დავით ხაჯიშვილი - რომ არა ჩვენი ემიგრანტები, გაცილებით უარესი მდგომარეობა გვექნებოდა ქვეყანაში, ივანიშვილის პარტიას კი არ სურს ამ ადამიანებმა არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა

უმძიმესი სოციალური-ეკონომიკური პირობების გამო, 800 ათასზე მეტ ჩვენს მოქალაქეს მოუწია ემიგრაციაში წასვლა და რომ არა ჩვენი ემიგრანტები, გაცილებით უარესი მდგომარეობა გვექნებოდა ქვეყანაში, ივანიშვილის პარტიას კი არ სურს ამ ადამიანებმა არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, რომლებიც რეალურად ზრდიან ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტს , - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა დავით ხაჯიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა, მხოლოდ მმართველი პარტიის წევრებზე აისახება.

„პირველ რიგში, მეც ვუერთდები მილოცვას და იმ სიხარულს, რომელიც ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა მოგვანიჭა. ყველას მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც ერთი აგური მაინც დადო ამ გამარჯვებაში და სიხარულში.

აქ იყო საუბარი, რომ თითქოს ეკონომიკა კარგ მდგომარეობაშია, ყველაფერი კარგად გვაქვს და მე მინდა, ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლებს ვკითხო, თქვენ სად ცხოვრობთ? - შეგახსენებთ, რომ ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს 300-800 ლარი აქვს შემოსავალი და ამ შემოსავლით უწევთ ცხოვრება. შეგახსენებთ, რომ სუპერმარკეტში ერთი წასვლა 300 ლარი ჯდება 4-5 დღის საკვები რომ იყიდოს ადამიანმა. ჩვენი თანამოქალაქეების დიდი ნაწილი როდესაც ხელფასს იღებს, წინა თვის ვალს იხდიან და შემდეგ ისევ ახალ ვალებს იღებენ იმისთვის, რომ უბრალოდ ცხოვრება შეძლონ. შესაძლოა, ივანიშვილის პარტიას ჰქონდეს პარალელური სამყარო შექმნილი, მაგრამ რეალობა არის სხვა - ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს ძალიან უჭირს და 800 ათასზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე იძულებით წავიდა ემიგრაციაში მხოლოდ იმისთვის, რომ თავი ირჩინოს და არჩინოს საკუთარი ოჯახი. ჩვენ დღეს მილიონზე მეტი ემიგრანტი გვყავს, რომლებიც რეალურად ჩვენს ქვეყანას არჩენენ და რომ არა მათი კონტრიბუცია ჩვენს ეკონომიკაში, რომ არა ის გზავნილები, რასაც ისინი აგზავნიან დიასპორიდან, ჩვენ გაცილებით უფრო სავალალო შედეგი გვექნებოდა, ვიდრე დღეს არის. ამის ფონზე კი თქვენ თავს იწონებთ ეკონომიკის ზრდით. მეგობრებო, ეს ეკონომიკური ზრდა მხოლოდ ივანიშვილის პარტიაზე აისახება, ხოლო ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობაზე არა. 4 მილიარდზე მეტი დოლარია გამოგზავნილი 2023 წელს დიასპორიდან, ეს არის ჩვენი ბიუჯეტის 30 პროცენტი, ივანიშვილის პარტიას კი არ სურს ამ ხალხმა არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

აქ ორი კვირის წინ მოსული იყო საგარეო საქმეთა მინისტრი ინტერპელაციაზე და ერთი კითხვა იყო მის მიმართ, მისი უწყების მიმართ, თუ რას აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენმა უფრო მეტმა თანამოქალაქემ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და ჩვენ მივიღეთ პასუხად ტყუილები, თითქოს კონვენცია გვიკრძალავს ახალი უბნების გახსნას - ეს არის ტყუილი! ვენის კონვენცია, არეგულირებს დიპლომატიურ ურთიერთობებს და არა ახალი უბნების გახსნას საზღვარგარეთ. არანაირი - არც შიდა რომელიმე კანონი, არც კონსტიტუცია, არც საერთაშორისო შეთანხმება არ გვიკრძალავს იმას, რომ გავხსნათ უფრო მეტი უბანი საზღვარგარეთ. მე ვურჩევდი საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ ამ ტყუილებს შეეშვან. ჩვენ შეგვიძლია გავხსნათ ახალი საარჩევნო უბნები.

ჩვენი კეთილი ნება კი არ არის, ჩვენ ვალდებულება გვაქვს ეს გავაკეთოთ და ამის შემდეგ ჩვენ უნდა გავამარტივოთ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა“, - განაცხადა დავით ხაჯიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - რაც არ უნდა მოხდეს ამ ეტაპზე აფხაზეთში და ვინც არ უნდა მოვიდეს აფხაზეთის „სათავეში“, ძალადობრივი თუ სხვა გზით, რუსეთის „დამოკლეს მახვილი“ არსად გაქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.11.2024
ახალი მოთხოვნა ევროპაში მოგზაურობისთვის: ყველაფერი ETIAS-ის შესახებ
„თიბისი ლიზინგის“ და „რენო საქართველოს“ სპეციალური შეთავაზება ახალი ავტომობილის შეძენისას
რამდენიმეთვიანი დაუღალავი შრომის შედეგად, პრივატ კლინიკამ და მცხეთის სამედიცინო ცენტრმა საერთაშორისო მააკრედიტირებელი ორგანიზაციის უმაღლესი შეფასება - EQuIP7 მიიღო
GM PHARMA-ში თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა გრძელდება – კომპანიაში მიკრობიოლოგიური კონტროლის საერთაშორისო ტრენინგი ჩატარდა
იმედი L ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევის - უნოს მომხმარებლებს საჩუქრებს სთავაზობს