თემაზე: ,,საქართველო და ევროკავშირი"  პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტები მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებენ

საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან ერთად და პარლამენტის სასწავლო ცენტრის ჩართულობით, საგანმანათლებლო პროექტს, თემაზე: „საქართველო და ევროკავშირი" განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

პრესსასამსახურის ინფორმაციით, ოთხდღიანი პროგრამის ფარგლებში საქართველოს პარლამენტი ამჯერად 15 სკოლის 30-მდე ახალგაზრდას მასპინძლობს.

მოსწავლეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდები მაქსიმალურად იყოთ ჩართულები საქართველოს პარლამენტის საქამიანობაში. ამისთვის საჭიროა, გქონდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას აკეთებს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო. მოხარული ვარ, რომ გრძელდება ახალგაზრდების ინტერესი პროექტის მიმართ, რომლის ფარგლებში თბილისის სხვადასხვა სკოლის ახალგაზრდებს გაქვთ შესაძლებლობა მასში მონაწილეობა მიიღოთ და გაეცნოთ როგორც საქართველოს პარლამენტის საქმიანობას ასევე, ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით ქვეყნის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, ფასეულია ახალგაზრდების მოსაზრებებიც და ჩართულობაც ქვეყნის მომავლის ხედვასთან დაკავშირებით განსაკუთრებით იმ პერსპექტივის ფონზე, რაც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით აქვს.

„იმედი გვაქვს, რომ ეს ოთხი დღე იქნება ნაყოფიერი როგორც ინფორმაციულობის ასევე, გარკვეული ცოდნის მიღების თვალსაზრისით. თქვენ გექნებათ რეალური წარმოდგენები იმის თაობაზე, თუ რა პროცესები მიმდინარეობს საკანონმდებლო ორგანოში. მისასალმებელია, რომ პარლამენტში მიმდინარე ცხოვრების გაცნობის ინტერესი გაქვთ. პროექტის ფარგლებში უკვე რიგით მეოთხე ჯგუფს ვმასპინძლობთ, სადაც შესაძლებლობა გექნებათ დაესწროთ როგორც საკომიტეტო ასევე, პლენარულ სხდომებს და ნახოთ პარლამენტის ცხოვრების დუღილი, რომელიც ყოველდღიურობით არის ამ შენობაში განპირობებული", - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

პროგრამის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება დეპუტატებთან და პარლამენტის აპარატის წარმომადგენლებთან, სადაც ახალგაზრდები გაეცნობიან საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ისტორიასა და მიმართულებებს. ისაუბრებენ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივასა და კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობაზე და ასევე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში პარლამენტის მნიშვნელოვან როლზე; ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებზე, ევროკავშირის ინსტიტუტებზე და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ევროკავშირის წევრი ქვეყნების როლზე.

ყურადღება გამახვილდება განათლების სფეროში საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობაზე, მათ შორის ერასმუს+ პროგრამაზე და ზოგადად, განათლების მიმართულებით ახალგაზრდებისთვის არსებულ შესაძლებლობებზე.

შეხვედრებისას, ახალგაზრდები გაეცნობიან საქართველოს პარლამენტის აპარატის სტრუქტურას და დებატების წარმოების ხელოვნებას.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მოსწავლეების როგორც საკომიტეტო ასევე, პლენარულ სხდომებზე დასწრება.

პროგრამის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში პარლამენტმა უკვე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დამამთავრებელი კლასის 100-მდე მოსწავლეს უმასპინძლა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს