საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მასშტაბური ახალგაზრდული ფესტივალისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, მასშტაბური ახალგაზრდული ფესტივალისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს ვახტანგ ბააკაშვილს, ახალგაზრდული ფესტივალის კოორდინატორს ეკატერინე ცვარიანსა და სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები ფესტივალში ოთხივე მიმართულებით - სპორტი, კულტურა, ინტერმედია, მოხალისეობა - ჩაერთვებიან.

შეხვედრაზე, ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგნელებმა ფესტივალის მრავალფეროვანი მიმართულებების შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს და სტუდენტებს დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია სხვადასხვა აქტივობაში მათი ჩართულობის შესაძლებლობის შესახებ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, უნივერსიტეტი სტუდენტებს აქტიურ მხარდაჭერას უცხადებს.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს ყველა შესაძლებლობა ფესტივალზე საინტერესო პროგრამა წარადგინოს, მით უმეტეს, რომ უნივერსიტეტი ყოველწლიურად წარმატებით მონაწილეობს სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო ფესტივალებში, კონკურსებსა და ოლიმპიადებში. ასევე, უნივერსიტეტში ყოველწლიურად ტარდება შიდა საუნივერსიტეტო სტუდენტური ოლიმპიადები. „ახალგაზრდული ფესტივალი - 2024“ უპრეცედენტოდ მასშტაბური ღონისძიებაა. შესაბამისად, უფრო მეტ ახალგაზრდას მიეცემა საკუთარი შემოქმედებითი და სპორტული პოტენციალის გამოვლენის საშუალება. თითოეულ ფაკულტეტზე გაიმართება შიდა შერჩევითი ტურები, გამოვლინდებიან საუკეთესოები, რომლებიც ფესტივალზე უნივერსიტეტის პრესტიჟს დაიცავენ. აღსანიშნავია, რომ წელს ფესტივალის თემატიკა, გასულ პერიოდთან შედარებით, მრავლისმომცველია, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს განათლების, მეცნიერების, ინოვაციების პოპულარიზაციას შეუწყონ ხელი. ფესტივალის ორგანიზატორები და მხარდამჭერები - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ახალგაზრდობის სააგენტო, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაცია ახალ თაობაში სოციალურ პასუხისმგებლობასა და მოქალაქეობრივი თვითშეგნების განვითარებაზე აკეთებენ აქცენტს, რაც მისასალმებელია და რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს გიორგი ამილახვარს, სწორედ მისი ინიციატივით ეძლევა მომავალ თაობას უკეთ წარმოაჩინონ საკუთარი თავი, რაც თავის მხრივ, სტუდენტების მოტივაციას ზრდის. მადლობა მინისტრის მოადგილეს, ნოდარ პაპუკაშვილს, ფესტივალის მხარდამჭერებს, ორგანიზატორებს და წარმატებები მონაწილეებს. დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ფესტივალზე წარმატებით წარსდგება, გამარჯვებას ვუსურვებ ჩვენს სტუდენტებს”, - აცხადებს დავით გურგენიძე.

უნივერსიტეტის ცნობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ფესტივალზე წარადგენენ: ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერანი“, იუზა კუბლაშვილის სახელობის ვაჟთა სახალხო კაპელა, მუსიკალური ჯგუფი "მარე" და - შემოქმედებითი ჯგუფი “Music Art House”, მუსიკალური ჯგუფები და ბენდები, სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ მსახიობები, ასევე, ფორმირების პროცესში მყოფი სტუდენტთა საუნივერსიტეტო თემატური გაერთიანებები, რომლებიც საფესტივალო შეჯიბრებებში საგანმანათლებლო-ინტელექტუალური, ინტერმედიისა და მოხალისეობის მიმართულებით ჩაერთვებიან.

ინფორმაციისთვის: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით, 2024 წელს მასშტაბური ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართება, რომელშიც საქართველოს ყველა უნივერსიტეტიდან 25 000-მდე სტუდენტი ჩაერთვება. ფესტივალი მოიცავს: უნივერსიტეტებს შორის სპორტული ტურნირების ჩატარებას, კულტურული და შემოქმედებითი ღონისძიებების გამართვას, ინტერმედიას - რაც გულისხმობს საუნივერსიტეტო თეატრებს შორის კონკურსის ჩატარებას, მოხალისეობრივ აქტივობებსა და STEM კონკურსს, რომელიც საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით სხვადასხვა აქტივობაში მიიღონ მონაწილეობა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი