ომბუდსმენი - 2023 წელს შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული გამოწვევები უცვლელი რჩებოდა, ხოლო ცალკეულ შემთხვევაში, შეკრების თავისუფლებით სარგებლობა - კიდევ უფრო გართულებული

შეკრებებისა და აქციების დროს მონაწილეთა დაკავება, დღევანდელ კონსტიტუციურ წესრიგთან შეუთავსებელ, 1984 წელს მიღებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ეფუძნება - საბჭოთა პერიოდის მოქმედი კოდექსი ადამიანის უფლებებთან და ძირითად თავისუფლებებთან თავსებადობის მინიმალურ სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებს, - ამის შესახებ სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული რიგი გამოწვევები უცვლელი რჩებოდა, ხოლო ცალკეულ შემთხვევაში, შეკრების თავისუფლებით სარგებლობა - კიდევ უფრო გართულებული.

„2023 წელი სხვადასხვა მასშტაბის, შინაარსისა და ფორმის მრავალი შეკრებით გამოირჩეოდა. რადიკალური ჯგუფების შეკრებების ფონზე, აქტუალური იყო მშვიდობიანი შეკრების სარგებლობასთან დაკავშირებული გამოწვევები, შეკრების ფორმისა და შინაარსის შეზღუდვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივები, შეკრების დაშლის მიზნით განხორციელებული არაპროპორციული და, ზოგიერთ შემთხვევაში, არალეგიტიმური ღონისძიებები. კვლავ გამოიყენებოდა შეკრების მონაწილეთა ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა. საერთო ჯამში, საანგარიშო პერიოდში შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული რიგი გამოწვევები უცვლელი რჩებოდა, ხოლო ცალკეულ შემთხვევაში, შეკრების თავისუფლებით სარგებლობა - კიდევ უფრო გართულებული.

შეკრებებისა და აქციების დროს მონაწილეთა დაკავება, დღევანდელ კონსტიტუციურ წესრიგთან შეუთავსებელ, 1984 წელს მიღებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ეფუძნება. სახალხო დამცველი, წლებია, საუბრობს ახალი კოდექსის შემუშავების აუცილებლობაზე, რადგანაც საბჭოთა პერიოდის მოქმედი კოდექსი ადამიანის უფლებებთან და ძირითად თავისუფლებებთან თავსებადობის მინიმალურ სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებს. ამის ნათელი მაგალითია 2023 წლის 2-3 ივნისს პოლიციის მხრიდან ამ მოძველებული კანონმდებლობის საფუძველზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა დაკავების ფაქტები, რომლებთან მიმართებითაც სახალხო დამცველის აპარატმა ხუთ საქმეზე სასამართლოში მეგობრის მოსაზრება წარადგინა. სამწუხაროდ ეს საქმეებიც ადასტურებს, რომ ხშირად გამოხატვის თავისუფლებასა თუ შეკრების უფლების რეალიზაციაში ჩარევა მხოლოდ პროტესტის გამოხატვის შინაარსს ან/და ფორმას უკავშირდება, რაც სრულიად ეწინააღმდეგება შესაბამის ადამიანის უფლების დაცვის სტანდარტებს.

2023 წელს განსაკუთრებით პრობლემური იყო პარლამენტის მხრიდან კანონპროექტის ინიცირება, რომელიც მკვეთრად ზღუდავდა შეკრება/მანიფესტაციების მონაწილეთა მხრიდან დროებითი კონსტრუქციების (მათ შორის, კარვის) აღმართვის შესაძლებლობას. ეს ინიციატივა, სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ასევე უარყოფითად შეაფასა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა. მათი შეფასებით, შეთავაზებული ცვლილებები შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო განსხვავებული პოლიტიკური აზრის დისკრიმინაციულად ჩასახშობად. დასკვნაში უარყოფითად შეფასდა კანონპროექტის დაჩქარებულად მიღების წესიც. კანონპროექტს, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო, ვეტო დაადო საქართველოს პრეზიდენტმა და ამ ეტაპზე კანონის მიღების პროცესი შეჩერებულია. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, საქართველოს პარლამენტმა, შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, უარი თქვას კანონის მიღებაზე”, - აღნიშნულია სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიშში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო