ძველი რომაული გამონათქვამია, რომ „ის, რაც შეჰფერის იუპიტერს, არ შეჰფერის ხარს“. ჩვენ ზოგიერთს ხარი ვგონივართ რაც მისაღებია ამერიკაში, ევროპარლამენტსა და სხვადასხვა ქვეყანაში, ზოგიერთი ზემოდან გვიყურებს და გვეუბნებიან, რომ ჩვენ არ ვართ ხალხი, რომელსაც უფლება გვაქვს, ასეთ საკითხებზე ვიფიქროთ და ჩვენი ქვეყანა გარე გავლენებისგან დავიცვათ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას „საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ მხარდაჭერილ, გარე ჩარევასთან ბრძოლის კანონპროექტზე, რომელიც უცხოელი ხელმძღვანელობის ინტერესებით მოქმედთა რეესტრის შექმნასაც ითვალისწინებს”. პაპუაშვილი “ენჯეოებს” კიდევ ერთხელ მოუწოდებს, დაფინანსება გაასაჯაროონ, თუმცა ამბობს, რომ ისინი “არაფრად აგდებენ ქართველი ხალხის ინტერესს და თავიანთი დაფინანსებები დამალული აქვთ”.
„ქართველმა ხალხმა კარგად დაინახა, თუ როგორ გვატყუებდნენ შარშან, რომ თითქოს, ყველაფერი გამჭვირვალეა. დღეს ყველა გაჩუმდა და ვერავინ ამბობს, რომ აბსოლუტური გამჭვირვალობაა - ვერც უცხოელი და ვერც ქართველი აქტორი, ოპოზიცია პირდაპირ აღიარებს, რომ აქვთ “ენჯეობი” და მერე ამართლებენ, რა პრობლემა არის, შორი ახლოს “ენჯეოები” გვყავდესო. პრობლემა ისაა, რომ ისინი უცხოურ ფულს იღებენ. იმ მომენტში, როცა ხელს კიდებენ უცხოურ ფულს, ისინი აღარ არიან ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებლები და ქართველი პოლიტიკოსი, არიან უცხო ქვეყნის დაკვეთების შემსრულებლები და ეს მათ პოლიტიკურ განცხადებებში პირდაპირ ჩანს. ამიტომ იყო, რომ ისინი რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მხარს უჭერდნენ, რადგან მათ იმ ქვეყნების მიმართ ვალდებულებები აქვთ, რომელსაც ინტერესი აქვს, რომ რუსეთს სანქციები დავუწესოთ. ამიტომ ითხოვდნენ მოხალისე მებრძოლების გაშვებას უკრაინაში. ეს ყველაფერი დაგვავიწყდა? „ნაცმოძრაობა“ აქციებს აწყობდა ცალკე აეროპორტში და ცალკე პარლამენტთან, რომ მთავრობას მებრძოლების გაშვებაზე ლოჯისტიკა თავის თავზე აეღო. რომელმა ქვეყანამ გაუშვა? აქ ვინ ყვიროდა, ის “ენჯეოები” ხომ არა, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან და ამბობდნენ, რომ ეს სირცხვილია და ასეთ მშვიდობას ცეცხლი ერჩიათ? ყველამ ნახა, რომ „ენჯეო” სექტორი ყველაზე გაუმჭვირვალეა საქართველოში და ზოგიერთი დონორი ორგანიზაცია, რომელიც თავის დაფინანსებას უხეშად მალავს. გაასაჯაროონ ფინანსები, თუმცა ჩემს ამ მოწოდებას ერთ ყურში შეუშვებენ, მეორიდან გამოუშვებენ და არაფრად აგდებენ ქართველი ხალხის ინტერესს, თავიანთი დაფინანსებები დამალული აქვთ, რაც უპატივცემულობაა ქვეყნის დამოუკიდებლობის მიმართ, როცა ამბობენ, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩამოვალთ, ფულს დავხარჯავთ, ჩემი “ენჯეოები” მეყოლება და თან პასუხსაც არავინ მომთხოვსო. სამწუხაროდ, ასეთი უხეში ჩარევებია საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. შარშანდლისგან განსხვავებით, საზოგადოება გათვითცნობიერებულია ამ პრობლემაში, რომელიც უკვე გამოწვევა აღარ არის. როცა ქართულ პოლიტიკაში უცხოური ჩარევა ხდება სხვადასხვა მხრიდან ეს არის პრობლემა. ჩვენ ჩვენი გამოწვევები გვაქვს რუსეთის ჩარევისგან და ახლა ისღა გვაკლდა, რომ სხვა მხრიდან ყოფილიყო ჩარევა და სამწუხაროდ, ეს ჩარევა არის”,- განაცხადა პაპუაშვილმა.