საპარლამენტო უმრავლესობა - ე.წ. სამოქალაქო სექტორი რჩება ყველაზე გაუმჭვირვალედ -  გაუმჭვირვალობა არის მანკიერების ერთ-ერთი უმთავრესი წყარო და შესაბამისად, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის

მდიდარი „ენჯეოების“ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე და მათ რადიკალურ პოლიტიკურ დღის წესრიგზე დღემდე არცერთ მათ დამფინანსებელს არ აუღია პასუხისმგებლობა - გაუმჭვირვალობა არის მანკიერების ერთ-ერთი უმთავრესი წყარო და შესაბამისად, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სახელით გაავრცელა.

მდინარაძის თქმით, სწორედ გაუმჭვირვალობამ მისცა ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს საშუალება, 2020 წელს გაეყალბებინათ არჩევნების პარალელური ხმების დათვლის შედეგები.

„როგორც საზოგადოებას მოეხსენება, ე.წ. სამოქალაქო სექტორი რჩება ყველაზე გაუმჭვირვალე სექტორად საქართველოში. გაუმჭვირვალობა არის მანკიერების ერთ-ერთი უმთავრესი წყარო და შესაბამისად, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის, რაც საქართველოში გასული 4 წლის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა განსაკუთრებული სიცხადით დაგვიდასტურა.

სწორედ გაუმჭვირვალობამ მისცა ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს საშუალება, 2020 წელს გაეყალბებინათ არჩევნების პარალელური ხმების დათვლის (ე.წ. „პივიტის“) შედეგები, გაევრცელებინათ ყალბი ინფორმაცია საარჩევნო უბნებზე 8-პროცენტიანი ზედმეტობებისა და ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების დაგვიანებით გამოცხადების შესახებ. შეგახსენებთ, რომ სწორედ მათ მიერ გამოქვეყნებულმა ყალბმა დასკვნამ და განცხადებამ „ყველაზე ცუდი არჩევნების“ შესახებ შეუქმნა ხელოვნური საბაბი რადიკალური ოპოზიციის საბოტაჟს და არჩევნების შედეგების არაღიარებას, რის საფუძველზეც რადიკალები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვდნენ და ქვეყანას მთელი ერთი წლის მანძილზე მოსვენების საშუალებას არ აძლევდნენ. შესაბამისად, მდიდარი „ენჯეოები“ 2020-21 წლებში არა მხოლოდ რევოლუციური სცენარის ეპიცენტრში იდგნენ, არამედ მათ მისი მთავარი ინიციატორის ფუნქციაც კი იტვირთეს.

ისინი რევოლუციური სცენარის ეპიცენტრში მეორედ 2022 წლის ივნისში მოექცნენ, როდესაც მათ, საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის უსამართლოდ ვერმიღების საბაბით, მთავრობის გადადგომა და ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნა მოითხოვეს, სადაც საკვანძო თანამდებობები თავად უნდა დაეკავებინათ. მაშინ მდიდარი „ენჯეოები“ ვა-ბანკზე წავიდნენ და საკუთარი პოლიტიკური შინაარსი და რადიკალური დღის წესრიგი სრულად გააშიშვლეს, რადგან შედეგის მიღწევისა და კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად ხელისუფლებაში დაბრუნების იმედი ჰქონდათ. თუმცა, საბედნიეროდ, საზოგადოების გამოცდილებისა და პრაგმატულობის წყალობით, რევოლუციური სცენარი არ შედგა. სამაგიეროდ, ქართულმა საზოგადოებამ მიიღო სრული ინფორმაცია ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების რევოლუციური და რადიკალური დღის წესრიგის შესახებ.

ასევე, შეგახსენებთ, რომ ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ 2022 წელს გამართულ ყველა საპროტესტო აქციაში, რომელთა უმთავრესი მოთხოვნა სანქციებთან მიერთება და უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა იყო. ასევე, ყველას გვახსოვს მდიდარი „ენჯეოების“ ერთ-ერთი ლიდერის შემდეგი განცხადება: „რუსეთი აგებს ომს უკრაინაში, იქ არ ჰყოფნის რესურსი, ამიტომ ვერ დაიწყებს ყველა მიმართულებით საომარ მოქმედებებს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს შესაძლებლობის ფანჯარა გამოვიყენოთ“. დღეს უკვე ყველასთვის ცხადია, თუ რა შედეგებამდე მივიყვანდით ჩვენს ქვეყანას, მათი კარნახით და ომისკენ მათი მოწოდებების შესაბამისად რომ გვემოქმედა.

წლების მანძილზე, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები აწარმოებენ საბჭოური სტილის კამპანიას სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. ამ მიზნით, ისინი ახორციელებენ სასამართლო ხელისუფლებისა და მოსამართლეების სტიგმატიზებას. მიუხედავად იმისა, რომ „ენჯეოებმა“ დღემდე ვერ წარმოადგინეს სასამართლო საქმეები, რომლებიც სასამართლოში სისტემური ან თუნდაც, მეტ-ნაკლებად სერიოზული არა-სისტემური პრობლემების არსებობას დაადასტურებდა, ისინი დღესაც არ ამბობენ უარს ზემოაღნიშნული კამპანიის წარმოებაზე და გაუმჭვირვალე ფინანსების გამოყენებით, ამ უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტის შერყევას ცდილობენ. გარდა ამისა, მდიდარი „ენჯეოები“, რადიკალურ პარტიებთან ერთად, თავს ესხმოდნენ სასამართლო ხელისუფლებას იმ საქმეების გამო, რომლებსაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისთვის“ განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა. ეს იყო „რუსთავი 2-ის“, გიორგი უგულავას, ნიკანორ მელიას, ნიკა გვარამიას, მიხეილ სააკაშვილის და სხვა პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეები, რომლებთან დაკავშირებითაც ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლოს და კონკრეტული მოსამართლეების დისკრედიტირებას აქტიურად ცდილობდნენ. შეგახსენებთ, რომ ყველა ამ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ ქართული სასამართლოების გადაწყვეტილებები გაიზიარა, რამაც „ენჯეოების“ მიერ წარმოებულ კამპანიას ცივი წყალი გადაასხა. შეგახსენებთ იმასაც, რომ „ენჯეოებს“ არ ჰქონდათ არავითარი რეაქცია, როდესაც ყოფილ და მოქმედ ქართველ მოსამართლეებს, „ბანგალორის პრინციპების“ წინააღმდეგ, ფაქტობრივი სანქციები შეუფარდეს და იგივე სანქციები მათი ოჯახის სრულწლოვან და არასრულწლოვან წევრებზეც გაავრცელეს, რაც ადამიანის ძირითადი უფლებების უხეში შელახვის უკიდურესი ფორმაა. ამ ყველაფრიდან ჩანს, რომ ე.წ. სამოქალაქო სექტორისთვის სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ძირითად უფლებებს ჩალის ფასიც კი არა აქვს.

გარდა ამისა, „ენჯეოები“ აქტიურად არიან ჩართული ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელებასა და ე.წ. „ლგბტ“-პროპაგანდაში; კამპანიებში, რომელთა მიზანი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ საზოგადოების ნდობის შერყევაა; საქართველოში რელიგიური სარჩულით პოლიტიკური ინტერვენციის მხარდაჭერაში; საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში და ა.შ.

სამწუხაროდ, მდიდარი „ენჯეოების“ ზემოაღნიშნულ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე და მათ რადიკალურ პოლიტიკურ დღის წესრიგზე დღემდე არცერთ მათ დამფინანსებელს არ აუღია პასუხისმგებლობა. ასევე, არავის აუღია პასუხისმგებლობა იმაზე, რომ 2020 წელს უცხოური დაფინანსებით წარმოებდა არჩევნების დელეგიტიმაციის ყალბი კამპანია რადიკალური ოპოზიციის კუთვნილი მთელი რიგი მედიასაშუალებების მიერ“,- განაცხადა მდინარაძემ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს