გიორგი სიორიძე - ვეტოს დაძლევით „ქართულმა ოცნებამ“ სახელმწიფოს ერთი ნაბიჯი უკან გადაადგმევინა - მათი მიზანია, მარიონეტული ცესკოთი ჩაატაროს 2024 წლის ისტორიული არჩევნები

დღეს „ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ გადაუსვა ხაზი ევროკავშირის 9 დათქმიდან მე-4 დათქმის შესრულებას - ვეტოს დაძლევით „ქართულმა ოცნებამ“ ერთი ნაბიჯი უკან გადაადგმევინა ჩვენ სახელმწიფოს, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა წევრმა, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სიორიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 2024 წლის არჩევნების ბედს, მიუხედავად დღევანდელი ხელისუფლების მცდელობებისა, მაინც საქართველოს ამომრჩეველთა ნება გადაწყვეტს, რადგან ხალხი, არის ერთადერთი ძალა, რომლის წინაშეც ნებისმიერი ხელისუფლება უძლურია.

„დღეს „ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ გადაუსვა ხაზი ევროკავშირის 9 დათქმიდან მე-4 დათქმის შესრულებას. იმ ისტორიულ გზაზე, რომელიც საქართველომ უნდა გაიაროს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსიდან სრულ წევრობამდე, ქვეყანამ 9 ნაბიჯი უნდა გადადგას ევროპისკენ. სამწუხაროდ, ვეტოს დაძლევით „ქართულმა ოცნებამ“ ერთი ნაბიჯი უკან გადაადგმევინა ჩვენ სახელმწიფოს.

„ქართული ოცნება“ ერთპარტიულად დაძლევს ვეტოს, ერთპარტიულად იღებს საარჩევნო რეფორმას და ერთპარტიულად დააკომპლექტებს საარჩევნო ადმინისტრაციას. მათი მიზანია, ლეგიტიმაციის კრიზისში მყოფ ცესკოს ფორმალური კანონიერება შესძინოს და მისი მორჩილი, მარიონეტული ცესკოთი ჩაატაროს 2024 წლის ისტორიული არჩევნები.

საარჩევნო რეფორმას საქართველოში ყოველთვის ფართო ჩართულობით იღებდნენ ხოლმე იმიტომ, რომ არჩევნები ყველასია, ვინც მასში მონაწილეობას იღებს, საარჩევნო კანონმდებლობა კი, თამაშის წესებია, რომელზეც მხარეები შეთანხმებულნი უნდა იყვნენ. მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ იკადრა, რომ როგორც ერთ-ერთმა მოთამაშემ, თავად დაადგინოს წესები და თანაც, არბიტრიც თვითონ იყოს. მმართველი პარტია, ვეტოს დაძლევით უპირისპირდება ევროპელ პარტნიორებს, ქართულ ოპოზიციურ სპექტრს, სამოქალაქო საზოგადოებას და, რაც მთავარია, ქართული საზოგადოებას, მათ შორის, მათივე ელექტორატის იმ მნიშვნელოვან ნაწილს, რომელსაც საქართველოს ევროკავშირში ხილვა სურს. თუმცა ხალხი, არის ერთადერთი ძალა, რომლის წინაშეც უძლურია ნებისმიერი ხელისუფლება, რომლის მოთვინიერებაც შეუძლებელია. ასე იყო 1990 წელს, როდესაც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს ჩატარდა უზენაესი საბჭოს მრავალპარტიული არჩევნები და გადავარდა კომუნისტური დიქტატურა. ასე იყო 2003 წელს, როდესაც მოხდა ხელისუფლების ცვლილება. ასე იყო 2012 წელსაც, როდესაც მაშინდელი ხელისუფლება, მიუხედავად ტოტალური კონტროლისა, იძულებული გახდა ოპოზიციაში გადასულიყო. „ქართული ოცნებაც“ ვერ აღუდგა ხალხის ნებას: „გავრილოვის ღამე“ და „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართული აქციები ამის ნათელი მაგალითია. ასე რომ, 2024 წლის არჩევნების ბედს, მიუხედავად დღევანდელი ხელისუფლების მცდელობებისა, გადაწყვეტს საქართველოს ამომრჩეველთა ნება, რომელიც მოუთვინიერებელია“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე