არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას - თქვენ დიდი ხანია არ ხართ ჩვენი ოპონენტები, თქვენ ხართ საქართველოს ოპოზიციაში, თქვენ ხართ საქართველოს ოპონენტები

თქვენ დიდი ხანია არ ხართ სახელისუფლებო გუნდის და სახელისუფლებო პარტიის ოპოზიცია. დიდი ხანია არ ხართ ჩვენი ოპონენტები. თქვენ ხართ საქართველოს ოპოზიციაში, თქვენ ხართ საქართველოს ოპონენტები, - ასე მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ, ლევან დავითაშვილს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

როგორც თალაკვაძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ოპოზიციას წარსულზე აქვს ალერგია და სურს, რომ საზოგადოებამ დაივიწყოს წარსული, თუმცა, მისი თქმით, ოპოზიცია აწმყოშიც აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოს არ ჰქონდეს წარმატება და პროგრესი.

„მესმის და პირდაპირ მოვისმინეთ რადიკალური ოპოზიციის ლიდერებისგან, რომ მათ წარსულზე არ სურთ საუბარი, ხვდებით, რომ მათ წარსულზე აქვთ ალერგია და ეთაკილებათ საკუთარი წარსული, ამიტომ მოგვიწოდებენ და საზოგადოებას მოუწოდებენ, დაივიწყონ წარსული და წარსულის დავიწყებას რა მოჰყვება ეს კარგად ვიცით ისტორიიდან და ჩვენი წინაპრებიდან, ამიტომ წარსული დავიწყებას ვერ მიეცემა და ყოველთვის, როდესაც თქვენ იქნებით მორალის პოზიციიდან, ყოველთვის, როდესაც თქვენ ისაუბრებთ ადამიანის უფლებებზე, ეკონომიკაზე, ევროპულ ღირებულებებზე, ყოველთვის იცოდეთ, რომ გაგახსენებთ წარსულს.

შევეცდები დაგანახოთ, რადიკალურ ოპოზიციას, რომ არც აწმყოშია თქვენი საქმე კარგად, აწმყოშიც ძალიან რთულად არის თქვენი საქმე იმიტომ, რომ თქვენ არ გიხარიათ და არ გულშემატკივრობთ საქართველოს, თქვენ დიდი ხანია არ ხართ სახელისუფლებო გუნდის და სახელისუფლებო პარტიის ოპოზიცია. დიდი ხანია არ ხართ ჩვენი ოპონენტები. თქვენ ხართ საქართველოს ოპოზიციაში, თქვენ ხართ საქართველოს ოპონენტები და წარსულზე, რომ აღარ გესაუბროთ აწმყოშიც აკეთებთ ყველაფერს, რომ საქართველოს არ ჰქონდეს წარმატება და პროგრესი“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციას არ უხარია საქართველოს პროგრესი, რადგან მათი კამპანია ეფუძნება იმას, რომ საქართველომ ვერ მიაღწიოს წარმატებას, დაიბლოკოს ევროპული მომავალი.

„ბრიუსელში ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირებმა პირდაპირ გითხრეს თქვენც და საზოგადოებას, რომ საქართველო მიდის სწორი მიმართულებით, რომ საქართველო მიდის სწორი რეფორმებით და საქართველოს აქვს ხელშესახები პროგრესი. თქვენ, რა თქმა უნდა, ეს არ გიხარიათ, რადგან თქვენი კამპანია, თქვენი იმედები არჩევნებთან დაკავშირებით მთლიანად დაფუძნებულია, რომ როგორმე ჩამოიშალოს ეკონომიკა, საქართველომ ვერ მიაღწიოს წარმატებას, დაიბლოკოს ჩვენი ევროპული მომავალი, ამაზე გაქვთ აწყობილი გეგმები, რაც თქვენ თვითონ არაერთხელ გაახმოვანეთ“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ამასთან, თალაკვაძემ ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე ეკონომიკურ პროგრესთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ გუნდში უფრო არიან ეკონომიკური ზრდის მიღწევაზე პასუხისმგებელი წვერები, ვიდრე ოპოზიციაში.

„აქ იყო საუბარი ეკონომიკის ზრდაზე, რა თქმა უნდა, მეტი ეკონომიკა გვჭირდება. პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები, ამბობენ და ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ მინიმუმ 2-ჯერ მეტი ეკონომიკა გვჭირდება იმისათვის, რომ მოვაგვაროთ ის პრობლემები, რაც ჯერ კიდევ რჩება ჩვენს მოსახლეობას და ქვეყანას. ვინ არის ამის გამკეთებელი? თქვენ უფრო ხართ ამის გაკეთებული, თუ ჩვენ უფრო ვართ ეკონომიკური ზრდის მიღწევაზე პასუხისმგებელი ხალხი? მოქალაქეებმა 9 არჩევნებში უკვე შეაფასეს და ამ არჩევნებშიც ამაზე მიიღებთ პასუხს, ამის პირობას გაძლევთ“,- განაცხადა თალაკვაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს