საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლის, სოფო ჯაფარიძის განცხადებით, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვების კამპანია სრულდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
როგორც ჯაფარიძე აცხადებს, შეგროვებულ ხელმოწერებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან წარადგენენ.
„ახლა ვიმყოფებით ბოლნისში, მართლაც წარმოუდგენელია რაც ხდება ყველგან, მთელი საქართველოს მასშტაბით. ადამიანები რიგებში დგანან, რომ მოვიდნენ და ხელი მოაწერონ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას. ჩვენი კამპანია სრულდება და მართლაც უპრეცედენტო აქტივობა იყო მთელი საქართველოს მასშტაბით, რითიც ძალიან ბედნიერი ვარ. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს. ასი ათასობით ადამიანმა მოაწერა ხელი და კიდევ ვიტყვი, რომ საქართველოში, სადაც ყოველთვის ტრადიციულად ძალიან ჭირს ნებისმიერ თემაზე, საკითხზე ხელმოწერების შეგროვება, ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნამ გააერთიანა ასობით ათასი ადამიანი. ძალიან მიხარია, რომ არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერები, არამედ აქ არიან ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ არც მიხეილ სააკაშვილის და არც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები. აქ დგანან სახელმწიფო მოხელეები, ის ადამიანები, რომლებიც აქამდე არ იყვნენ ჩვენს რიგებში და ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის უპირობო გათავისუფლებას. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო მათ და შემდეგ კვირაში უკვე ასობით ათასი ადამიანის ხელმოწერა შევა სალომე ზურაბიშვილთან და მინდა მივმართო მას - ქალბატონო სალომე, ნუ დაგვიმახინჯებთ ქვეყნის ისტორიას, უპირობოდ უნდა გაათავისუფლოთ მიხეილ სააკაშვილი და უნდა გაითვალისწინოთ იმ ქვეყნის ასობით ათასი ადამიანის პოზიცია, რომელი ქვეყნის პრეზიდენტიც თქვენ ხართ“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.