ქართული პრესის მიმოხილვა 04.04.2024

“ოცნება” “აგენტებზე კანონს” ისევ აბრუნებს - რა მოჰყვება ხელახალ ინიციატივას

“არც უიმედობა, არც დეპრესია, არც პესიმიზმი, არც დიდად არეულობა” - ზურაბიშვილმა პარტიებს “ევროპული დროშის ქვეშ” გაერთიანებისკენ მოუწოდა

ფარული მობილიზაცია და გარღვევითი ტიპის ბრძოლების მომზადება - რა მიმართულებაზე შეუტევს რუსეთი უკრაინას

* * *

“ოცნება” “აგენტებზე კანონს” ისევ აბრუნებს - რა მოჰყვება ხელახალ ინიციატივას

“ერთი წლის თავზე “ოცნება” “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს კვლავ პარლამენტში აბრუნებს - როგორც თავად ამბობენ, კანონპროექტი ზუსტად იგივე ტექსტით დაინიცირდება, რაც შარშან იყო, ერთადერთი განსხვავებით, ნაცვლად ტერმინისა “უცხოური გავლენის აგენტი”, გამოყენებული იქნება ტერმინი “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია”. ოპოზიცია კი კვლავ ინიციატივის წინააღმდეგია და აცხადებს, რომ უმრავლესობის დეპუტატები “წერას არიან აყოლილები”. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, პროტესტი აუცილებლად იქნება, თუმცა, თუ ამ ტალღამ შეძლო და “ოცნებას” კანონპროექტი კვლავ უკან გააწვევინა, გაისად “ოცნება” ისევ დააბრუნებს, თუ 2024 წლის არჩევნებში უმრავლესობით მოვიდნენ. ამასთან ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ამ კანონის დაბრუნება მოსალოდნელი იყო, რადგან ამას წინ უძღვოდა “ოცნების” დასავლეთისადმი კრიტიკა და განცხადებები, რომელიც ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციებს და მათ დონორებს ეხებოდათ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ოცნება” “აგენტებზე კანონს” ისევ აბრუნებს - რა მოჰყვება ხელახალ ინიციატივას.

“ქართულ ოცნებას” მოლოდინი აქვს, რომ “ოპონენტები ისევ რუსულად შერაცხავენ კანონპროექტს”, მათი განმარტებით, “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის” კანონპროექტის ძირითად მოთხოვნა იქნება: “თუ უცხოური დაფინანსება 20%-ზე მეტია (მედიასაშუალებას, “ენჯეოს”) მომდევნო წლის იანვარში დეკლარაციის შევსება მოუწევს და საკუთარი ანგარიშების შეტანა, რა მიიღო და რაში დახარჯა”. ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ კანონპროექტი მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება სამივე მოსმენით მიღებული. “კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია. კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ მოთხოვნას, უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ საკუთარი ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რომლის დარღვევისთვისაც მხოლოდ ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. ეს არის საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალეობის მინიმალური სტანდარტი, რომელსაც კეთილსინდისიერებაზე თუნდაც ფორმალური პრეტენზიის მქონე ნებისმიერი ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს”, - განაცხადა მდინარაძე, რომლის თქმით, “შესაბამისად, კანონპროექტის შინაარსი კრიტიკის მინიმალურ საფუძველსაც კი არ იძლევა და კანონპროექტი მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება სამივე მოსმენით მიღებული”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მდინარაძის თქმით, ე.წ. არსამთავრობო სექტორი “ყველაზე გაუმჭვირვალედ რჩება”, სწორედ გაუმჭვირვალობამ მისცა ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს საშუალება, 2020 წელს გაეყალბებინათ არჩევნების პარალელური ხმების დათვლის შედეგები. “როგორც საზოგადოებას მოეხსენება, ე.წ. სამოქალაქო სექტორი რჩება ყველაზე გაუმჭვირვალე სექტორად საქართველოში. გაუმჭვირვალობა არის მანკიერების ერთ-ერთი უმთავრესი წყარო და შესაბამისად, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის, რაც საქართველოში გასული 4 წლის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა განსაკუთრებული სიცხადით დაგვიდასტურა”, - თქვა მდინარაძემ. უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა კი განაცხადა, რომ გამჭვირვალეობაში, დეკლარაციის შევსებაში და საზოგადოების ინფორმირებაში, თუ ვინ რა თანხას ხარჯავს, არ არის არაფერი და არც რუსული, არც ანტისახელმწიფოებრივი. “დღეს, როდესაც კანონპროექტში ცალსახად შავით-თეთრზე წერია ერთადერთი რამ, 20% -ზე ზემოთ, რომელ “ენჯეო” სექტორს აქვს უცხოური დაფინანსება, ვალდებული არიან მომდევნო წლის იანვრისთვის შეავსონ დეკლარაცია და გაასაჯაროონ ეს. მეტი ამ კანონში არაფერი წერია. ეს არ ეხება სტუდენტებს, ფიზიკურ პირებს”, განაცხადა მათიკაშვილმა, რომ;ლის აზრით. “მცდელობა ექნება რადიკალურ ოპოზიციას საზოგადოებას ტყუილი შეასაღოს, მაგრამ საზოგადოება არის ბრძენი, მან გამოცდილება მაღალი მიიღო ამ 1 წლის განმავლობაში”, - განაგრძობს გამოცემა.

“ის პირობა, რომელიც მოგვცა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და დონორებმა თქვეს და მოგვცეს, რომ ისინი გაასაჯაროებდნენ და უფრო გამჭვირვალეს გახდიდნენ ხარჯებს, მათ ეს არ შეასრულეს იმ პირობის სანაცვლოდ, რომ ჩვენ გავიწვიეთ ეს კანონპროექტი. ამიტომ, დღეს კანონპროექტი მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალეობას ეხება და მის წინააღმდეგ არანაირი არგუმენტი არ არსებობს”, - აღნიშნა მათიკაშვილმა. “ეს კანონი არ უნდა გავატანინოთ! ყველას მოვუწოდებ, ვინც არის ნორმალური ადამიანი ამ ქვეყანაში, ვისაც უნდა ნორმალურ ქვეყანაში, ვისაც უნდა, რომ ეს ქვეყანა ევროპის ნაწილი გახდეს, აბჯარი აისხით, მოემზადეთ დიდი ვნებათაღელვა და ცემა-ტყეპა გველის. ეს არ უნდა გავატანინოთ!” - ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, კანონპროექტი სახელწოდებით “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია”, “საქართველოში არ უნდა გავიდეს”. ელისაშვილის შეფასებით, ტყუილია იმაზე ლაპარაკი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები “რაღაც ბნელ ფულს იღებენ”, - დასძენს გამოცემა.

“ეს არის მავნებლობა, რასაც აკეთებენ. ეს არის ბოროტება ამ ქვეყნის წინააღმდეგ. ერთხელ ხომ აწვალეს ეს ქვეყანა, ერთხელ ხომ კინაღამ ამობრუნდა ყველაფერი ამ ქვეყანაში, ახლა ატრიალებენ ისევ ამ კანონს. ვეუბნები, რომ არ გინდათ ამის კეთება, რუსულია. არ უნდა გავატანინოთ, რუსული კანონი, საქართველოში არ უნდა გავიდეს, ეს კანონი პარლამენტმა არ უნდა მიიღოს, მორჩა და გათავდა. “ქართული ოცნების” არგუმენტები არ მაინტერესებს, ყველაფერი გამჭვირვალეა, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება 100%-ით არის გამჭვირვალე. ტყუილია იმაზე ლაპარაკი, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია რაღაც ბნელ ფულს იღებს. არ ასვენებთ გამჩენი. ეტყობა რაღაც ვალდებულებები აქვთ ამ რუსებთან და ისინი ავალდებულებენ, თორემ ახსნა ლოგიკური და ნორმალური ამას არ აქვს, რაც დღეს ხდება”, - თქვა ელისაშვილმა. ენმ-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილის თქმით, აღნიშნული კანონპროექტით “ქართული ოცნება” ევროპულ ღირებულებებს ესხმის თავს და ნათლად უსვამს ხაზს, რომ არ უნდათ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა”, - წერს სტატიის ავტორი.

“რამდენიმე დღის წინ აღნიშნავდნენ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გასვლას, რამდენიმე დღეს ვერ გაძლეს და ფაქტობრივად თავს ესხმიან ისევ ევროპულ ღირებულებებს და ამ გადაწყვეტილებით ისინი ნათლად ხაზს უსვამენ, რომ არ უნდათ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ფაქტია, ხელისუფლება ემზადება მარცხისთვის და შესაბამისად, ახლა ცდილობს ყველანაირად დააზიანოს ქართველი ხალხის ინტერესი - გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. “ასევე, ამ თემებით მათ სურთ მთავარი დისკუსია, რომელიც მდგომარეობს ხალხის მიგრაციაში, რომ ასი ათასობით ადამიანი გარბის, რომ ყოველდღიური პრობლემები აქვთ, რომ უმძიმესი გაჭირვებაა, უმუშევრობაა ქვეყანაში, გადაიტანონ სხვა თემებზე და საზოგადოება კიდევ უფრო დაძაბონ და კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ამყოფონ. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ 2024 წელი და აქედან დაახლოებით 5-6 თვეში არის უნიკალური შესაძლებლობა ხელისუფლება შევცვალოთ”, - განაცხადა ხაბეიშვილმა. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ “ოცნებისგან” კანონპროექტის ხელახლა დაინიცირება მოსალოდნელი იყო, რადგან ამას წინ უძღვოდა ბევრი მიმანიშნებელი განცხადებები და დასავლეთის მისამართით კრიტიკა”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

“თითქოსდა მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო, რომ ამ კანონპროექტს დააბრუნებდნენ გამომდინარე იქიდან თუ “ქართული ოცნება” რა პროპაგანდას ეწეოდა - საარჩევნოდ მათ აირჩიეს პარტნიორების მძაფრი კრიტიკა. ამას თავად კრიტიკას ეძახიან, თორემ ესაა შეტევა ჩვენს პარტნიორებზე, ესეც რა თქმა უნდა გამიზნულია და არჩევნების კონტექსტში ჯდება. ამის რამდენიმე მიზეზი იყო - შექმნან საზოგადოებრივ აზრი, რომ არჩევნები კი ბრწყინვალედ ჩატარდა, მაგრამ დასავლეთის დაფინანსებული ადამიანები პროვოკაციას ეწევიანო, ანუ წინასწარ შექმნან საფუძველი, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, პროტესტი იქნას აღქმული არა როგორც რეალური, არამედ როგორც დაფინანსებული. მეორე მიმართულება ისაა, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი ავანსად მოგვცეს და თუ რეალური რეფორმები არ ჩავატარეთ ამის იქით მეტს არაფერს მოგვცემენ. ძალიან ეჭვი მეპარება, რომ “ოცნება” რეფორმებს ცდილობდეს, ან უნდოდეს. “ოცნების” ნარატივი და მთელი პროპაგანდა ერთი-ერთში რუსულს ემსგავსება დასავლეთთან მიმართებაში და ჩვენ ბელარუსის სტატუსს უფრო ვუახლოვდებით, ვიდრე ევროკავშირში გაწევრიანებას. კიდევ იქნება ლგბტ, სასამართლო და სხვა მსგავსი თემები”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ორი აზრი არაა, რომ ფინსნსური გამჭვირვალობა უნდა ჰქონდეს ნებისმიერ სფეროში შემოსულ თანხას. თუმცა, კანონპროექტის სახელი არანაირად შეცვლილი არაა, მთავარი სიტყვა რომელიც არის უცხოური დაფინანსება და აგენტურა, ეს რჩება და, ამას ორგანიზაციას დაარქმევ, პირდაპირ არასამთავრობოს თუ სხვას, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ვფიქრობდი, რომ ამ დეკლარაციის წარმოდგენა გამჭვირვალე იყო, მაგრამ თუ ხელისუფლება უფრო მეტ გამჭვირვალობას ითხოვს, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ... ეს არის რუსული კანონი და არა ამერიკული. აქ საუბარი კანონის შინაარსზე კი არა, საზოგადოების და სახელმწიფო სტრუქტურების ფორმირების თემაა. ჩვენ რომ ისეთივე დემოკრატიული ინსტიტუტები გვქონდეს, როგორიც დასავლეთის ქვეყნებშია, რომელიც მათ ჩამოთვალეს, რა თქმა უნდა, ამ კანონის მიღების პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ ჩვენ ეს დამოუკიდებელი ინსტიტუტები არ გაქვს და ამიტომაცაა რუსული კანონი. დარწმუნებული ვარ რომ ეს კანონი ზუსტად ისევე იმუშავებს, როგორც რუსეთში, ამიტომაა რუსული კანონი და არა შინაარსიდან გამომდინარე”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ნებისმიერი კანონი იმ ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე უნდა მიიღო, რომელ ქვეყანაშიც ამან უნდა იმუშაოს და ჩვენი სპეციფიკა ბევრით არაფრით განსხვავდება რუსული და ბელარუსული სპეციფიკისიგან. როცა რეალური დამოუკიდებელი მედიასაშუალებები არ გაქვს (ოპოზიციურს არ ვგულისხმობ), როცა არ გაქვს სასამართლო სისტემა, მაშინ ეს კანონი ისე იმუშავებს, როგორც რუსეთში მუშაობს. ძნელი სათქმელია ისეთივე სიმძლავრის პროტესტი იქნება თუ არა, მაგრამ აქედან მარტივი დასკვნა უნდა გაკეთდეს, შარშან ტალღა აგორდა, კანონი ჩავაგდეთ, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ისევ დააბრუნეს, ახლა მნიშვნელობა იმას კი არ აქვს ამ კანონს მიიღებენ თუ ჩავარდება, მნიშვნელობა იმას აქვს, “ოცნება” არჩევნებში უმრავლესობას მოიპოვებს თუ არა. თუ რაიმე ძალა და ენერგიაა, არჩევნებისკენ უნდა იქნას მიმართული და არა ამ კანონის ჩაგდებისკენ, თუ “ოცნება” უმრავლესობას ვერ მიიღებს, ამ კანონის გაუქმება პრობლემა არ იქნება, თუ უმრავლესობას მიიღებს, ახლა რომც ჩავაგდოთ, გაისად ისევ შემოიტანენ და რა აზრი აქვს? პროტესტი იქნება, მაგრამ ეს უნდა იყოს ძალიან მშვიდი”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.

“ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი მიიჩნევს, რომ დიდი ალბათობით “ოცნებას” რაღაც კოზირი უკავია” და ეს კანონპროექტი უკან იმიტომ შეაბრუნეს პარლამენტში, თუნდაც სახეცვლილი ვარიანტით. “ყურადღებით მოვუსმინე და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ “ოცნებას” უკვე რაღაც კოზირი უკავია არა მხოლოდ საქართველოში არსებული ორგანიზაციების, არამედ მათი დონორების მიმართ. ხელისუფლება დონორების საქციელითაა უკმაყოფილო და ესაა ძირითადი მიზეზი, რომ კანონი შემოაქვს. დონორები რომ პარტნიორობაზე უფრო ორიენტირებულები ყოფილიყვნენ, შესაძლოა ამ კანონის საჭიროება არ ყოფილიყო, მაგრამ როგორც მდინარაძემ დაიჩივლა, დონორებმა თანამშრომლობა არ ისურვეს. სავარაუდოა, რომ უცხოელებთანაც რაღაც მოლაპარაკებები იყო, იმას გაესვა ხაზი, რომ აშშ-ის ელჩის დამოკიდებულება სხვანაირი იქნებაო, ესე იგი მასთანაც ამ თემაზე ისაუბრეს”, - ამბობს საყვარელიძე, რომლის თქმით, “კიდევ იმაზე იყო აქცენტი, რომ ხალხი არ გამოვა”, - დასძენს სტატიის ავტორი.

“რაზედაც ეჭვი მაქვს, რომ აგრეთვე შესაბამისი სამსახურებიდან აქვთ ინფორმაცია, რომ იმ ტიპის საპროტესტო აქცია, რაც წინა შემთხვევის დროს იყო, ვარაუდობენ, რომ ახლა ასეთი მოძრაობა არ იქნება. მოლოდინი არის, რომ რაღაც ქაოტური პროცესების ტალღა აგორდება, თუმცა, ამის რეალური შანსი დღეს რომ ნაკლებადაა, ამას გულისხმობდა მდინარაძის ტექსტი და არა იმას, რომ კანონპროექტში რა არის ძველებურად და რა არის შეცვლილი. კანონპროექტის რეალური შინაარსი არც მაშინ გაუგია არავის და სავარაუდოა, რომ არც ახლა აწუხებთ. იქ იყო ტალღის აგორება და ამ აგორების მექანიზმები შესაძლოა ახლა მეტ-ნაკლებად კონტროლირდება და ამ მოვლენებს ამიტომ უყურებენ სხვა თვალით. ოპოზიცია აღნიშნულ თემაზე საპროტესტო გამოსვლებს წესით დღის წესრიგში დააყენებს, რადგან ფაქტიურად ეს ოპოზიციისთვის გამოწვევაა. მაშინ ოპოზიცია იყო აქტიური, რომ რუსული კანონია და ა.შ. ენმ-ის ლიდერებმა მას მერე დაიწყეს რუსული პარტიის ძახილი, ამ თემაზე მთელი პარტიული პროპაგანდა იყო აწყობილი. პროპაგადა ნებისმიერი პარტიისთვის და მით უფრო ოპოზიციისთვის ბუნებრივი მდგომარეობაა, ამიტომ წესით მათ ეს ბრძოლა უნდა გააგრძელონ. თუ არა და სიჩუმე ყველაზე მკაფიო არგუმენტი იქნება იმისა, რომ ესე იგი მაშინ იყო მათი განცხადებები ცრუ”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“არც უიმედობა, არც დეპრესია, არც პესიმიზმი, არც დიდად არეულობა” - ზურაბიშვილმა პარტიებს “ევროპული დროშის ქვეშ” გაერთიანებისკენ მოუწოდა

“ჩვენ უნდა გავიდეთ არჩევნებზე, ამისთვის უდიდესი მობილიზაციაა საჭირო. არც უიმედობა, არც დეპრესია, არც პესიმიზმი, არც დიდად არეულობა, აქ საჭიროა მომზადება იმისთვის, რომ ყველანი გავიდეთ ამ არჩევნებზე ერთი ევროპული დროშის ქვეშ. ალბათ, რამდენიმე პარტიით, მაგრამ ერთი დროშის ქვეშ და ეს არის ევროპული დროშა - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა. ამავე დროს, პრეზიდენტმა “ქართულ ოცნებას” და საზოგადოებას მიმართა და განაცხადა, რომ დღეს ეს ორი ცნება ეროვნული და ევროპული ერთად არის და ამის გამიჯვნა შეუძლებელია. მისი თქმით, “ოცნებამ” თავისი ნაბიჯებით “ევროპას უთხრა არა”. პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგი მას შემდეგ ჩანიშნა, რაც “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობა “უცხოურ აგენტებზე” კანონპროექტს კვლავ აბრუნებს საკანონმდებლო ორგანოში. მდინარაძის თქმით, კანონპროექტი ზუსტად იგივე ტექსტით დაინიცირდება, რაც შარშან იყო, ერთადერთი განსხვავებით, ნაცვლად ტერმინისა “უცხოური გავლენის აგენტი”, გამოყენებული იქნება ტერმინი “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით პრეზიდენტის რეაქცია - ზურაბიშვილმა პარტიებს “ევროპული დროშის ქვეშ” გაერთიანებისკენ მოუწოდა / “არც უიმედობა, არც დეპრესია, არც პესიმიზმი, არც დიდად არეულობა”.

“მივმართავ საზოგადოებას, მაგრამ ამავე დროს მინდა მივმართო „ოცნებას" და მის წარმომადგენლებს - გილოცავთ ბატონებო, რამეთუ ქალები თქვენთან აღარ ითვლება, ან თუ ითვლება ისე მოიხსენიებთ, სჯობს არ მოიხსენიოთ. დაკარგეთ ელემენტარული ქართული ზრდილობა, რაც თქვენთვის ძალიან სამწუხაროა. ყველაზე მოსალოცი ისაა, რომ თქვენ ის შეძელით, რომ დაამთხვიეთ თქვენი რუსული კანონის (ბოდიშს ვიხდი ბატონ პაპუაშვილთან, რომ ამ ტერმინს ვხმარობ, მაგრამ ვიხმარ) ინიცირება იმ კვირას 31 მარტიდან, 9 აპრილამდე, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიისთვის ეროვნული სულისკვეთებით ალბათ ყველაზე დატვირთულია. მაგრამ ეს ხომ თქვენ არ გაგაჩნიათ, არც ეროვნული და არც ევროპული. დღეს ეს ორი ცნება ეროვნული და ევროპული ერთად არის, ამის გამიჯვნა შეუძლებელია და ეს კარგად ესმის ქართულ საზოგადოებას. თქვენ არ გინდათ დაინახოთ, არ გინდათ მოისმინოთ, რომ ერთიანია საქართველოს საზოგადოება ამ ერთი მიმართულების ქვეშ - დამოუკიდებლობა გავამყაროთ, რუსეთი აღარასდროს არ დაბრუნდება აქ და ჩვენი ევროპული გზა გავამყაროთ”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, რომლის თქმით, “ოცნებამ” უკვე თავისი სახე გამოაჩინა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ერთი პერიოდი იყო 15 დეკემბრიდან ერთი თვე, როცა გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ მოვიპოვეთ ევროპული გადაწყვეტილებაო, ჩვენი დამსახურებაა, ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთო და ეს ახალი რიტორიკა ცოტა ხნით გაგრძელდა, მაგრამ დღეს უკვე ყველაფერი ნათელია. “ოცნებამ” თავისი განაცხადი ძალიან მკაფიოდ გააკეთა, ევროპას უთხრა არა ყველა მიმართულებით, რაც წინა რეკომენდაციებში ეწერა, რაც დღევანდელ 9 რეკომენდაციაში წერია, ყველა შესაძლო საკითხზე, რაც განაპირობებს ჩვენს ხვალინდელ დღეს და გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას, ყველა ამ მიმართულებით უთხრა მკაფიო უარი. ევროპიდან მივიღეთ ერთგვარი ავანსი და დღეს “ოცნება” არის დაკავებული ამ ჩვენი გზის და ჩვენი მომავლის საბოტაჟით... მურუსიძე-ჩინცალაზეს არ გავწირავთო, საქართველო ევროპული მომავლის ნაცვლადაც კი. არა სანქციებთან შეერთებას, ან ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან დაახლოებას, რაზედაც გვეუბნებიან, რომ ეს აუცილებელია თუ გინდათ რომ ჩვენთან თანამეგობრობაში შემოხვიდეთო”, - განაცხადა პრეზიდენტმა, რომლის შეფასებით, “ოცნების” ულტიმატუმი ამერიკას “სასაცილოც არის”, - განაგრძობს გამოცემა.

“ულტიმატუმი ამერიკას, სასაცილოც არის, ძალიან მაგრები ვართო, არ უნდა ვაწყენინოთ რუსეთს. ეს არის ამ ყველაფრის სარჩული. არა სამართლიან არჩევნებს, ჩვენი და მხოლოდ ჩვენი წესები, ჩვენი და მხოლოდ ჩვენი ცესკო და ჩვენი და მხოლოდ ჩვენი ცესკოს თავმჯდომარეო. არა დიასპორის მონაწილეობას, ვინიცობაა ჩვენი არ იყოსო და როგორ შეიძლება (შეურაცხყოფაც ყოველთვის თან ახლავს) “ყოველ პადიეზდში ხომ არ გავხსნითო საარჩევნო უბანსო”. “არა” - ქალების უფლებებს და “არა”, იმ ერთადერთ პრაქტიკულად შესრულებულ რეკომენდაციას, რაც გვქონდა გენდერულ თანასწორობაზე, უკან-უკან წავიდეთო და ქალები ბუტკაშიო. არა ანტიკორუფციულ ზომებს, პირიქით, თურმე არ უნდა ვიცოდეთ, როგორ მდიდრდებიან ჩვენი მოსამართლეები, სასამართლოების თავმჯდომარეები, თუ ყოფილი პრემიერები. მთავარია მდიდარი დედ-მამა ჰყავდეთ ან შვილები, ან ძმები და საზოგადოებამ ამის შესახებ არაფერი იცოდეს”, - აღნიშნა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, ეს ყველაფერი გამოწვევაა საზოგადოების და პარტნიორების, რომლებმაც ავანსად მოგცეს კანდიდატის სტატუსი”, - დასძენს გამოცემა.

“არა და არა - ცხადია, დეპოლარიზაციას. რამეთუ პირიქით, გამწვავებისკენ იწვევენ მთელ საზოგადოებას, ამას ემსახურება ყველა ინიცირებული კანონი, ეს იქნება პროვოკაციული ლგბტ-ზე თუ დღეს, რუსული კანონის მეორედ შემოტანა. ვითომც და ისტორიაში ყველაფერი მეორდება. ეს ყველაფერი პირდაპირი გამოწვევაა საკუთარი ხალხის, ამავე დროს ჩვენი პარტნიორების, რომლებმაც ავანსად მოგცეს კანდიდატის სტატუსი. ჩვენგან ელოდებიან გულწრფელ გამოხატულებას იმისას, რომ ამ გზაზე მივდივართ, არსებობს პოლიტიკური ნება ამ გზაზე სიარულისა. რას ემსახურება გამოწვევა? არეულობა გამოიწვიოს, დესტაბილიზაცია და ყველა მოინათლოს რადიკალად, უცხოეთის აგენტად, ომის პარტიის მომხრედ და ასე შემდეგ. ეს ძალიან ცნობილი ხერხებია, ზოგიერთ ჩვენგანს გავლილი აქვს ბევრი წლის წინ, არაფერი ახალი არ არის. ამიტომ, საზოგადოება მომზადებულია ამ ყველაფრისთვის, ვერავინ გადაახვევინებს თავის გზიდან. პასუხი ამ უზრდელობაზე, ამ უხეშობაზე და ამ ძალიან დიდ შეურაცხყოფაზე საქართველოს მიმართ, რასაც ჰქვია რუსული კანონი და რუსული მიმართულება, არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი - ეს არის არჩევნებით ჩვენი ევროპული სათქმელის თქმა. არჩევნები მოდის ცოტა ხანში, ხელისუფლებამ ყველაზე კარგად იცის, თუ რა არის რეალური ციფრები, ძალიან კარგად იცის, რომ არც კონსტიტუციური უმრავლესობა, არც მიშას დაბრუნება, ეს ყველაფერი უკვე მითები არის, რითაც უნდათ, რომ შეაშინონ საზოგადოება”, - ამბობს პრეზიდენტი, რომლის თქმით, “რეალობა არის, რომ არსებობს ქვეყანაში დიდი უმრავლესობა, რომელმაც იცის, რა უნდა, უნდა ამ ქვეყნისთვის დამოუკიდებელი და ევროპული მომავალი”, - წერს სტატიის ავტორი.

“ჩვენ უნდა გავიდეთ არჩევნებზე, ამისთვის უდიდესი მობილიზაცია არის საჭირო. არც უიმედობა, არც დეპრესია, არც პესიმიზმი, არც დიდად არეულობა, აქ საჭიროა მომზადება იმისთვის, რომ ყველანი გავიდეთ ამ არჩევნებზე ერთი ევროპული დროშის ქვეშ. ალბათ, რამდენიმე პარტიით, მაგრამ ერთი დროშის ქვეშ და ეს არის ევროპული დროშა. ევროპული სამოქმედო გეგმა, რომელზეც ვმუშაობთ და გავერთიანდებით. რაც არ ნიშნავს პარტიების მაინც და მაინც გაერთიანებას, მაგრამ ნიშნავს მათ გამსხვილებას და რაც მთავარია, ეს ნიშნავს საზოგადოების გაერთიანებას, ეროვნულ თანხმობას ევროპაზე. ამ დროშას ბოლომდე დავიჭერ და ვიქნები თქვენთან ერთად ბოლომდე, რომ ჩვენ გავიმარჯვოთ, ევროპამ და ევროპულმა საქართველომ გაიმარჯვოს მომავალ არჩევნებზე”, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა, რომლის აზრით, “ვერაფერი იზამს ის გეგმებს თუ ხრიკები, რასაც დღეს “ოცნება” ატრიალებს”, - დასძენს სტატიის ავტორი.

ფარული მობილიზაცია და გარღვევითი ტიპის ბრძოლების მომზადება - რა მიმართულებაზე შეუტევს რუსეთი უკრაინას

“ყველას ყურადღება უკრაინის ფრონტზე ახლა იმისკენ არის მიმართული, თუ რომელ მიმართულებაზე შეიძლება რუსეთმა კონტრშეტევა წამოიწყოს. ასეთ მიმართულებად კი ხარკოვს ასახელებენ. თუმცა “ომის შემსწავლელი ინსტიტუტი” ბოლო მოხსენებაში წერს, რომ შეტევის დროს რუსეთის არმიას შეეძლება შეტევითი მოქმედებების მხარდაჭერა არა უმეტეს ერთი ოპერატიული მიმართულებით. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ასეთი მიმართულება შეიძლება იყოს დონეცკის რეგიონის დასავლეთი, კერძოდ, ქალაქ ავდიივკას ტერიტორია. ინსტიტუტს მაგალითად მოჰყავს რუსული ძალების წარუმატებელი შეტევა, რომელიც 30 მარტს მოხდა სოფელ ტონენკოეს მახლობლად, რომელიც მდებარეობს ავდიივკას მახლობლად, როგორც მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთის არმიას შეუძლია თავისი ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირება იქ. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ამ ტერიტორიაზე უკრაინულმა ჯარებმა, როგორც ჩანს, მოახერხეს რუსული ჯარების მთელი მექანიზებული ბატალიონის თავდასხმის მოგერიება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ფარული მობილიზაცია და გარღვევითი ტიპის ბრძოლების მომზადება - რა მიმართულებაზე შეუტევს რუსეთი უკრაინას.

“უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, 30 მარტს ტონენკის მახლობლად, რუსეთის არმიამ ბრძოლაში გაგზავნა 36 ტანკი და 12 ქვეითი საბრძოლო მანქანა. “კვირას გამოქვეყნებული გეოლოკაციური კადრები გვიჩვენებს განადგურებული და დაზიანებული რუსული ჯავშანტექნიკის და ტანკების დიდ რაოდენობას გზის გასწვრივ, ტონენკოეს ჩრდილო-დასავლეთით”, - წერს “ომის შემსწავლელი ინსტიტუტი”, რომლის ექსპერტების აზრით, 30 მარტის თავდასხმის მასშტაბები მნიშვნელოვანი ფაქტია, ვინაიდან 2023 წლის ოქტომბერში ავდიივკაზე შეტევის დაწყების შემდეგ რუსეთის ძალებს არ მიუმართავთ მსგავსი ქმედებებისთვის. ანგარიშში აღნიშნულია, რომ უკრაინის მიერ ამ თავდასხმის მოგერიება არის “პოზიტიური მტკიცებულება, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ დაიცვან თავი რუსეთის მომავალი ფართომასშტაბიანი შეტევითი მოქმედებებისგან და მოსალოდნელი შეტევითი ოპერაციებისგან 2024 წლის ზაფხულში”. ანალიტიკოსების აზრით, ავდიივკას მახლობლად რუსული ძალების შეტევის მასშტაბები ვარაუდობს, რომ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ამ მიმართულებას პრიორიტეტულად მიიჩნევს და სწორედ აქ შეიძლება იყოს კონცენტრირებული მომავალი ზაფხულის შეტევა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რუსეთის არმიას შეეძლება განახორციელოს კონცენტრირებული და ფართომასშტაბიანი შეტევითი მოქმედებები მხოლოდ ერთი ოპერატიული მიმართულებით რუსეთის პერსონალის პრობლემებისა და დაგეგმვის შეზღუდვის გამო”, თვლიან ანალიტიკოსები. აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი კი მიიჩნევს, რომ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის პარტნიორობა ისევ ვითარდება და ჩრდილოეთ კორეა მხარს უჭერს კრემლს. ბრიფინგზე პეტაგონის პრესმდივნის მოადგილემ, საბრინა სინგმა თქვა, რომ პარტნიორობა იზრდება. “ჩვენ კვლავ ვხედავთ, რომ რუსეთი მიმართავს პარტნიორებს, როგორიცაა ჩრდილოეთ კორეა, ირანი, რათა გააგრძელოს მხარდაჭერის მიღება უკრაინაში ომისთვის. და, თქვენ იცით, ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით, რამდენი ხანიც არ უნდა დასჭირდეს”, - თქვა პენტაგონის წარმომადგენელმა. კითხვაზე, თუ რა სახის იარაღს იღებდა რუსეთი, სინგმა აღნიშნა, საუბარია სხვადასხვა იარაღის მიწოდებაზე. ამის პარალელურად კი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც საბრძოლო მოვალეობის შესრულების მობილიზაციის ასაკი 27-დან 25 წლამდე შემცირდება. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს. კანონპროექტის ინიციატორი უკრაინის მინისტრთა კაბინეტი იყო”, - განაგრძობს გამოცემა.

“მანამდე, 30 მაისს უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა გაწვევის მაქსიმალური ასაკის 25 წლამდე შემცირებას. შესაბამის გადაწყვეტილებას მხარი 304-მა პარლამენტარმა დაუჭირა. კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ამჟამად, სანამ უკრაინა საომარი მდგომარეობის პირობებში იმყოფება, არ არის საჭირო მოქალაქეების დიდი ხნით (27 წლამდე) დარჩენა წვევამდელთა სამხედრო რეესტრში. სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ რუსეთი კონტრშეტევისთვის ნამდვილად ემზადება და ქვეყნის შიგნით ფარული მობილიზაცია მიმდინარეობს. “რუსეთი ახლა შეტევისთვის ნამდვილად ემზადება და ამას რამდენიმე წინაპირობა აჩვენებს. მაგალითად ის ამ შეტევის წამოწყებას კერძო კომპანიების მეშვეობით აპირებს. აქ საუბარია “ვედიტზე”, “ვაგნერზე” და “პატრიოტზე”. სამივე მათგანი თავდაცვის სამინსტრომ დაიქვემდებარა. აქედან რეკრუტირება მიდის და ძალების კონცენტრაცია ხდება. ამიტომ აბსოლუტურად შესაძლებელია მაის-ივნისში რუსების კონტრშეტევა ვიხილოთ. ისინი უკვე ამზადებენ ე.წ. გარღვევითი ტიპის ბრძოლებს”, - მიიჩნევს მაისაია, რომლის თქმით, მაგალითად, ამას ცდილობენ კრემატოვსკი - სლავიანსკის მიმართულებით”, - დასძენს გამოცემა.

“მისივე თქმით, ეს კსაშუალებას მისცემთ დონეცკის ოლქის მთლიანი რეგიონის ოკუპაცია მოახდინონ. შემდგომში კი იოლად ლუგანსკის დარჩენილი ტერიტორიები დაიკავონ. რუსები შეეცდებიან უკრაინელებს შეუქმნან ბუფერული ზონა, რათა რუსეთის მოსაზღვრე ტერიტორიებზე რეიდები აღარ განახორციელონ. ეს არის ბელგოროდი, კურსკი და სხვა მიმდებარე ტერიტორიები. ანალიტკოსის თქმით, თუ რუსები ამას მიაღწევენ, ისინი უკვე ზაპოროჟიეს და ხერსონის მიმართულებაზე გადავლენ. “ამით კი ანექსირებულ ყირიმს სახმელეთო გზით რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიას დაუკავშირებენ. უკრაინის მხრიდან განცხადება, რომ ქალაქი ხარკოვი ძალიან დაცულია, ცოტა რეალობას არის მოკლებული. ასეთი ოპტიმისტური მე არ ვიქნებოდა, რადგანაც თუკი რუსები ალყაში მოაქცევენ და აღარ დაუშვებენ ხარკოვის აღების პირველ ეტაპზე დაშვებულ შეცდომებს, მაშინ ქალაქის დაცვა უკრაინელებს გაუჭირდებათ“, - თვლის მაისაია. მისივე გათვლით, თუკი აპრილ - მაისის განმავლობაში რუსებს ეს ჩანაფიქრი გამოუვიდათ, მაშინ ხარკოვის დაკავების პრობლემა არ იქნება. ანალიტიკოსი ამბობს, რომ რუსებს შესაძლოა დანაკარგი ჰქონდეთ, მაგრამ ამას მაინც გარისკავენ”, - წერს სტატიის ავტორი.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ