რატი იონათამიშვილი - შეზღუდული შესაძლებლობის თემის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის დაუშვებელია - შეუძლებელია გამჭვირვალობის წინააღმდეგი ვიყოთ, თუ ვინმე პოზიტიურ კონტრიბუციას ახორციელებს

შეზღუდული შესაძლებლობის თემის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის არის დაუშვებელი და ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ცხადია, ეს ინიციატივა არანაირ პროექტს, არანაირ მხარდაჭერას ხელს არ შეუშლის, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი შშმ პირების განცხადებას, რომლებმაც მოუწოდეს „ქართულ ოცნებას", არ მიიღონ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ შესახებ ინიცირებული კანონპროექტი.

იონათამიშვილის განცხადებით, შეუძლებელია საზოგადოება გამჭვირვალობის წინააღმდეგი იყოს, მით უმეტეს, როდესაც ვინმეს პოზიტიური წვლილი შეაქვს ნებისმიერი, მათ შორის, შშმ პირების გაძლიერების მიმართულებით.

„შეუძლებელია, ჩვენ გამჭვირვალობის წინააღმდეგი ვიყოთ და გამჭვირვალეობას არ ვუჭერდეთ მხარს. მით უმეტეს, თუ ვინმე ახორციელებს პოზიტიურ კონტრიბუციას ნებისმიერი მიმართულებით, მათ შორის, შშმ პირთა გაძლიერების მიმართულებით, ამის გამჭვირვალეობის ინტერესი არ ჰქონდეს ნებისმიერ აქტორს. პირიქით, ეს ჩვენი საერთო ინტერესი უნდა იყოს და საზოგადოება მადლობასაც კი ეტყვის ნებისმიერს, ვინც ამ მხრივ პოზიტიურ წვლილს აფიქსირებს”, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ნაწილი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ შესახებ ინიცირებულ კანონპროექტს ეწინააღმდეგება. ამ საკითხზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა და მათმა წარმომადგენლებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ აღნიშნული კანონი დააზიანებს არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას, არამედ მთელ მოსახლეობას, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. მათი აზრით, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში ისინი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებს ვეღარ მიიღებენ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს