ირაკლი ნადარეიშვილი - კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება - რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება

როდესაც ვსაუბრობთ სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, ეს არის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალ დონეზე განვითარებული საბანკო სექტორი, მაგრამ ჩანასახოვან მდგომარეობაში მყოფი კაპიტალის ბაზარი გვაქვს. ამავე დროს, ბიზნესს და ეკონომიკას სჭირდება როგორც კაპიტალის მოზიდვის, ასევე ინვესტირების დივერსიფიცირებული და სხვადასხვა რისკის პროფილის მქონე ინსტრუმენტი. რომ შევედაროთ განვითარებულ ქვეყნებს, მაგალითად, აშშ-ში კაპიტალის ბაზრის ზომა მშპ-ს აჭარბებს დაახლოებით 150 %-ით, პოლონეთში ეს მაჩვენებელი 40 %-ს შეადგენს, ჩვენ ვსაუბრობთ, დღევანდელი მოცემულობით, 5-6 %-ზე საქართველოში, თუმცა, არაერთგზის ითქვა, რომ საქართველოში კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რაც აშკარა და დათვლადია, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ირაკლი ნადარეიშვილმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში „მარეგულირებელი გარემო“, რომელიც საპენსიო სააგენტოს 2023 წლის და ბოლო 5 წლის საინვესტიციო საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში გაიმართა.

როგორც ნადარეიშვილმა აღნიშნა, კაპიტალის ბაზრის რეფორმა, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს, ახალ აქტიურ ფაზაში შედის.

მისი შეფასებით, ამის მყარ საფუძველს წარმოადგენს ის საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში შეიქმნა.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, შარშან მაგალითად, გაორმაგდა სავალო ფასიანი ქაღალდების ბაზარი, რაც პირდაპირი ინდიკატორია რომ ბაზარი სწრაფ განვითარებას იწყებს.

„გასულმა წელმა გვაჩვენა, რომ საკმაოდ მარტივი ინტერვენციით არის შესაძლებელი ამ ბაზრის სტიმულირება - დაახლოებით ორ კვირაში დაიწყება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ახალი პროგრამა, რომლის მიზანია ბიზნესისთვის ალტერნატიულ ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება და კაპიტალის ბაზრის ხელშეწყობა ფასიანი ქაღალდების განთავსების სტიმულირების გზით. ასევე, წელს პარტნიორებთან ერთად უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა წილობრივი საინვესტიციო ფონდების შექმნის ხელშეწყობაზე, რომლებიც, შეიძლება, გახდეს მნიშვნელოვანი საინვესტიციო ინსტრუმენტი საპენსიო ფონდისთვის“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პორტფელებში მობილიზებული კაპიტალის ზრდასთან ერთად, კიდევ უფრო დაიხვეწოს და გაუმჯობესდეს საპენსიო ფონდის მმართველობითი სისტემა, მათ შორის მართვაში პროფესიონალური კომპონენტის გაძლიერების გზით.

„ჩვენ საპენსიო ფონდს და სააგენტოს ვუყურებთ, როგორც მზარდ ორგანიზმს. პარტნიორებთან და კოლეგა უწყებებთან ერთად ვმუშაობთ და ვფიქრობთ, რომ წელს პარლამენტს წარვუდგენთ კონკრეტულ ინიციატივებს, რაც ხელს შეუწყობს უფრო ეფექტური მართვის მოდელის ჩამოყალიბებას. ჩვენ ასევე განვიხილავთ, რომ ეროვნული ბანკი იყოს არა მხოლოდ საინვესტიციო ნაწილის, არამედ მთლიანი საპენსიო სქემის ზედამხედველი“,- აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ