რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ რუსთავში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაასრულა.
კომპლექსის გახსნას დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია.
,,დღეს რუსთავში დიდი დღეა, ქალაქს უკვე აქვს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, მულტიფუნქციური სპორტკომპლექსი. სპორტის 8 ოლიმპიური სახეობის წარმომადგენლები შეძლებენ აქ არა მხოლოდ ივარჯიშონ, არამედ ჩაატარონ მაღალი დონის ტურნირები. ყველა დისციპლინისთვის გათვალისწინებულია შესაბამისი სივრცეები, დარბაზები, რომელიც აღჭურვილია აუცილებელი ინფრასტრუქტურით. ეს ყველაფერი საუკეთესო შესაძლებლობებს შექმნის, როგორც ახალგაზრდა თაობისთვის, ასევე პროფესიული სპორტის განვითარებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
ორსართულიანი, დახურული ტიპის სპორტული კომპლექსის მთავარი დარბაზი მოემსახურება 8 ოლიმპიურ სპორტულ სახეობას. კერძოდ, დარბაზში შესაძლებელი იქნება ღონისძიებების გამართვა კალათბურთის, ფრენბურთის, ხელბურთის, მინი ფეხბურთის, კრივის, ჭიდაობის, ძიუდოს, ფარიკაობის სპორტულ სახეობებში.
დარბაზის მოძრავი, ეგრეთ წოდებული ტელესკოპური ტრიბუნები გათვლილია 1500 მაყურებელზე და სივრცის ეფექტური გამოყენების საშუალებას იძლევა. დარბაზი მოწყობილი და აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. შეჯიბრებების ჩასატარებლად დარბაზში დამონტაჟებულია ლედ ეკრანები. შენობა აღჭურვილია გათბობის, გაგრილებისა და ვენტილაციის სისტემებით.
სპორტულ კომპლექსში უკვე აღჭურვილია ფიტნეს დარბაზი და გათვალისწინებულია სპორტსმენების ვარჯიშისთვის და ადგილობრივი თუ საერთაშორისო დონის შეჯიბრებებისთვის საჭირო ყველა სივრცე: გასახდელები, საშხაპეები, დასასვენებელი და ინვენტარის შესანახი ოთახები, საკონფერენციო დარბაზი, ღია კაფე.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის გუნდს შესრულებული სამუშაოსთვის, კონტრაქტორ კომპანიას და ასევე, საერთაშორისო პარტნიორს აზიის განვითარების ბანკს, რომლის ფინანსური მხარდაჭერითაც აშენდა კომპლექსი.
,,სიმბოლურია, რომ გახსნას დაესწრო UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია, როდესაც საუკეთესო სპორტსმენი შენს გვერდითაა და გაქვს საუკეთესო ინფრასტრუქტურა ეს არის ერთგვარი წინაპირობა, რომ აუცილებლად გაიზრდებიან ახალი რუსთაველი ჩემპიონები“, -აღნიშნა მინისტრმა.
კომპლექსის მიმდებარედ მოეწყო რეკრეაციული ზონა, საფეხმავლო ბილიკები, 85 ავტომანქანაზე გათვლილი ღია ავტოსადგომი და დამონტაჟდა გარე განათების ლამპიონები.
მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
პროექტი აზიის განვითარების ბანკის 24 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.