აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საერთაშორისო CORE აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა ეკონომიკურ მეცნიერებაში, განსაკუთრებით, მაკროეკონომიკასა და გამოყენებით ეკონომიკაში შეტანილი წვლილისთვის საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საერთაშორისო CORE აკადემიის (International CORE Academy of Sciences and Humanities) ნამდვილ წევრად (https://www.coreacad.org/Member.aspx?ProId=116) აირჩიეს.

ინფორმაციას საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვლადიმერ პაპავა შეყვანილია აკადემიის სოციალურ მეცნიერებათა განყოფილებაში. ის ამავდროულად არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი, პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი.

„აკადემიის ვებ-გვერდიდან ვკითხულობთ, რომ ვლადიმერ პაპავას კვლევები ძირითადად ეძღვნება ეკონომიკის თეორიულ და გამოყენებით საკითხებს. კერძოდ, მის მიერ შექმნილია ნეკროეკონომიკის კონცეფცია (როგორც ეკონომიკის პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის თეორიული საფუძველი), რეტროეკონომიკის კონცეფცია (როგორც ტექნოლოგიური ჩამორჩენილობის ეკონომიკური თეორია), აგებულია ლაფერ-კეინზიანური სინთეზის მოდელი, შექმნილია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებიდან „მკვეთრი ზრდის“ ეფექტის გამორიცხვის მეთოდი, დასაბუთებულია იმპორტდამოკიდებული ქვეყნების მონეტარულ პოლიტიკაში ინფლაციის კომპლექსური თარგეთირების სისტემის მიზანშეწონილობა, შესწავლილია გლობალიზაციის ტრანსფორმაციის და ფართომასშტაბიანი ეკონომიკური სანქციების ექსტერნალიების საკითხები, შემუშავებულია ცენტრალური „კავკაზიის“ გეოეკონომიკური კონცეფცია დ სხვ.

საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საერთაშორისო CORE აკადემია დაფუძნებულია ჰონგ-კონგის მთავრობის მიერ და მისი წევრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდანაა არჩეული. აკადემია ინტერდისციპლინური, არასამთავრობო, არაკომერციული, სამეცნიერო ორგანიზაციაა და მისი წევრები მეცნიერებაში მოპოვებული დამსახურებებისთვის არიან არჩეულნი. აკადემიის მიზანია ხელი შეუწყოს ცოდნის ყველა სფეროში საერთაშორისო, მოწინავე და ინტერდისციპლინურ კვლევებს. აკადემია მოწოდებულია აღიაროს გამოჩენილი სამეცნიერო მიღწევები და ხელი შეუწყოს გლობალურ აკადემიურ თანამშრომლობას და ცოდნის გავრცელებას კაცობრიობის საკეთილდღეოდ.

სიტყვა „CORE“ შექმნილია ორი ჩინური სიტყვიდან. კერძოდ, სიტყვის პირველი მარცვალი ჩინურად „მეცნიერებას“ ნიშნავს, მეორე კი - „სიბრძნეს“.

აღსანიშნავია, რომ საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საერთაშორისო CORE აკადემიის წევრობის კანდიდატის ნომინირების უფლება მხოლოდ ამ აკადემიის წევრებს გააჩნიათ, ხოლო ნომინირებული კანდიდატის სამეცნიერო შედეგები გადის ფარულ რეცენზირებას CORE აკადემიის სხვა ორი წევრის მიერ. მხოლოდ ფარული რეცენზირების პროცესის წარმატებით გავლის შემდეგ ხდება აკადემიის ახალი წევრის არჩევა (https://www.coreacad.org/About.aspx?ClassID=29).

ვლადიმერ პაპავა მეორე ქართველია, რომელიც გახდა საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საერთაშორისო CORE აკადემიის წევრი. უფრო ადრე აკადემიის წევრად ცნობილი ქართველი მათემატიკოსი, აკადემიკოსი ხვედრი ინასარიძე (https://www.coreacad.org/Member.aspx?ProId=51) აირჩიეს. ის შეყვანილია აკადემიის მათემატიკისა და ინფორმაციული მეცნიერებების განყოფილებაში,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი