ისრაელის ოფიციალური პირები რაფაჰში დაგეგმილი ოპერაციის შესახებ აშშ-ის შეთავაზების განხილვას დასთანხმდნენ

ისრაელის ოფიციალური პირები დათანხმდნენ, რომ გაითვალისწინებენ აშშ-ის შეშფოთებას ღაზის სექტორის ქალაქ რაფაჰში დაგეგმილი შეტევის შესახებ, - ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც აშშ-სა და ისრაელის ოფიციალურ პირებს შორის გუშინ გამართული ვირტუალური შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა.

Reuters-ის ინფორმაციით, შეხვედრა, რომელიც თითქმის 2 საათს გაგრძელდა და რომელზედაც სამხრეთ ღაზაში „ჰამასის“ ბოევიკების აღმოსაფხვრელად ალტერნატიულ გზებზე იმსჯელეს, დასრულდა შეთანხმებით, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მომავალ კვირაშიც გაიმართოს.

ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარეებს ჰქონდათ კონსტრუქციული ჩართულობა რაფაჰში დაგეგმილი ოპერაციის საკითხზე და შეთანხმდნენ, რომ იზიარებდნენ მიზანს, რომელიც ქალაქში „ჰამასის“ დამარცხებას ითვალისწინებს.

"აშშ-ის მხარემ გამოხატა შეშფოთება რაფაჰში მოქმედების სხვადასხვა კურსთან დაკავშირებით. ისრაელის მხარე დათანხმდა, რომ გაითვალისწინოს ეს შეშფოთება და მიჰყვეს ექსპერტებს შორის დისკუსიებს", - ნათქვამია განცხადებაში.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ამერიკულმა მხარემ ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ ჯეიკ სალივანის, მისი მოადგილე ჯონ ფაინერის და ახლო აღმოსავლეთის ელჩ ბრეტ მაკგურკის ხელმძღვანელობით წარადგინეს წინადადებები, რომლებიც, მათი თქმით, რაფაჰში მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვას ითვალისწინებს.

ვაშინგტონში ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შეხვედრის მონაწილეებს შორის ისრაელის მხრიდან იყვნენ სტრატეგიულ საქმეთა მინისტრი რონ დერმერი და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ცაჩი ჰანეგბი.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელს მოუწოდა, არ განახორციელოს ფართომასშტაბიანი შეტევა რაფაჰში, რათა თავიდან აიცილოს კიდევ უფრო მეტი მსხვერპლი ღაზის სექტორის მშვიდობიან მოსახლეობაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია