ჩვენ არ გაგვაჩნია საგარეო პოლიტიკური სტრატეგია, ეს არის სირცხვილი, რადგან ასეთ ტურბულენტურ სამყაროში, როგორ შეიძლება ქვეყანამ იმუშაოს გამართული საგარეო პოლიტიკური სტრატეგიის გარეშე, - ამის შესახებ “სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა განაცხადა.
როგორც ჩეჩელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ აღნიშნა, საგარეო პოლიტიკური სტრატეგიის არ არსებობის გამო, მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან სტრატეგიულ პარტნიორებთან მიმართებით წინააღმდეგობრივი განცხადებები ისმის.
„დღეს ჩვენ არ გაგვაჩნია საგარეო პოლიტიკური სტრატეგია, ეს არის სირცხვილი, რადგან ასეთ ტურბულენტურ სამყაროში, როგორ შეიძლება ქვეყანამ იმუშაოს გამართული საგარეო პოლიტიკური სტრატეგიის გარეშე? ამიტომაც, გვესმის წინააღმდეგობრივი შეფასებები - კობახიძე ერთს ლაპარაკობს, პაპუაშვილი - მეორეს. კობახიძე მადლობას უხდის სტოლტენბერგს, პაპუაშვილი - თითს უქნევს და ა.შ. ჩამოყალიბებული საგარეო პოლიტიკური სტრატეგია არ არსებობს“, - განაცხადა ჩეჩელაშვილმა.
მისივე მოსაზრებით, ევროკავშირის მხრიდან 9 - პუნქტიანი დათქმა ბოლო ავანსია, რაც საქართველომ მიიღო და დათქმებს შორის მთავარი არის ის, თუ როგორ ჩატარდება მიმდინარე წლის, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები.
“ჩვენი ერთ-ერთი კონსტიტუციური პრიორიტეტია, საჯარო სექტორის მიერ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების ხელის შეწყობა. პატივცემულ ბატონებს უნდათ თუ არა, ამ ორ 2 ორგანიზაციას გაწევრიანების საკუთარი კრიტერიუმები აქვს.
საქმე იმაშია, რომ ჩვენ გვინდა გავწევრიანდეთ ევროკავშირში, ისე ხომ არ ხდება, რომ ევროკავშირის უნდა საქართველოში გაწევრიანება. კანდიდატის სტატუსი მიღება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის დადებითად აფასებს იმას, რასაც საქართველოს მთავრობა დღეს აკეთებს. 9 - პუნქტიანი დათქმა ბოლო ავანსია, რაც მივიღეთ, მთავარი არის ის, თუ როგორ ჩავატარებთ ოქტომბრის არჩევნებს. ვფიქრობ, დამკვირვებლები თავიანთ რეპორტებში დაწერენ იმ ფაქტს, რომ ცესკოს ოპოზიციური მოადგილის პოსტი გაუქმდა“, - განაცხადა ჩეჩელაშვილმა.
ამასთან, როგორც ჩეჩელაშვილი აცხადებს, მთავრობა საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით სტრატეგიული ხასიათის შეცდომებს უშვებს.
„ძალიან ბევრ შეცდომას ვხედავთ, არის სტრატეგიული ხასიათის შეცდომები, ასევე, სასაცილო, პროტოკოლური ხასიათის. ფაშინიანის ვიზიტის დროს, ილჰამ ალიევის ვიზიტის დროს, სტოლტენბერგის ვიზიტის დროსაც დროშების რიგითობა იყო დარღვეული. ამ 30 წლის განმავლობაში რაღაცები ვისწავლეთ და ასეთი შეცდომები არ უნდა მოგვივიდეს“ , - განაცხადა ჩეჩელაშვილმა.