ირაკლი კობახიძე - მადლობა მინდა გადავუხადო საგარეო საქმეთა მინისტრს იმისთვის, რომ  შეხვედრები გამართა ევროკავშირისა და გერმანიის ელჩებთან

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის ვიზიტი შემაშფოთებელია. როგორც კობახიძემ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ზურაბ ადეიშვილი რეპრესიული რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი ავტორ-შემოქმედი იყო, რომელსაც არაერთი დანაშაული აქვს ჩადენილი.

„მადლობა მინდა გადავუხადო საგარეო საქმეთა მინისტრს, ბატონ ილია დარჩიაშვილს იმისთვის, რომ გამართა შეხვედრები როგორც ევროკავშირის, ასევე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან. ჩვენთვის შემაშფოთებელია ეს ვიზიტები. კიდევ ერთხელ მინდა ამასთან დაკავშირებით ჩემი პირადი პოზიცია გამოვხატო. ყველამ ვიცით, ვინ არის და ვინ იყო ზურაბ ადეიშვილი, ეს იყო რეპრესიული რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი ავტორ-შემოქმედი. ამ რეჟიმის ერთ-ერთი ლიდერი. ძალიან ბევრი ადამიანის, სიცოცხლე, ჯანმრთელობა კეთილდღეობა შეიწირა იმ რეჟიმმა. საუბარია ათიათასობით ადამიანზე. გარდა ამისა, ზურაბ ადეიშვილი არის მსჯავრდებული რამდენიმე კონკრეტულ საქმეზე და დამატებით არის ბრალდებული 2 საქმეზე. ეს არის ძალიან მძიმე დანაშაულები. მაგალითად, ეს არის ერთ-ერთი კომერციული ობიექტის „ღვინის ქარხნის“ მიტაცების, უკანონოდ ჩამორთმევის საქმე. დამეთანხმებით, ეს მარტივი დანაშაული არ არის. ეს არის ერთ-ერთი ტელეკომპანიის „იბერიას“ ხელში ჩაგდების საქმე. მედიის წინააღმდეგ მიმართული უმძიმესი დანაშაული. ეს არის კობა დავითაშვილის გატაცების და მასზე სასტიკი ძალადობის საქმე, რაშიც ზურაბ ადეიშვილი პირდაპირ იყო ჩართული. ეს არის პატიმრების წამების საქმე, რომელზეც მას მსჯავრი აქვს შეფარდებული. ეს არის ასევე „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმე, უმძიმეს დანაშაულებზეა საუბარი. ასეთი ადამიანი როდესაც სარგებლობს ევროკავშირში თავისუფალი მიმოსვლით, ეს რა თქმა უნდა, ღრმად შემაშფოთებელი არის თითოეული ჩვენგანისთვის. ასევე, ზურაბ ადეიშვილს ბრალი აქვს წაყენებული 7 ნოემბრის ძალადობის საქმეზე და ბუტა რობაქიძის მკვლელობის დანაშაულის დაფარვის საქმეზე. ეს არის კონკრეტული უმძიმესი დანაშაულები. როდესაც ასეთ დანაშაულებში ბრალდებული პირი თავისუფლად გადაადგილდება ევროპაში უკრაინული დელეგაციის შემადგენლობაში, ეს არის რა თქმა უნდა, შემაშფოთებელი და არ შეიძლებოდა ეს ფაქტი რეაგირების გარეშე დაგვეტოვებინა. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმას, რაც განცხადებაში მითითებული იყო, ასეთი ფაქტები ძირს უთხრის ქართული საზოგადოების აღქმას იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპული ბიუროკრატია არის ფასეულობების ერთგული. ისეთ ფასეულობების, როგორიც არის პირველ რიგში, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი“, - განაცხადა კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება