მიხეილ სააკაშვილი - მოსკოვის ინტერესი აქ დღესავით ნათელია - როგორც ძაღლი მოინიშნავს ხოლმე თავის ტერიტორიას, ასევე იყენებს კრემლი ამ კანონს თავისი სამფლობელოს შემოსაღობად

მოსკოვის ინტერესი აქ დღესავით ნათელია. როგორც ძაღლი მოინიშნავს ხოლმე თავის ტერიტორიას, ასევე იყენებს კრემლი ამ კანონს თავისი სამფლობელოს შემოსაღობად,- ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დაინიცირებას.

სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ საზოგადოებამ უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი ამჯერად, აღნიშნული კანონის მისაღებად ბევრად მეტ ძალადობასა და რეპრესიებს მიმართავს.

„სინამდვილეში რა მოხდა - იმ დღეს, როდესაც ყირგიზეთმა “რუსული კანონი” მიიღო, ივანიშვილს ურეკში მოსკოვიდან გამოგზავნილი კურიერი შეხვდა. ივანიშვილმა იმავე საღამოსთვის დანიშნა "ოცნების" პოლიტსაბჭო.

ის თბილისში ჩამოფრინდა, დაელოდა მეორე დღეს „რუსული კანონის“ ხელახლა შემოტანის დაანონსებას, რის შემდეგაც თბილისიდან დემონსტრაციულად გაფრინდა. ოღონდ, გამოცხადებისას ხაზი გაესვა, რომ ივანიშვილი კანონის მიღებაში აქტიურად იყო ჩართული - ესეც, რა თქმა უნდა, მოსკოვის გასაგონად.

მოსკოვის ინტერესი აქ დღესავით ნათელია. როგორც ძაღლი მოინიშნავს ხოლმე თავის ტერიტორიას, ასევე იყენებს კრემლი ამ კანონს თავისი სამფლობელოს შემოსაღობად.

აი, ივანიშვილისთვის კი, ეს უდიდესი რისკია. მას იმედი აქვს, რომ უკიდურეს ძალადობას მიმართავს, მაინც გაიტანს ამ კანონს და პარალელურად დააჩმორებს ქართულ საზოგადოებას. ეს მისთვის სწორედაც, რომ ქართული საზოგადოების დაჩმორების კანონია.

უნდა გვესმოდეს და ვემზადოთ იმისთვის, რომ ამჯერად ივანიშვილი ბევრად მეტ ძალადობასა და რეპრესიებს მიმართავს, ვინაიდან ეს მისთვის გენერალური ბრძოლაა, ეს კი უკიდურეს არეულობას გამოიწვევს. ჩვენ არ უნდა გავატანინოთ კანონი და არ უნდა ავარევინოთ.

ახლა ხანდახან მესმის მოტივი -„მიუხედავად იმისა, გაიტანს კანონს თუ არა, მაინც არჩევნებზე გადაწყდება ყველაფერი”. აქ სულ უნდა გვახსოვდეს, რომ თუ კანონის წინააღმდეგ პროტესტმა შედეგი არ გამოიღო, ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ არჩევნებისთვის თავიდან აიცილებს ელექტორალურ რევოლუციას, ვინაიდან საზოგადოება უკვე დემოტივირებული იქნება.

სწორედ ამიტომ, ოლიგარქის დამარცხების გასაღები მობილიზაციაში, ერთიანობასა და სიმტკიცეშია“, - განაცხადა სააკაშვილმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
რამაზ საყვარელიძე - ყველაფერს აჯობებს, ოპოზიციამ თავი რომ დაანებოს უბორბლებო, ანუ უშედეგო ველოსიპედის გამოგონებას
საჩუქარი ლოქერის მომხმარებლებს - ინოვაციური ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ყოველთვის სარგებლიანი შეთავაზებები PSP-სგან
24 აპრილს Touch Plarform-ის ორგანიზებით თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
„არდი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი - „არდის“ და Liv Hospital Group-ის სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორის განვითარებისთვის