არჩილ თალაკვაძე - ქვეყნის საგარეო კურსთან მოდის წინააღმდეგობაში დამოკიდებულება, რომელიც სალომე ზურაბიშვილს აქვს, ეს გახლავთ არგუმენტაცია, რის გამოც მთავრობის თანხმობა ლიეტუვაში ვიზიტზე არ არის - ამაში სენსაციური და საკამათო არაფერია

ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსთან მოდის წინააღმდეგობაში ის დამოკიდებულება, განცხადებები და შეფასებები, რომელიც სალომე ზურაბიშვილს აქვს და რომელიც მას არაერთხელ დაუფიქსირებია საერთაშორისო ვიზიტებშიც. შესაბამისად, ეს გახლავთ არგუმენტაცია, რის გამოც მთავრობის თანხმობა ამ ვიზიტზე არ არის , - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე საქართველოს მთავრობის მიერ, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის ლიეტუვაში ვიზიტზე უარის თქმას.

თალაკვაძის თქმით, პრემიერ-მინისტრმა ამ შემთხვევაში იმოქმედა კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში, წესების სრული დაცვით.

მისივე შეფასებით, ამაში არაფერი სენსაციური და საკამათო არ არსებობს.

“პრემიერ-მინისტრმა ამ შემთხვევაში იმოქმედა კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში, წესების სრული დაცვით. კანონმდებლობა სწორედ მას ანიჭებს უფლებას, რომ თანხმობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს. შესაბამისად, ამაში არაფერი სენსაციური არ არის და არავითარი საკამათო არ არსებობს.

რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, მას შემდეგ რაც სალომე ზურაბიშვილმა არაერთ ეთერში თუ საერთაშორისო პლატფორმაზე დასვა კითხვები, იმსახურებდა თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს, ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ის დემოკრატიული რეფორმები, რომელიც საქართველომ გაატარა ევროინტეგრაციის პროცესში და რაზეც ბრიუსელში ევროკავშირის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა, ასევე “ნატოს” გენერალურმა მდივანმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე პირდაპირ თქვეს, რომ საქართველო მიდის სწორი მიმართულებით. რა საკვირველია ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსთან მოდის წინააღმდეგობაში ის დამოკიდებულება, განცხადებები და შეფასებები, რომელიც სალომე ზურაბიშვილს აქვს და რომელიც მას არაერთხელ დაუფიქსირებია საერთაშორისო ვიზიტებშიც. შესაბამისად, ეს გახლავთ არგუმენტაცია, რის გამოც მთავრობის თანხმობა ამ ვიზიტზე არ არის”, - აღნიშნა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ლიეტუვაში ვიზიტზე უარი უთხრა. პრეზიდენტმა მთავრობას ლიეტუვის რესპუბლიკაში, ქალაქ ვილნიუსში სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით 2024 წლის 27 მარტს მიმართა.

როგორც მთავრობის განკარგულებით ხდება ცნობილი, სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში სამუშაო ვიზიტს 10-12 აპრილს გეგმავს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს