კახა კალაძე - ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად, მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის პროექტის ცვლილებები განხორციელდება

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად, აუცილებელი გახდა მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის პროექტის კორექტირება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება შესაძლებელი იქნება მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე.

„მეტროსადგურ „ავლაბრის“ გარე ფასადის, შიდა მოპირკეთებისა და სახურავის სადემონტაჟო სამუშაოების დაწყებისას გამოიკვეთა სადგურის თაღოვანი კონსტრუქციის პერიმეტრზე არსებული რკინა-ბეტონის კონსოლის მდგრადობის დამატებითი შესწავლის აუცილებლობა. აღნიშნული პროექტები რამდენიმე ათეული წლის წინ განხორციელდა და მძიმე ავარიულ მდგომარეობაში იყო. მგზავრთა უსაფრთხოების პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, მეტროსადგურის ზედა ვესტიბიულის შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული მდგრადობის დადგენისა და საჭიროების შემთხვევაში განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით, არაერთი კვლევა და ექსპერტიზა ჩატარდა. პროექტში ცვლილებების განხორციელების აუცილებლობამ მნიშვნელოვნად შეაფერხა სამუშაოების წარმოება, მაგრამ ვვარაუდობთ, რომ სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება შესაძლებელი იქნება მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები სადგურის ფუნქციონირების შეფერხების გარეშე ჩატარდება.

„მესმის, რომ გარკვეულ სირთულეებს წარმოადგენს ასეთი პროექტების გახორციელება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ჩვენთვის თითოეულ დეტალს აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა. ეს არის სადგურები, სადაც დღის განმავლობაში უამრავი ადამიანი გადაადგილდება. მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი იყოს უსაფრთხო. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სადგურები სამუშაოების დროს არ დაგვიხურავს, ჩვეულებრივად ფუნქციონირებს. ისევე, როგორც ვარკეთილში, აქაც სამუშაოები სადგურის გაჩერების გარეშე შესრულდება. ვცდილობთ, რომ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები, ღამის საათებში ჩატარდეს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია