სოსო გიორგაძე კიშინეუში იმყოფება, სადაც ევროკავშირის ახალი რეგიონული პროექტის დაწყების ღონისძიება იმართება

„საქპატენტის“ თავმჯდომარე, სოსო გიორგაძე მოლდოვას დედაქალაქში იმყოფება, სადაც ინტელექტუალური საკუთრების დარგში ევროკავშირის ახალი რეგიონული პროექტის EU4IP დაწყების ოფიციალური ღონისძიება იმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, პროექტში, „საქპატენტთან“ ერთად, მოლდოვას ინტელექტუალური საკუთრების სახელმწიფო სააგენტო (AGEPI) და უკრაინის ინტელექტუალური საკუთრებისა და ინოვაციების ეროვნული უწყება (UANIPIO) ჩაერთვება.

„აღსანიშნავია, რომ ახალი პროექტის დაწყებას წინ უძღოდა ევროკავშირი-საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ერთობლივი სამწლიანი პროექტი (EUGIPP), რომლის ფარგლებში მიღწეული შედეგების საფუძველზე, ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) ინიციატივით, გადაწყდა რეგიონულ დონეზე ახალი პროექტის დაწყება.

ოფიციალურ ცერემონიაზე სოსო გიორგაძემ, EUGIPP-ს პროექტის ფარგლებში, საქართველოში შესრულებულ სამუშაოებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ განხორციელდა ინტელექტუალური საკუთრების სფეროში საქართველოსა და ევროკავშირის მარეგულირებელი აქტების ანალიზი და ამის შესაბამისად მომზადდა სასაქონლო ნიშნების, დიზაინის, საავტორო უფლებებისა და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების მარეგულირებელ აქტებში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი.

ამასთანავე, EUGIPP-ს პროექტის ფარგლებში, აღსრულების ორგანოებისთვის შემუშავდა გზამკვლევები, ჩატარდა აღსრულების ფორუმი, სემინარები და ტრენინგები, ასევე, ქართველი მოსამართლეებისთვის მოეწყო სამუშაო შეხვედრები. გარდა ამისა, კრეატიულობისა და ინტელექტუალური საკუთრების სწავლების წახალისების მიზნით, მასწავლებლებისთვის ქართულ ენაზე მომზადდა 17 დასახელების სასწავლო მასალა, მთელი ქვეყნის მასშტაბით გადამზადდა 108 მასწავლებელი საქართველოს 28 სკოლიდან. 2700 მოსწავლეს ჩაუტარდა 950 გაკვეთილი ინტელექტუალური საკუთრების დარგის სხვადასხვა მიმართულებით ცნობიერების ასამაღლებლად. ქართულ ენაზე ითარგმნა და ადაპტირდა EUIPO-ს სასწავლო კურსები, ამავდროულად, ქართულ ენაზე ითარგმნა და დაინერგა საძიებო სისტემების TMClass და HDB (70000-მდე ტერმინი) მონაცემთა ბაზები. განხორციელდა უწყების თანამშრომლების კვალიფიკაციის ასამაღლებელი და სხვა ინსტიტუციური აქტივობები. დაინერგა ხარისხის მართვის საერთაშორისო სისტემა ISO 9001.

ახალი EU4IP პროექტი, რომლის ბიუჯეტი 4 მილიონი ევროა, მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების რეგისტრაციის, დაცვისა და აღსრულების ეფექტიანი მექანიზმების დანერგვას. პროექტის ფარგლებში, ასევე, იგეგმება ევროპული და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა, რათა პროექტის მონაწილე ქვეყნებში შეიქმნას ხელსაყრელი გარემო ინოვაციის, შემოქმედებითი საქმიანობისა და თავისუფალი კონკურენციისათვის, რაც დაეხმარება საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებას, გააძლიერებს მცირე თუ საშუალო საწარმოების (SMEs) პოტენციალს და გაზრდის ამ ქვეყნებში ინვესტიციის მიმზიდველობას. ეს თანამშრომლობა დაეხმარება სამივე კანდიდატ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანებასა და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ქსელთან (EUIPN) მიერთებაში.

კიშინეუში მიმდინარე ღონისძიების ფარგლებში, სოსო გიორგაძე ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების EUIPO-ს აღმასრულებელ დირექტორს (ED) ჟოაო ნეგრაოს შეხვდა. შეხვედრები გაიმართა, ასევე, მოლდოვას ვიცე-პრემიერებთან -კრისტინა გერასიმოვასა (ვიცე-პრემიერი ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში, მოლდოვის რესპუბლიკის მთავარი მომლაპარაკებელი ევროკავშირში გაწევრიანებაზე) და მიჰაილ პოპუსოისთან (ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი) ასევე, მოლდოვას რესპუბლიკაში ევროკავშირის ელჩთან იანის მაჟეიქსისთან. გარდა ამისა, მოლაპარაკებები შედგა მოლდოვას პარლამენტის წარმომადგენლებთან და მოლდოვას ეკონომიკური კვლევების აკადემიის ხელმძღვანელობასთან პან-ევროპული სტაჟირების (PES) პროგრამის ფარგლებში.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში ბენეფიციარი ქვეყნების – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ინტელექტუალური საკუთრების უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვას, პოლონეთისა და რუმინეთის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული უწყებების ხელმძღვანელები იღებენ მონაწილეობას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში