„ევროოპტიმისტები“ - საბიუჯეტო დაწესებულებებში შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა უფრო სწრაფი ტემპით იზრდება, ვიდრე შტატიანების, რაც შეიძლება ნეპოტიზმითა და  პოლიტიკური კორუფციით იყოს გამოწვეული

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ ინფორმაციით, საბიუჯეტო დაწესებულებებში შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა უფრო სწრაფი ტემპით იზრდება, ვიდრე შტატიანების, რაც შეიძლება ნეპოტიზმითა და პოლიტიკური კორუფციით იყოს გამოწვეული.

“ევროოპტიმისტების“ მონაცემებით, სახელმწიფო სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში 2022 წელს შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა 2016 წელთან შედარებით გაზრდილია 18 470-ით, ხოლო შტატიანების კი შემცირებულია. მათივე შეფასებით, საყურადღებოა 2022 წელი, ვინაიდან სახელმწიფო სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში წინა წელთან შედარებით დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად - 9 969 ადამიანით გაიზარდა, აქედან 7 745-ით გაიზარდა შტატგარეშეები და 2 224 - ით შტატიანები.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ევროოპტიმისტების“ ინფორმაციით, მათ ჩაატარეს კვლევა, რომლის მიზანი საქართველოში არსებული ბიუროკრატიული აპარატის სიდიდისა და მასზე გაწეული დანახარჯების შესწავლა - კერძოდ კი, სახელმწიფო ბიუჯეტს დაქვემდებარებულ სახელმწიფო დაწესებულებებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობისა და მათი შრომის ანაზღაურების დადგენა იყო.

“საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ბიუროკრატიული ხარჯები ყოველწლიურად იზრდება. საქონლისა და მომსახურების ხარჯებთან ერთად მზარდია სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა და ხელფასები. ამდენად, უცნაურად გამოიყურება ის ფაქტი, რომ მთავრობისათვის ბოლომდე ცნობილი არ არის, თუ რამდენი ადამიანია დასაქმებული სახელმწიფო ბიუჯეტს დაქვემდებარებულ სახელმწიფო დაწესებულებებში. სახელმწიფო ბიუჯეტში შრომითი ხელშეკრულებით (გარდა ცენტრალური ბიუჯეტის ფარგლებში არსებული სსიპ-ებში და ა(ა)იპ-ებში) დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა არ ჩანს“, - ნათქვამია “ევროოპტიმისტების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ცნობით, ბიუროკრატიული ხარჯების ყველაზე დიდი წილი სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე მოდის - სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2013-2022 წლებში ჯამში დაახლოებით 16,8 მლრდ. ლარის ოდენობის ხელფასი გაიცა, მათ შორის შტატგარეშეებზე 2,3 მლრდ. ლარი.

“იმავე პერიოდში ერთი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი საშუალოდ შეადგენს 13 მლრდ. ლარს - ანუ ამ ცხრა წლის განმავლობაში გაცემული შრომის ანაზღაურება ერთი წლის საშუალო ბიუჯეტს აღემატება.

თვალშისაცემია, შტატიანი და შტატგარეშე თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ზრდის ტემპიც. 2013-2022 წლებში შტატგარეშეთა შრომის ანაზღაურება საშუალოდ (ყოველწლიურად) 19%-ით იზრდება მაშინ, როდესაც შტატიანების ხელფასები 5%-ით იზრდება. ეს ყოველივე დასტურია იმისა, რომ შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა უფრო სწრაფი ტემპით იზრდება, ვიდრე შტატიანების, რაც შეიძლება ნეპოტიზმითა და პოლიტიკური კორუფციით იყოს გამოწვეული. 2022 წელს 2013 წელთან შედარებით შტატგარეშე დასაქმებულთა ხელფასები 348 მილიონი ლარითაა გაზრდილი, 2015 წელთან და 2018 წელთან შედარებით კი შესაბამისად 284 მილიონი ლარით და 221 მილიონი ლარით.

სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტში, რომელიც პარლამენტში ყოველწლიურად იხილება, შტატგარეშე დასაქმებულების შრომის ანაზღაურების მოცულობა არ არის ცალკე გამოყოფილი, იგი დაფარულია და ეს თანხები გაერთიანებულია საქონლისა და მომსახურების მუხლში. ასეთი მდგომარეობა არ იძლევა კანონპროექტის ობიექტურად განხილვის შესაძლებლობას. აღნიშნული სახის შრომის ანაზღაურება გამჟღავნებულია მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებში, ანუ ხელმისაწვდომია “პოსტ ფაქტუმ“, - ვკითხულობთ “ევროოპტიმისტების“ კვლევის შედეგებში.

მათივე ცნობით, დასაქმებულთა დაკომპლექტება ხდება პრინციპით: - “ცოტ-ცოტა და ყველას”, ხოლო სხვაობა შტატიანი და შტატგარეშე თანამშრომლების ხელფასების დონეში არის 46%.

“რაც შეიძლება მეტის დასაქმება მცირე ანაზღაურებით პოლიტიკური მოტივითაცაა განპირობებული. ასეთი მიდგომა ორიენტირებულია არა შესასრულებელი სამუშაოს ხარისხზე და რესურსების ეფექტიანად გამოყენებაზე, არამედ მმართველ პარტიასთან პოლიტიკურად დაკავშირებული აქტივისტების დასაქმებაზე, რომლებიც საარჩევნო პერიოდში მოგვევლინებიან, როგორც პარტიის აგიტატორები. განსაკუთრებით თვალშისაცემია ეს მუნიციპალურ სსიპ-ებში და ა(ა)იპ-ებში.

შტატგარეშე დასაქმებული პირები მმართველი პარტიის მიმართ ლოიალურად განწყობილი მოსამსახურეები არიან, რომლებიც საარჩევნო პროცესში დიდ როლს თამაშობენ და სამწუხაროდ, მათ ჩვენივე გადახდილი გადასახადებით ვაფინანსებთ.

მნიშვნელოვნად განსხვავებულია შრომის ანაზღაურების ოდენობა სხვადასხვა უწყებებში მსგავს პოზიციებზე (ერთი და იგივე ხასიათის სამუშაოებზე) დასაქმებულთა შორის. უფრო მეტიც, ანალოგიური მდგომარეობა შეიმჩნევა ერთი უწყების შიგნითაც კი. ეს განპირობებულია ნეპოტიზმით და ამა თუ იმ უწყების “პოლიტიკური გავლენით“, რაც საბოლოო ჯამში საბიუჯეტო სახსრების არარაციონალურად გამოყენებას იწვეს. ერთიანი სტანდარტის არარსებობა შტატგარეშე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების სამართლიანად დარეგულირების შესაძლებლობას არ იძლევა“, - ნათქვამია “ევროოპტიმისტების“ კვლევაში.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შეფასებით, უნდობლობის განცდას და რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის შტატგარეშე მოსამსახურის სამსახურში მიღების გამარტივებული და გაუმჭვირვალე კონკურსის წესი, სადაც გადამწყვეტი გასაუბრების საფუძველზე უფლებამოსილი პირის თანხმობაა. ამავე კვლევაში აღნიშნულია, რომ შტატგარეშე მოსამსახურეთა დასაქმების საჭიროება ბუნდოვანია და ხელშეკრულებებში არც მათი ფუნქცია-მოვალეობაა დეტალურად გაწერილი.

“ვინაიდან საჯარო სამსახური მთავრობისა და მმართველი პარტიის ზეგავლენას განიცდის, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული ადამიანების რაოდენობა და მათი შრომის ანაზღაურება ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. რაც უფრო მძიმეა ბიუროკრატიული ტვირთი, მით უფრო მეტი ფული იფლანგება ბიუჯეტიდან. ამიტომ, აუცილებელია ბიუროკრატიული აპარატის იმ ზომით არსებობა, რომელიც საკმარისი იქნება სახელმწიფოს მიზნების ეფექტიანი განხორციელებისთვის“, - აცხადებენ “ევროოპტიმისტები“.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის