საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ტყუილს უწოდებს ოპოზიციონერების განცხადებებს, რომ „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეაზე რეზოლუციის პროექტის ინიცირების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.
როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შესაბამისი ტექსტი დარიგებული იყო.
„მარტივად იშიფრება ეს ტყუილი, იმიტომ რომ დარიგებული იყო. მაკა ბოჭორიშვილს რომ სიტყვა არ ეთქვა (არადა უთხრა, თხოვნა იყო ჩვენი მხრიდან) დარიგებული იყო შესაბამისი წესით, როგორც იგზავნება ხოლმე. ნებისმიერ მათგანს შეეძლო ენახა, ნახავდნენ, ამის გარეშე შეუძლებელი იყო. მარტივი ტყუილია. ახლა ძალიან აიჭრნენ ამ საკითხთან დაკავშირებით და გაიშიფრნენ, რომ საქართველოს ევროინტეგრაციას, ოფიციალურ დოკუმენტში, სადაც შეიძლებოდა ერთობა დაფიქსირებულიყო, მხარი არ დაუჭირეს. ამჯერად, დოკუმენტურადაც დადასტურდა, რომ მათ მხარი არ დაუჭირეს დოკუმენტს, სადაც საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის მხარდაჭერაზე და შესაბამის მკაფიო, კიდევ ერთ განაცხადზე იყო საუბარი. მილიონი ეჭვი შეიძლება გამოითქვას, მაგალითად ის, რომ საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის ერთად ყოფნა არ უნდოდათ რაღაც დოკუმენტში, თავისი ქვეყნის წინააღმდეგ მიდიოდნენ და ათასგვარი ვერსია შეიძლება იყოს. მტკიცებულება და ფაქტობრივი გარემოებები იმაზე მიუთითებენ, რომ მათ მხარი არ დაუჭირეს, არ გახდნენ ინიციატორები რეზოლუციის, სადაც საქართველოს ევროპულ გზაზე იყო საუბარი“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
კითხვაზე, რატომ არ მიმართეს რეზოლუციის მხარდაჭერის თაობაზე ორგანიზაციის სხვა წევრებს, მდინარაძე ამბობს რომ ამის საჭიროება არ არსებობდა, რადგან მხარდაჭერაზე უკრაინელების თანხმობა ბოლო წუთებამდე ჰქონდათ.
„უარი არ მიუღიათ, ამაშია საქმე. ბოლო წუთამდე ჰპირდებოდნენ [უკრაინელები]. რომ დადგა შესაბამისი დრო, როდესაც ვადა ამოიწურა, აღმოჩნდა, რომ თურმე ხელს არ აწერენ. არც ყოფილა სხვა დეპუტატებთან კომუნიკაცია, რადგან ამის საჭიროება არ იყო, უკრაინელებიც ხელს აწერდნენ, ქართულ ოპოზიციას ხელი რომც არ მოეწერა. მათი [ოპოზიციის] მხრიდან არ იყო წინასწარი თანხმობა. უკრაინელებისგან იყო“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.