ნინო თანდილაშვილი - კლიმატის ცვლილება არ არის საზოგადოების ცალკეული ნაწილის გამოწვევა, ეს საყოველთაო პრობლემაა და მასთან გამკლავება ერთიან ძალისხმევას საჭიროებს

კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის პროცესში წყლის რესურსების უსაფრთხოებისა და მდგრადი მართვის მნიშვნელობის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, USAID-ის ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ენი სთიდი და USAID-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონული წყლის მართვის პროგრამის (SCRWM) ხელმძღვანელი ერიკ ვიალა ესწრებოდნენ.

ნინო თანდილაშვილმა კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციის პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მხარეების აქტიური ჩართულობის გარეშე, კლიმატის ცვლილების პოლიტიკის დაგეგმვა და განხორციელება შეუძლებელია.

„უკანასკნელ წლებში, წყლის რესურსების მდგრადი მართვის კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, რასაც გასულ წელს, „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონის მიღება მოჰყვა. აღნიშნული კანონი სრულ თანხვედრაშია როგორც ეროვნულ საჭიროებებსა და გამოწვევებთან, ასევე, იმ ვალდებულებებთან, რაც საქართველოს აღებული აქვს საერთაშორისო შეთანხმებებით, ხელშეკრულებებითა და ასოცირების დღის წესრიგით. კლიმატის ცვლილება არ არის საზოგადოების ცალკეული ნაწილის გამოწვევა, ეს საყოველთაო პრობლემაა და მასთან გამკლავება ერთიან ძალისხმევას საჭიროებს“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე საქართველოს წყლის რესურსების მართვის კანონის მნიშვნელობაზე იმსჯელეს და USAID-ის სამხრეთ კავკასიის წყლის მართვის რეგიონული პროგრამა წარადგინეს. პროგრამის მთავარი მიზანი რეგიონული სტაბილურობის და მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით სამხრეთ კავკასიის რეგიონში ეფექტიანი ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ჩამოყალიბება და წყლის მართვის ხელშეწყობაა. 5 წლიანი პროგრამის სავარაუდო ბიუჯეტი 20 მლნ აშშ დოლარია და ის ადგილობრივი თემების სტიმულირებისკენ და ახალი ტექნოლოგიების დანერგვისკენ იქნება მიმართული.

„რეგიონში საქართველო ლიდერია ეკონომიკური განვითარების მიმართულებით გატარებული რეფორმების კუთხით; ამიტომ, რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაში მას მნიშვნელოვანი როლი აკისრია. სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას საზიარო მდინარეები აქვთ, რაც მთავრობებს, წყალმომარაგების და სარწყავი სისტემების განვითარების უზრუნველსაყოფად, ერთად მუშაობისკენ უბიძგებს. USAID-ის წყლის მართვის პროგრამა სწორედ რეგიონული დიალოგის წარმართვას, ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებას და წყლის რესურსების მდგრადი გამოყენების მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა USAID-ის ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ენი სთიდმა.

შეხვედრა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ორგანიზებით გაიმართა და მასში მონაწილეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების და პროგრამის „მერების შეთანხმება კლიმატისა და ენერგეტიკისთვის“ მონაწილე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა მიიღეს.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო