სახალხო დამცველის მოადგილემ სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში ქალთა მონაწილეობის გაძლიერებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო

8 მარტს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ ირინე ჩიხლაძემ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სემინარში მონაწილეობა მიიღო. საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის ინფორმაციით, სემინარს „ქალთა მონაწილეობის გაძლიერება სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში”ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებიდან სოციალური მუშაკები და ექიმი ქალები ესწრებოდნენ.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, თავისი გამოსვლისას ირინე ჩიხლაძემ დამსწრეებს სახალხო დამცველის მანდატი და გენდერული უთანასწორობის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული გამოწვევების საპასუხოდ აპარატის მიერ გაწეული საქმიანობა გააცნო.

„ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელი ქალების წინაშე არსებულ ბარიერებზე საუბრისას სახალხო დამცველის მოადგილემ ისაუბრა გენდერულ ძალადობასა თუ ბავშვობის ასაკში ქორწინების შემთხვევების აღმოსაფხვრელად გაწეულ არასაკმარის ძალისხმევაზე, ამ მიმართულებებით მიმდინარე გამოძიებების ხარვეზებზე, ჯანდაცვისა და სხვა სერვისების დაბალ მისაწვდომობაზე, რასაც გარკვეულწილად, სახელმწიფო ენის არცოდნაც ამძაფრებს.

ხაზი გაუსვა სტერეოტიპული შეხედულებების აღმოფხვრის აუცილებლობას და ამ მიზნის მისაღწევად, ქალების სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში ჩართვის მნიშვნელობას.

ისაუბრა აგრეთვე, სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიერ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარებულ საინფორმაციო შეხვედრებზე, რომლებიც აპარატს საშუალებას აძლევს, ერთი მხრივ, პირდაპირ გაეცნოს მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ქალებისა და გოგოების უფლებრივ მდგომარეობასა და საჭიროებებს, მეორე მხრივ კი აწვდის მათ ინფორმაციას ქვეყანაში მოქმედ სერვისებზე, როგორც ქალთა ეკონომიკური გაძლიერების, ასევე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის კუთხით არსებული დაცვისა და დახმარების მექანიზმების შესახებ.

„საინფორმაციო შეხვედრები კარგი პრაქტიკის მაგალითია, ვინაიდან, სახალხო დამცველის აპარატს უფრო და უფრო ხშირად მიმართავენ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები სხვადასხვა უფლება დარღვევის საკითხებზე, რაც თავისთავად აპარატისადმი ნდობასა და მის ცნობადობაზე მიუთითებს“, - განაცხადა სახალხო დამცველის მოადგილემ და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველი ყოველთვის მზად არის ითანამშრომლოს ხელისუფლების ყველა შტოსთან, არასამთავრობო სექტორთან, თემაზე მომუშავე ექსპერტებთან და დაინტერესებულ პირებთან გენდერული თანასწორობის მიღწევის, ქალთა გაძლიერებისა და მათი უფლებების დასაცავად.

სემინარი ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა“, - ნათქვამია სახალხო დამცველის ოფისის ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-თან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საქმე გვაქვს ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობასთან
ქართული პრესის მიმოხილვა 11.05.2026
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტები ერთ დღეში გაიყიდა
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია