შალვა პაპუაშვილი ნატო ჩხეიძეს - არაკეთილსინდისიერია, როდესაც ზვიად გამსახურდიას სახელით სპეკულირებთ, რაც თქვენ გააკეთეთ, სირცხვილია - პარლამენტის შენობა გეშლებათ თქვენი სახლის შუშაბანდში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დეპუტატების, ნატო და როსტომ ჩხეიძეების მიერ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზთან არსებულ კედელზე ზვიად გამსახურდიას ფოტოსურათის დაკიდებას სამარცხვინო ქმედებას უწოდებს.

აღნიშნულის შესახებ პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც მას ნატო ჩხეიძემ მოუწოდა, რომ თავისი ბრძანებით პარლამენტში გამსახურდიას ფოტოსურათის დაკიდება კანონიერი გახადოს.

პაპუაშვილის შეფასებით, ჩხეიძის განცხადება გამსახურდიას სახელით სპეკულირებაა და მას პარლამენტი საკუთარი სახლის შუშაბანდში ერევა.

„არაკეთილსინდისიერია, როდესაც ზვიად გამსახურდიას სახელით სპეკულირებთ და ეს არის სპეკულაცია თავისი ყველაზე მდაბიო ფორმით. როდესაც საუბრობთ ზვიად გამსახურდიაზე და ქვეყნის დამოუკიდებლობაზე, საქართველოს პარლამენტზე, ეს ნიშნავს ინსტიტუტებს. როდესაც პარლამენტის შენობა გეშლებათ თქვენი სახლის შუშაბანდში და ვერ ხვდებით, როგორ უნდა მოიქცეთ, სად, რა უნდა დაკიდოთ და არ დაკიდოთ, როდის და როგორ ხდება ეს ყველაფერი - ეს არის ზუსტად ზვიად გამსახურდიას ხსოვნის შეურაცხყოფაც და იმისაც, რისთვისაც ის იბრძოდა. ყველაფერს თავისი ფორმა აქვს. თქვენ რომ პარლამენტი თქვენს პირად სივრცეში გერევათ, თქვენი შეხედულებით წყვეტთ, სად, როგორ რა ჩამოკიდოთ, ეს აჩვენებს ამას. ეს არის ყველაფერი ის, რაც არის საწინააღმდეგო ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობისა და მისი დანატოვარისა. რაც თქვენ გააკეთეთ, სირცხვილია. სირცხვილია, როდესაც პარლამენტს და ზვიად გამსახურდიას ხსოვნას აკადრებთ ამას, რომ მისი ხსოვნის სპეკულირებით წყვეტთ, პარლამენტში სად რა მოხდეს და სად იყოს ზვიად გამსახურდიას სურათი გამოფენილი. ასე არ წყდება. სახელმწიფო ასე არ იქცევა და ამიტომაა სამარცხვინო თქვენი საქციელი”, - მიმართა პაპუაშვილმა ჩხეიძეს.

პარლამენტის თავმჯდომარის ამ განცხადებას ჩხეიძემ დარბაზიდან რეპლიკით უპასუხა და მას მიმართა, რომ სიტყვები შეარჩიოს.

ჩხეიძის თქმით, სამარცხვინო თავად პაპუაშვილის განცხადებაა.

„ჩვენ ეს სირცხვილი ჩამოგრეცხეთ“,- უთხრა ჩხეიძემ პაპუაშვილს.

რაც შეეხება ნატო ჩხეიძის მიერ მანამდე გაკეთებულ განცხადებას, მისი თქმით, 31 მარტს ზვიად გამსახურდიას იუბილე იყო, რასთან დაკავშირებითაც არც სახელმწიფოს და არც პარლამენტს მისი ღვაწლი არ აღუნიშნავთ.

„რამდენიმე წუთის წინ ამ დარბაზის (ეს დარბაზი გამსახურდიას სახელობისაა) წინა კედელზე ჩვენი პოლიტიკურ ჯგუფის მიერ, ჩამოკიდებული იქნა ზვიად გამსახურდიას ფოტოსურათი. 31 მარტს ზვიად გამსახურდიას შეუსრულდა საიუბილეო თარიღი-85 წელი, რაც არანაირად არ იქნა აღნიშნული სახელმწიფოს მიერ და არც პარლამენტის მიერ არ იქნა დაფასებული მისი ღვაწლი. მისი ღვაწლი კი არის ჩვენი დღევანდელი სახელმწიფოს ფუძემდებლობა. ამიტომ, გამოვიჩინეთ ინიციატივა და ზვიად გამსახურდიას გამოსახულებას მივუჩინეთ სათანადო ადგილი - მისი სახელობის დარბაზის წინ. მოგმართავთ თქვენ, თქვენი ბრძანებით კანონიერი გახადოთ ზვიად გამსახურდიას გამოსახულების არსებობა საქართველოს პარლამენტში“,- ნატო ჩხეიძემ.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს