ლაშა ხუციშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტზე - სათაურის გარდა სხვა არაფერზე მოგვისმენია არგუმენტი - სათაურს უნდა გავცდეთ და საუბარი შინაარსზე დავიწყოთ

ამ ერთი კვირის განმავლობაში, სათაურის გარდა სხვა არაფერზე მოგვისმენია არც არგუმენტი, არც საუბარი, - ასე გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

როგორც ხუციშვილი განმარტავს, დისკუსიები კონკრეტულ რეგულაციებთან მიმართებაში უნდა შედგეს და არა ზოგადად.

„საუბარი აგენტის იარლიყის მიწებებაზე არ არის. ვფიქრობ, ამ ნაწილში მნიშვნელოვანია ის, რომ სათაურს გავცდეთ და საუბარი შინაარსზე დავიწყოთ, მათ შორის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. ვნახოთ კანონპროექტის შინაარსი და თუ რამე მუხლი არის, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს არასამთავრობო სექტორს, ან მედიას, ბუნებრივია, დისკუსია უნდა გაიმართოს ამ მუხლებზე. ამ ერთი კვირის განმავლობაში, სათაურის გარდა სხვა არაფერზე მოგვისმენია არც არგუმენტი, არც საუბარი. მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულ მუხლთან, რეგულაციასთან მიმართებაში, თუ არსებობს რისკი, ან ფაქტორი, რომ რამე შეფერხება, ან საფრთხე შეიძლება ჰქონდეს რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციას, ან რომელიმე მედიას, ბუნებრივია, დისკუსია ამაზე უნდა იყოს წარმართული და ამ დისკუსიისთვის არის პარლამენტი, სადაც აღნიშნული კანონპროექტის ინიცირება მოხდა. ბუნებრივია, წარმოდგენილი უნდა იყოს არგუმენტები, მსჯელობა უნდა იყოს კონკრეტულ მუხლებზე, კონკრეტულ რეგულაციებთან მიმართებაში და არა ზოგადად.

მათ შორის, ჩვენი პარტნიორები, თუ ხედავენ რომელიმე პუნქტს ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელმაც საფრთხე შეიძლება რომელიმე ტიპის დაფინანსებას შეუქმნას, მნიშვნელოვანია, ამაზე ვიმსჯელოთ და არამხოლოდ სათაურზე... თვითონ კანონპროექტი ანგარიშგების გამოქვეყნებას ითვალისწინებს, შესაბამისად, ანგარიშგების გამოქვეყნება ვერ იქნება ამა თუ იმ საქმიანობის შემზღუდველი, ანგარიშგებას აქვეყნებენ კომერციული ორგანიზაციებიც“, - განაცხადა ხუციშვილმა.

კითხვაზე, რამდენად კითხულობენ მხოლოდ სათაურებს ევროპარლამენტარები, რომლებიც აღნიშნულ კანონპროექტთან მიმართებაში შეშფოთებას გამოთქვამენ, ხუციშვილმა უპასუხა, რომ „შინაარსზე უნდა იყოს მსჯელობა“.

„ყოველ შემთხვევაში, თქვენ მოისმინეთ კონკრეტულ რეგულაციასთან დაკავშირებით განცხადებაში რამე რომ ეწეროს? მე ვერ წავიკითხე. იმ განცხადებებში, რომელიც მოისმინეთ თქვენც და ჩვენც, რამე კონკრეტული რეგულაცია მითითებულია, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას? შესაძლებელია მომდევნო პერიოდში იყოს წარმოდგენილი და მსჯელობა იყოს, მათ შორის, მსჯელობა საქართველოს პარლამენტში გაიმართება, თუმცა, ჩემი მოწოდება იქნება ყველა ადამიანის მიმართ, ვინც აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით ღელავს, უფრო შინაარსზე იყოს მსჯელობა, თუ რა არის მიუღებელი აღნიშნულ კანონპროექტთან მიმართებაში და შესაბამისად, ამაზე წარიმართოს, ესა თუ ის რეგულაცია რამე ფორმით შეზღუდავს თუ არა რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის, ან მედიის საქმიანობას“, - განაცხადა ხუციშვილმა.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს