტ შეცდომას დაუშვებს, ასეთ შემთხვევაში მასწავლებელი გადააბრუნებს შეფასების ფურცელს წინა - სიტყვების ბლოკზე.
თუ ბავშვმა სიტყვათა ჩამონათვალიდან ვერ შეძლო ოთხი სიტყვის სწორად ამოკითხვა, მასწავლებელი შეფასების ფურცელს კიდევ ერთი ნაბიჯით უკან - ასოების ბლოკზე გადააბრუნებს და მათ ამოცნობასა და დასახელებას სთხოვს მოსწავლეს.
რა უნდა ვქნათ მას შემდეგ, რაც შეფასების ინსტრუმენტის მეშვეობით შეგროვილ მონაცემებს გავაანალიზებთ? განვიხილოთ რამდენიმე ვარიანტი.
იმ მოსწავლეთა ჯგუფს, რომლებიც ე.წ. „ტექსტის დონეზე“ არიან, მასწავლებელი მზარდი სირთულის ტექსტებს შესთავაზებს წაკითხვისა და გააზრებისათვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მათ არ შეწყვიტონ კითხვის ძირითადი სტრატეგიების დაუფლება და გამოყენება. როგორიცაა, მაგალითად, ვარაუდების გამოთქმა, კავშირების დამყარება, შეკითხვების დასმა, ვიზუალიზება და სხვ.
ზოგიერთ მოსწავლეს, ალბათ, გაუძნელდება წინადადებების წაკითხვა და, შესაბამისად, აღმოჩნდება ე.წ. „სიტყვების დონეზე“. აუცილებელია ამ ჯგუფის გაწაფვა სიტყვების დეკოდირებაში. ასე მათ დავეხმარებით, სწრაფად გადავიდნენ ჯერ წინადადების, შემდეგ კი - ტექსტების წაკითხვის დონეებზე.
თუ მოსწავლე სიტყვებს ვერ კითხულობს და კვლავ ე.წ. „ანბანის დონეზეა“, გადამწყვეტად მნიშვნელოვანია ორი რამ: პირველი - ფონოლოგიური ანუ ბგერებთან მუშაობის უნარების გადამოწმება და მეორე - იმ ასოების ფოკუსირებულად, ხელახლა დამუშავება, რომლებიც მოსწავლეს აფერხებს სიტყვათა დეკოდირებაში.
ამ მარტივი შეფასების შედეგად მეტად მნიშვნელოვან ინფორმაციას ვიღებთ თითოეული მოსწავლის კითხვის დონის შესახებ. ყველაზე კარგი, რაც შეიძლება ამის შემდეგ გაკეთდეს, არის ის, რომ მასწავლებელმა მომდევნო დიფერენცირებული გაკვეთილები მოარგოს ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებს. კერძოდ, დაგეგმვისა და დაჯგუფებისას გაითვალისწინოს, რა დაეხმარება ამა თუ იმ მოსწავლეს წინსვლაში.
სასურველია, შეფასების ინსტრუმენტი სემესტრში რამდენჯერმე გამოვიყენოთ. ეს საშუალებას მოგვცემს, დროულად აღმოვაჩინოთ და მივუბრუნდეთ კითხვის უნარის განვითარების შემაფერხებელ ფაქტორებს.
ძალიან მნიშვნელოვანია, არცერთ მოსწავლეს არ „მივაწებოთ“ ამა თუ იმ დონის აღმნიშვნელი მუდმივი იარლიყი. ინსტრუმენტის გამოყენების მთავარი მიზანი ხომ სწორედ ესაა, რაც შეიძლება მეტი ბავშვი გადავიდეს კითხვის მომდევნო დონეზე და ჩვენ არ შევაფერხოთ ისინი ამ პროცესში.
USAID საბაზისო განათლების პროგრამის მიერ მომზადებული ყველა საგანმანათლებლო რესურსი შეგიძლია ნახოთ სწავლის მართვის პორტალზე https://chemiskola.emis.ge/“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.