თეა ახვლედიანი - გვაქვს მოლოდინი წელსაც, რომ უფრო მეტ ოჯახს დავუბრუნებთ პასუხს მათი გაუჩინარებული ახლობლის ხვედრის თაობაზე

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრებთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.

სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ქართველი და აფხაზი მონაწილეებისგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ამჯერად უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება და ოჯახებისთვის დაბრუნება მოხერხდა, მათგან 10 სამხედრო და 2 მშვიდობიანი მოქალაქეა.

შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი ორი დღის განმავლობაში სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარეობდა. 5 მებრძოლი დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სხვა იდენტიფიცირებულ პირები კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

„პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ დღეს განსაკუთრებით მძიმე დღეა აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნეული კიდევ 12 გადმოსვენებული პირის, აქედან 10 სამხედრო მოსამსახურის, ოჯახებისთვის, რომლებიც 30-წლიანი მოლოდინის ფონზე, კიდევ ერთხელ განიცდიან თავიანთი ახლობლის გარდაცვალების დადასტურებით გამოწვეულ ტკივილს და მე, კიდევ ერთხელ მინდა, მათ თანაგრძნობა გამოვუხატო და გამოვთქვა რწმენა, რომ ამ ხანგრძლივი გაურკვევლობის დასრულება, მცირედ შვებას მაინც მიანიჭებს მათ. საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების სახელმწიფო პროგრამა გრძელდება მთავრობის კიდევ უფრო გაძლიერებული ძალისხმევით და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით, რომლის ფარგლებში, გასული წლის განმავლობაში უკვე გაზრდილი დინამიკის გათვალისწინებით, ჩვენ გვაქვს მოლოდინი წელსაც, რომ უფრო მეტ ოჯახს დავუბრუნებთ პასუხს მათი გაუჩინარებული ახლობლის ხვედრის თაობაზე. ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი მიზანი კი არის, რომ განვამტკიცოთ მშვიდობა და მხოლოდ მშვიდობიანი გზით მივაღწიოთ კონფლიქტის მოგვარების ჩვენს ეროვნულ მიზნებს, რათა არასდროს განმეორდეს ჩვენ ქვეყანაში მსგავსი ტრაგედია",- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში, პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა. ამ დრომდე, მექანიზმების ფარგლებში, ნაპოვნია 604 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 300. დაახლოებით 2000 ადამიანი ჯერ კიდევ უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო