ანა ნაცვლიშვილი სანდრო რაქვიაშვილს - გენდერული კვოტირების გაუქმება სინამდვილეში „ქართული ოცნების“ ინტერესებში შედის და თქვენ გამიზნულად და გააზრებულად ეხმარებით მას ამ ძალიან ცუდი თამაშის თამაშში - რამე სარგებელი მაინც თუ გაქვთ?

ჩვენთვის ყველასთვის ნათელია, რომ რეალურად მიზანი არის, ადგილობრივი ფეოდალებისთვის გათავისუფლდეს ადგილები სიაში, რომლებიც სხვაგვარად ვეღარ ეტევიან „ოცნების“ სიაში - ძალიან მოსახერხებლად გამოიყურება ეს ვითარება, როდესაც კანონპროექტი სინამდვილეში „ქართული ოცნების“ ინტერესებში შედის და თქვენ ძალიან გამიზნულად და სრულად გააზრებულად ეხმარებით მათ ამ ძალიან ცუდი თამაშის თამაშში, - ასე მიმართა ადამიანის უფლებათა კომიტეტზე პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა პარტია „გირჩის“ წევრ სანდრო რაქვიაშვილს, რომელმაც კომიტეტის სხდომაზე წარმოადგინა საკანონმდებლო ინიციატივა, საპარლამენტო საარჩევნო სიის ფორმირებისას გენდერული კვოტირების გაუქმების საკითხზე.

ამასთან, როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, იმის გამო, რომ სანდრო რაქვიაშვილი მთავარი მოპასუხე არ არის, მის მიერ დასმული კითხვებიც რიტორიკულია და პასუხს არ საჭიროებს.

„ბატონო სანდრო, მე არ მიმაჩნია, რომ თქვენ ხართ ახლა მთავარი მოპასუხე, მაგრამ ძალიან მოსახერხებლად გამოიყურება ეს ვითარება, როდესაც კანონპროექტი სინამდვილეში „ქართული ოცნების“ ინტერესებში შედის და თქვენ ძალიან გამიზნულად და სრულად გააზრებულად ეხმარებით მათ ამ ძალიან ცუდი თამაშის თამაშში. დარწმუნებული ვარ, კარგად გესმით ეს ამბავი. მოპასუხე დღეს „ქართული ოცნება“ ფორმალურად არ იქნება, ამიტომ მათთვისაც მოსახერხებელია ეს თამაში. შესაბამისად, ფორმალურად დავსვამ ამ კითხვებს და რიტორიკული იქნება ისინი.

რამდენი ინიციატივა წარუდგენია ოპოზიციას ამ პარლამენტში და თუ დამისახელებთ რომელიმე ერთ მაგალითს მაინც, როდესაც უმრავლესობამ არათუ განიხილა ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი რომელიმე კანონპროექტი, დაჩქარებულად დაარეგისტრირა, დაჩქარებული წესით განხილვა გადაწყვიტა ბიუროზე და გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში ჩაინიშნა ყველა შესაბამისი კომიტეტი?

მეორე კითხვა, ამ თქვენი ბრძნული აზრების ფორმირების დროს, იმის შესახებ, რომ კვოტა თურმე შეურაცხმყოფელია, ერთ ქალთან მაინც თუ გაიარეთ კონსულტაცია, აზრი თუ ჰკითხეთ რომელიმე პოლიტიკოს ქალს და თუ შეიძლება დაასახელოთ სახელი და გვარი, ვინ დაგეთანხმათ ამაში? მე რომ გადავწყვიტო ახლა, კაცები რას და როგორ უნდა ფიქრობდნენ, მთლად ადეკვატური არ იქნება, ამიტომ თქვენ რომ დასხედით და გადაწყვიტეთ ქალები როგორ უნდა ვფიქრობდეთ, ვინმე ქალთან თუ გაიარეთ კონსულტაცია?

და მესამე, ამხელა გარიგებაში რომ შეხვედით და ძალიან სერიოზული რეპუტაციული ზიანისთვის რომ ხართ, ალბათ, მზად, რა სარგებელს იღებთ კორუფციული სქემებით ნაშოვნი მრავალმილიონიანი ქონების მფლობელი მაჟორიტარებისგან? რამე სარგებელი მაინც თუ გაქვთ და თუ შეგიძლიათ, რომ ღიად ისაუბროთ ამ საკითხზე, იმიტომ, რომ ჩვენთვის ყველასთვის ნათელია, რომ რეალურად მიზანი არის, ადგილობრივი ფეოდალებისთვის გათავისუფლდეს ადგილები სიაში, რომლებიც სხვაგვარად ვეღარ ეტევიან „ოცნების“ სიაში და ეს არის შესაძლებლობა შემოუაროთ კანონს და კონსტიტუციურ დანაწესს“, - მიმართა ანა ნაცვლიშვილმა რაქვიაშვილს.

ანა ნაცვლიშვილს კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ „ხაზარაძის პარტიის წევრისგან მსგავს კრიტიკას ვერ მიიღებს“.

„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო და არ აღვნიშნო, რომ ჩვენი თითოეული მაჟორიტარი არის ღირსეული პიროვნება, რომელიც ღირსეულად ემსახურება ქვეყანას და თავის სამაჟორიტარო ოლქს და აქვს მუდმივი პროაქტიული კომუნიკაცია მოსახლეობასთან, მით უმეტეს მსგავს კრიტიკას ვერ მივიღებ ხაზარაძის პარტიის წევრისგან. მეორე, ქალბატონო ანა, თქვენ ნუ იდარდებთ ჩვენი პარტიის საარჩევნო სიაზე, ალბათ, ჯობია იდარდოთ თქვენი პარტიის სიაზე, რომელსაც წევრი ფორმალურად უფრო მეტი ჰყავს, ვიდრე ამომრჩეველი!“ - განაცხადა იონათამიშვილმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს