მამუკა მდინარაძე - ვისი გადაწყვეტილებაც არ მოსწონთ, ყველა არალეგიტიმურია, ყველას მიმართ შეიძლება ეჭვის გამოთქმა, მათ შორის, ევროპული, ისეთი ავტორიტეტული სტრუქტურების მიმართ, როგორიც სტრასბურგის სასამართლოა

ვისი გადაწყვეტილებაც არ მოსწონთ, ყველა არის არალეგიტიმური, ყველას მიმართ შეიძლება ეჭვის გამოთქმა, მათ შორის, ევროპული, ისეთი ავტორიტეტული სტრუქტურების მიმართ, როგორიც არის სტრასბურგის სასამართლო, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც ის გამოეხმაურა პარტია „ახალის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ მისი სარჩელი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო.

მდინარაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მოეწონა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, თქვეს, რომ ის არალეგიტიმურია და ეჭვი შეაქვთ მის სისწორეში.

„ვისი გადაწყვეტილებაც არ მოსწონთ, ყველა არის არალეგიტიმური, ყველას მიმართ შეიძლება ეჭვის გამოთქმა, მათ შორის, ევროპული, ისეთი ავტორიტეტული სტრუქტურების მიმართ, როგორიც არის სტრასბურგის სასამართლო. შესაბამისად, „ნაცებს“ არ მოეწონათ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, თქვეს, რომ ის არალეგიტიმურია, ეჭვი შეაქვთ მის სისწორეში. ამ დროს ლაშა ჩხიკვაძესთან, იმ მოსამართლესთან, რომელზეც რა ნეგატიური პიარიც აწარმოეს თვეების განმავლობაში, გახსოვთ და სამწუხაროა, რომ ის ადამიანი არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის, „ნაცმოძრაობის“ მხარეს მყოფი ტელევიზიების მხრიდან მოექცა ბოულინგის ქვეშ, არამედ ის დაბარებული იყო სხვადასხვა ადგილას, ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა ამასთან დაკავშირებით. ჩარევის ეს ფორმა აბსოლუტურად მიუღებელი იყო და მაშინდელმა ხელმძღვანელობამ, ადგილობრივი წარმომადგენლების, ჩვენი მეგობარი ქვეყნის ძალიან ცუდი დაშვება გააკეთა ამასთან დაკავშირებით. დღეს რომ ეს მომხდარიყო, მსგავსი პრეცედენტი დაშვებული არ იქნებოდა, ამას თამამად ვიძახი. ეს შეიძლება ცალკეულ პიროვნებებზეც კი იყოს დამოკიდებული, მაგრამ მაშინ ჩარევის ეს ძალიან ცუდი პრეცედენტი დაშვებული იყო. ისევე, როგორც „რუსთავი 2-ის“ საქმეზე, ბოდიში არავის მოუხდია იმდენი წლის ანტიკამპანიის შესახებ სასამართლოს მიმართ, ასევე არავინ მოუხდის ახლა ლაშა ჩხიკვაძეს. ბოდიში რომ არაერთს მოსახდელი აქვთ, ეს დადასტურებულია სტრასბურგის სასამართლოს მიერ“, - აღნიშნა მდინარაძემ.

ცნობისთვის, დღეს პოლიტიკური პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მისი სარჩელი განსახილველად არ მიიღო. ნიკა გვარამიას თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველოში ხელისუფლება და სასამართლო შეიცვლება, პოლიტიკური საქმეების შესახებ სიმართლეს ყველა გაიგებს. შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიამ სტრასბურგის სასამართლოს იმის მერე მიმართა, რაც მისი სარჩელი უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო და ძალაში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა, რომლის მიხედვითაც, ნიკა გვარამია პატიმრობაში რჩებოდა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია