შალვა პაპუაშვილი - მიხეილ სააკაშვილს მოუხდა, რომ ყოველ დღე პოლიტიკოსები არ ჰყავდა და ზედმეტად ემოციურად არ ტვირთავდნენ - ფაქტია, რომ შედეგი კარგია და ის განუკურნებელი დაავადებებისგანაც კი განიკურნა

როგორც ჩანს, პატიმარს [მიხეილ სააკაშვილს] მოუხდა, რომ ყოველ დღე პოლიტიკოსები არ ჰყავდა და ზედმეტად ემოციურად არ ტვირთავდნენ - ფაქტია, რომ შედეგი კარგია და მიხეილ სააკაშვილი განუკურნებელი დაავადებებისგანაც კი განიკურნა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დეპუტატების არშეშვებაზე მისი გადაწყვეტილებისა და ამ საკითხზე თამარ კორძაიას სარჩელის თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის შეფასებით, სარჩელი აბსურდულია.

“როგორც ჩანს, პატიმარს მოუხდა, რომ მას, როგორც წესად ჰქონდა ჩამოყალიბებული, ყოველ დღე პოლიტიკოსები არ ჰყავდა და მას ზედმეტად ემოციურად არ ტვირთავდნენ.

მაშინ მიღებული გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ ეს იყო. სარჩელს რაც შეეხება, საერთო ჯამში, სასაცილოა უკვე. შეხვედრებზე, რასაც თამარ კორძაიაც ესწრებოდა ხოლმე და როდესაც მართლმსაჯულების გამოწვევებზე ვსაუბრობთ, ჩვენი სტანდარტული კითხვაა ხოლმე: დაასახელეთ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელზეც ფიქრობთ, რომ უსამართლო იყო. რა თქმა უნდა, ხარვეზები ყოველთვის არის და ამიტომაც არსებობს ინსტანციები, რომ გადაწყვეტილებები შეიძლება დაკორექტირდეს, მაგრამ ოპოზიცია მსგავს მაგალითს ვერ ასახელებს. როგორც ჩანს, თამარ კორძაიამ იფიქრა, მოიფიქრა და გუშინ სარჩელი დაასახელა სააკაშვილთან მისი შესვლის თაობაზე, როგორც მაგალითი ქართულ მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის. ის, რომ სასამართლოს სხდომა ჯერ არ ჩანიშნულა, ეს მისთვისვე კარგია. როგორც კი ჩაინიშნება, მას არგუმენტების წარდგენა მოუწევს და ხომ გაირკვევა, რამდენად აბსურდულია მისი მოთხოვნა და ახლოსაც არაა სამართალთან. მის ადგილზე ვინატრებდი, რომ

სხდომა რაც შეიძლება დიდი ხანი არ ჩაინიშნოს და დიდი ხანი არ გამოჩნდეს, რათა საზოგადოებამ არ დაინახოს, მისი მოთხოვნა რამდენად აბსურდულია. პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის უფლება პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეუძლია, პატიმართან შესვლის უფლება სხვა დეპუტატს მისცეს. ნებართვის გარეშე შესვლის უფლება მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს”, - განაცხადა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, აპირებს თუ არა მისცეს დეპუტატებს სააკაშვილის მონახულების უფლება, პაპუაშვილი ამბობს, რომ არა.

“ფაქტია, რომ შედეგია კარგი და მიხეილ სააკაშვილი განუკურნებელი დაავადებებისგანაც კი განიკურნა, როგორც ჩანს და როგორც თავად ამტკიცებდა. კარგი გადაწყვეტილებაა და მგონია, რომ თავადაც უნდა მიესალმონ ამას”, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ოპოზიციონერი დეპუტატის თამარ კორძაიას განცხადებით, ის, რომ დეპუტატებს მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლება არ ეძლევათ და რომ ამ საკითხზე მათ საჩივართან დაკავშირებით სხდომა თვეებია არ ჩანიშნულა, “აჩვენებს, რომ მიხეილ სააკაშვილი და ოპოზიცია არის პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლი”.

მისივე თქმით, ყველა ორგანო - უსაფრთხოების სამსახური, იუსტიციის სამინისტრო, პარლამენტი და სასამართლო ჩართულია იმაში, რომ პარლამენტის წევრმა ვერ მოახერხოს, ვერ შევიდეს და ვერ მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი.

ლევან ლორთქიფანიძე - არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-თან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საქმე გვაქვს ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობასთან
ქართული პრესის მიმოხილვა 11.05.2026
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტები ერთ დღეში გაიყიდა
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია