ილია დარჩიაშვილი - საგარეო უწყება მიმართავს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას, რათა უცხოეთში მცხოვრებმა თანამემამულეებმა მარტივად და დაბრკოლებების გარეშე შეძლონ ხმის მიცემა

დემოკრატიული, თავისუფალი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნების უზრუნველყოფა გახლავთ ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი და ამოცანა, რომლის შესასრულებლადაც მიმდინარეობს აქტიური, მრავალმხრივი მუშაობა როგორც საკანონმდებლო დონეზე, ისე არჩევნების ადმინისტრირების კუთხით, მათ შორის, საგარეო უწყების ჩართულობით, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, პარლამენტში ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საგარეო უწყება თანამშრომლობს ეუთოს შესაბამის ერთეულთან საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევის მიზნით; აგრეთვე ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარეობს ყველა იმ საკითხის კოორდინირება, რომლებიც უზრუნველყოფს საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების საარჩევნო უფლების სრულყოფილ რეალიზაციას.

ილია დარჩიაშვილის ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2020 წლის 23 აპრილის N01-72 ბრძანებით დამტკიცებული „საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის“ თანახმად, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების მიზანია საზღვარგარეთ მათი უფლებების, კანონიერი ინტერესების დაცვა და საკონსულო ფუნქციების ეფექტიანი განხორციელება, რაც გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან მრავალი სამართლებრივი ხასიათის მომსახურებას. შესაბამისად, მინისტრის თქმით, საკონსულო აღრიცხვაზე მოქალაქეთა დადგომა არ ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო უფლების რეალიზაციას.

„საკონსულო აღრიცხვის მონაცემები გამოიყენება გლობალური, რეგიონული ან ადგილობრივი კრიზისული სიტუაციების დროს საქართველოს მოქალაქეების ეფექტიანი საკონსულო დაცვის უზრუნველყოფისა და მათ საჭიროებებზე რეაგირების მიზნით. ჩვენ ამის მაგალითები არაერთხელ გვქონია, მათ შორის, გლობალური პანდემიის დროს“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

როგორც მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა ნებაყოფლობითია და ამისათვის საგარეო უწყება მოქალაქეებს მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს. კერძოდ, მოქალაქეს შეუძლია საკონსულო აღრიცხვაზე დადგეს როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით, ისე ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში/საკონსულო დაწესებულებაში პირადი გამოცხადების გზით ან განაცხადის საფოსტო გზავნილით გაგზავნის საშუალებით. მოქალაქეების საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება ხდება კონკრეტული საკონსულო ოლქის ფარგლებში. საკონსულო აღრიცხვაზე დადგომისთვის არ არის დაწესებული საკონსულო მოსაკრებელი და, შესაბამისად, მომსახურება უფასოა.

„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები/საკონსულო დაწესებულებები მჭიდრო კომუნიკაციაში იმყოფებიან საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან. დიასპორის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, რეგულარული ხასიათი აქვს თანამემამულეებთან შეხვედრებს სხვადასხვა ფორმატში, რამაც ბოლო წლებში განსაკუთრებით ინტენსიური ხასიათი მიიღო. საკუთრივ ჩვენს საკონსულო დაწესებულებებს უწევთ ინტენსიური, თითქმის ყოველდღიური კომუნიკაცია თანამემამულეებთან მათი საჭიროებების, უფლებებისა და სხვადასხვა საკონსულო სერვისის შესახებ. საკონსულო თანამდებობის პირები მუდმივად ცდილობენ მოქალაქეებს განუმარტონ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მნიშვნელობა და განსაკუთრებით გაუსვან ხაზი იმ გარემოებას, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა და არჩევნებში მონაწილეობა არ უკავშირდება მოქალაქისათვის რაიმე არასასურველ სამართლებრივ შედეგს, ეს ემსახურება მათ საჭიროებებზე რეაგირებასა და უფლებების დაცვას. მიუხედავად ჩვენი ძალისხმევისა, მოქალაქეების მხრიდან საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის აქტივობა, სამწუხაროდ, კვლავ დაბალია“, - აღნიშნა მინისტრმა.

ილია დარჩიაშვილმა დამატებით განმარტა, რომ უშუალოდ საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის საჭიროებასთან დაკავშირებით, წინა არჩევნებზე დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად გეგმავს საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის აქტიურად აწარმოოს საინფორმაციო კამპანია როგორც უშუალოდ ამ საკითხზე, ისე არჩევნებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით.

ამასთან, მინისტრის თქმით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჯერ კიდევ 2023 წელს აწარმოვა ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია საკონსულო საქმიანობის მართვის ელექტრონული სისტემის (პორტალი geoconsul.gov.ge) შესახებ, რომელმაც ასიათასობით მოქალაქე მოიცვა (980,000 ადამიანი, მოქალაქეთა 39,30 %). აღნიშნული კამპანია მოიცავდა საინფორმაციო ხასიათის ვიდეორგოლებს და მიზნად ისახავდა საზოგადოების ინფორმირებას როგორც პორტალის, ისე ზოგადად საკონსულო სერვისების, მათ შორის, საკონსულო აღრიცხვის თაობაზე.

„განვლილ არაერთ არჩევნებზე დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, სამინისტრო, მოქალაქეთა საარჩევნო უფლების უზრუნველყოფის მიზნით, მიმართავს მის ხელთ არსებულ კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაძლებლობას, რათა უცხოეთში მცხოვრებმა თანამემამულეებმა მარტივად და რაიმე დაბრკოლებების გარეშე შეძლონ ხმის მიცემა. ასე მაგალითად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ამოქმედდა სპეციალური საძიებო ველი, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ გადაემოწმებინათ საკონსულო აღრიცხვაზე მათი ყოფნის ფაქტი. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში, სამინისტრო კვლავ გეგმავს მოქალაქეებისთვის ანალოგიური შესაძლებლობის მიცემას“, - აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო